№ბს-885-867(კ-12) 4 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი – გ. კ-ა
წარმომადგენლები – ლ. ქ-ა; კ. პ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი – ვ. ჯ-ა
მესამე პირი – რ. ბ-ი
წარმომადგენელი – ფ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 6 თებერვალს გ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად რ. ბ-ი მიუთითა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 6 ივლისს საკუთრებაში მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი დის - მ. ქ-ას კუთვნილი ქ. ზუგდიდში ... ქ. №61-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ტექ. პასპორტში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფართი შეადგენდა 756 კვ. მეტრს, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფართი გახლდათ 642 კვ.მ.
მოსარჩელემ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს; წარადგინა საკადასტრო ნახაზი და სათანადო დოკუმენტაცია. 2011 წლის 29 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში.
2012 წლის 13 იანვარს გ. კ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის №7637 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 12 ივლისიდან გ. კ-ას საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ქ. ზუგდიდში ... ქ. №61-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით 642 კვ.მ. (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, განაშენიანების ფართი - 126.92 კვ.მ.) საკადასტრო კოდით №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2011 წლის 6 ივლისის სამკვიდრო მოწმობა №110695629. მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია და სადავოდ არ გაუხდია მიწის ნაკვეთის მოცულობა, 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო მარეგისტრირებელ ორგანოში და რეგისტრაციის დროს არ დაფიქსირებულა ზედდება სხვა მიწის ნაკვეთთან.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელ მხარესაც დაფიქსირდა ზედდება, ეკუთვნოდა რ. ბ-ს, რომელმაც 2009 წლის 24 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მემკვიდრეობით მიიღო მოცემული უძრავი ქონება მდებარე ქ. ზუგდიდში, ... ქ. №59-ში, დაზუსტებული ფართობით 795 კვ.მ., საკადასტრო კოდით #.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №81 განკარგულება და სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის დროს ზედდება არ დაფიქსირებულა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, გ. კ-ას წარმომადგენელმა 2011 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ზუგდიდში, ... ქ. №61-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარადგინა: წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 2012 წლის 13 იანვარს გ. კ-ას წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების მქონე სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მეორე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოების წესსა და პირობებს არეგულირებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“, რომლის მე-8 მუხლი განსაზღვრავს საკადასტრო კოდის, საკადასტრო გეგმის და საკადასტრო რუკის მნიშვნელობას რეგისტრაციისათვის, რომლის თანახმადაც საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობის შესახებ ძალაში არსებულ მონაცემებს. საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატორო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხოლო საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. ამდენად, რაიონული სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით განხორციელდა იმ დროისათვის მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ას საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ზუგდიდში, ... ქ. №61-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით 642.00 კვ.მ., ხოლო რ. ბ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზუგდიდში, ... ქ. №59-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით 795.00 კვ.მ. ასევე დადგენილ იქნა, რომ რ. ბ-ის მიერ ქონების რეგისტრაციისას წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საკადასტრო გეგმა. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხალმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა - რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ას არც ამ სარჩელის და არც სხვა სამართალწარმოების ფარგლებში არ მოუთხოვია იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლებიც საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ სადავო გადაწყვეტილებას. მოსარჩელეს ასევე სადავოდ არ გაუხდია ის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრა რ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართობის ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები. მანვე მოახდინა ინდივიდუალური საკუთრების იდენტიფიცირება და მისი ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკში. დავის საგანს არ წარმოადგენდა ის სამართლებრივი აქტები, რომლებმაც წარმოშვა რ. ბ-ის საკუთრების უფლება და რომელთა საფუძველზედაც დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის შემდეგ სახეზე იყო ორი პიროვნების ცალ-ცალკე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა. ასევე კანონიერ ძალაში იყო ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სარეგისტრაციო ჩანაწერები, რომლებიც განხორციელდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი არ გაუქმებულა და ნაკვეთი რაიმე ფორმით არ გასხვისებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მაშასადამე, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, რაიონული სასამართლოს მსჯელობით, სახეზე იყო დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი 2 პირის საკუთრების უფლება, რომელთა მიმართაც მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მათგან ერთ-ერთის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციამ კი გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ მოთხოვნილი მონაცემების დარეგისტრირება.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიზანია განხორციელდეს უძრავ ნივთზე გ. კ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა, რადგან მისივე განმარტებით, მას 144 კვ.მ. ჩამოეჭრა უკანონოდ და იგი არასწორი დოკუმენტაციის საფუძველზე მითვისებული აქვს რ. ბ-ს.
საჯარო რეესტრის სამსახურისადმი სასარჩელო მოთხოვნის მოტივაციისა და მიზნის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, ხოლო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი - საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-17 მუხლი და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავით (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება) განსაზღვრული ნორმები.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არ მიუთითა ჩანაწერის განხორციელების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა. მოსარჩელე მხარის მითითება იმაზე, რომ რ. ბ-ს არასწორი დოკუმენტაციის საფუძველზე მითვისებული აქვს 144 კვ.მ. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს არც სარეგისტრაციო სამსახურისათვის და არც სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დოკუმენტის უსწორობის დამადასტურებელი მტკიცებულება - არ შეიძლებოდა გამხდარიყო რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების შეტანის საფუძველი. რ. ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების უზუსტობის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს (მოსარჩელეს) წარმოეშობოდა უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს - ვალდებულება, შეეტანა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს უფლების დამადასტურებელი საბუთის ბათილად ცნობის შესახებ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება, ითვლება, რომ ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისადმი გ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. რაიონულმა სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის №7637 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე გ. კ-ას წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა; ხოლო განსახილველი საქმის წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის დასრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება და დასკვნები საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №024343-2012/07/4 დასკვნით დადგენილია შემდეგი გარემოებები: გ. კ-ა ფაქტობრივად ფლობდა 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთს; რ. ბ-ი კი - 870 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. რ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული 795 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღწერილი გახლდათ ა. ქ-ის სახელზე შედგენილ 1989 წლის 15 დეკემბრის ტექ.პასპორტის მონაცემებში, რომლის მიხედვითაც იგი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, .. ... ქ. №61-ში. რ. ბ-ის სახელზე გაცემულ საკადასტრო-აზომვით ნახაზში (დამზადებულია ინდ. მეწარმე „გ. ქ-ას“ მიერ) და ა. ქ-ის 1989 წლის 15 დეკემბრის ტექ.პასპორტში მოცემული ფართის ზომები და ფართობები არ დაემთხვა ერთმანეთს. დ. ქ-ის (რ. ბ-ის მამკვიდრებლის) მიერ მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 795 კვ. მეტრს მისასვლელი გზის გარეშე. გ. კ-ას მამკვიდრებლის 1988 წლის 15 ივნისის ტექ.პასპორტში მოცემული 756 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის დროს კი გადაფარვა მოხდა ქ-ას ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში რ. ბ-ის ნაკვეთის ქუჩასთან დამაკავშირებელ ზოლთან. აღნიშნული გადაფარვის ფართი შეადგენდა 144 კვ. მეტრს. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით რ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ 795 (ფაქტობრივი ფლობა 804 კვ.მ.-ზე) კვ.მ. მიწის ნაკვეთში შედიოდა 144 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საქმეში არსებულ დოკუმენტებში მოცემული ნაკვეთების კონფიგურაციები და ზომები განსხვავდებოდა ფაქტობრივად რ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამისი მონაცემებისაგან.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მართალია, 1988 წლის 15 ივნისის ტექნიკური პასპორტით გ. ქ-ას სარგებლობაში აღრიცხული იყო ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა (ამჟამინდელი... ქუჩა )№61-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მასზე დამაგრებული 756 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაგრამ მოგვიანებით მისმა მემკვიდრეებმა ფაქტობრივად მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში მიიღეს საცხოვრებელ სახლთან ერთად მიწის ნაკვეთი 641 კვ.მ., რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაადასტურა მ. ქ-ას სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემით. მითითებული საკუთრების მოწმობა გახდა 641 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. ქ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და ამ უკანასკნელს რეგისტრირებული მონაცემების მიმართ დავა არ უწარმოებია. იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით გ. კ-ამ მ. ქ-ასაგან და იგი საკუთრების უფლებით აღრიცხა თავის სახელზე. ექპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ სადავო 144 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედიოდა არა მ. ქ-ასა და შემდგომში გ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობში, არამედ იგი შედიოდა რ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ 795 (804) კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ას თავის საკუთრებად რეგისტრირებული ჰქონდა და ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთის იმ ოდენობას, რაც მან მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდრო მოწმობით. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობდა, რადგან არ დადასტურდა გ. კ-ას მართლზომიერი ფლობის უფლება სხვა მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, სადავო 144 კვ. მეტრზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრემ - გ. კ-ამ მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი იმ სახით, რა სახითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და ფაქტობრივი ფლობით არსებობდა მ. ქ-ასთან (მამკვიდრებელთან).
ამდენად, მოსარჩელის პრეტენზია სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების განხორციელების გზით დამატებით 144 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის გამოკვლევის შედეგები, რითაც ცალსახად დასტურდებოდა საჯარო რეესტრისა და რ. ბ-ის უკანონო ქმედებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 18 აპრილს, 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 6 ივლისს გ. კ-ამ მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილი დის - მ. ქ-ას საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდში ... ქ. №61-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად. მოსარჩელის მტკიცებით, საკუთრების ტექ. პასპორტში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფართი შეადგენდა 756 კვ. მეტრს, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფართი გახლდათ 642 კვ.მ. შესაბამისად, მოსარჩელემ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საკადასტრო ნახაზი და სათანადო დოკუმენტაცია. 2011 წლის 29 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვარი იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. 2011 წლის 12 ივლისიდან გ. კ-ას საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ქ. ზუგდიდში ... ქ. №61-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით 642 კვ.მ., საკადასტრო კოდით №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2011 წლის 6 ივლისის სამკვიდრო მოწმობა №110695629. მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია და სადავოდ არ გაუხდია მიწის ნაკვეთის მოცულობა, 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო მარეგისტრირებელ ორგანოში და რეგისტრაციის დროს არ დაფიქსირებულა ზედდება სხვა მიწის ნაკვეთთან. ასევე, მოსარჩელის საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელ მხარესაც დაფიქსირდა ზედდება ეკუთვნოდა რ. ბ-ს, რომელმაც 2009 წლის 24 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მემკვიდრეობით მიიღო მოცემული უძრავი ქონება მდებარე ქ. ზუგდიდში, ... ქ. №59-ში დაზუსტებული ფართობით 795 კვ.მ., საკადასტრო კოდით №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №81 განკარგულება და სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის დროს ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 13 იანვარს გ. კ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას და სასარჩელო მოთხოვნაც ჩამოყალიბებული აქვს იმგვარად, რომ იგი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის №7637 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. კ-ას არც მოცემული სარჩელის და არც სხვა სამართალწარმოების ფარგლებში არ მოუთხოვია იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლებიც საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსარჩელეს ასევე სადავოდ არ გაუხდია ის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრა რ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართობის ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები. დავის საგანს არ წარმოადგენდა ის სამართლებრივი აქტები, რომლებმაც წარმოშვა რ. ბ-ის საკუთრების უფლება და რომელთა საფუძველზეც დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციის შემდეგ სახეზე იყო ორი პიროვნების ცალ-ცალკე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა. ასევე კანონიერ ძალაში იყო ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სარეგისტრაციო ჩანაწერები, რომლებიც განხორციელდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი არ გაუქმებულა და ნაკვეთი რაიმე ფორმით არ გასხვისებულა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ-ამ ვერ დაასაბუთა რ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის უკანონობა. მოსარჩელის მტკიცებით, რ. ბ-ს არასწორი დოკუმენტაციის საფუძველზე მითვისებული ჰქონდა 144 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა მას არც სარეგისტრაციო სამსახურისათვის და არ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული კონკრეტული დოკუმენტის უსწორობის (ბათილად ცნობის ან არარად აღიარების) საფუძვლები, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება და ამასთან, ძალაშია რ. ბ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს რ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აგრეთვე, დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. ამდენად, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ როგორც გ. კ-ას, ასევე, რ. ბ-ს საკუთრებაში გააჩნიათ მათ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იმ ოდენობითა და მოცულობით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. კ-ამ დავა არასწორად წარმართა და სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად ჩამოაყალიბა, რომ დავა გაგრძელდა არა ზედდებასთან დაკავშირებით, არამედ, თავად წარმოების შეჩერების შესახებ მიღებულ აქტთან მიმართებაში. მოსარჩელე მხოლოდ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის №7637 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს და არა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. კ-ას მიერ წარმოებული დავა სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება მისთვის, რადგან სადავოდ ქცეული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გ. კ-ას კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საინდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე ნორმის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №882011625988-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 იანვრის №7637 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გ. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე