# bs-892-874 (k-12) 16 ivlisi, 2013 weli
q.Tbilisi
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი -ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; ნ. ი-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2012 წლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-მა 2011 წლის 17 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის და ნ. ი-ის მიმართ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის #882009109-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზის კოორდინატთა სისტემაში ქ.ქობულეთში, ... #...-ში მდებარე, ნ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმართ განხორციელებული ცვლილებების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ბ-ისაგან შეიძინა ქ.ქობულეთში, ... №...-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც გამიჯვნის შედეგად გ. ბ-ის სახელზე აღირიცხა შემდეგი მონაცემებით: მიწის ნაკვეთი №გ 111 კვ.მ. მასზე არსებული 120 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლით. სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების მიზნით 2011 წლის 30 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ ნ. მ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ამავე მისამართზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის - ნ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული რეგისტრაცია (2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება) დაეფუძნა შპს „...” მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზს. რეალურად ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული მონაცემები განსხვავდება შპს „...“ მიერ შესრულებულ ნახაზზე ასახული მონაცემებისაგან. აღნიშნული ხელს უშლის მოსარჩელეს დაზუსტებული მონაცემებით დაირეგისტრიროს მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაც გამიჯვნის შემდეგ დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხული იყო ჯერ გ. ბ-ის, შემდეგ ნ. მ-ის საკუთრებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ქობულეთში, ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს: ნ. ი-ეს, გ. ბ-ეს და ნ. ა-ეს შორის 2007 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი გაიყო ინდივიდუალურ წილებად ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით შპს „...“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებისა და შპს „...“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით 2007 წლის 17 დეკემბერს ნ. ი-ის საკუთრებად დარეგისტრირდა: ქ. ქობულეთში, ... #...-ში მდებარე დაუზუსტებელი 374 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართობით - 102.2 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...); გ. ბ-ის საკუთრების უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართობით 111.0 კვ.მ და მასზე განთავსებულ სახლზე, სასარგებლო ფართობით 120.25 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...). ეს უკანსკნელი უძრავი ქონება 2008 წლის 08 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ბ-ემ მიჰყიდა ნ. მ-ს. თავის მხრივ შემძენმა 2008 წლის 22 ოქტომბერს საკუთრებად დაირეგისტრირა ქ.ქობულეთში ... #...-ში მდებარე დაუზუსტებელი 111 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 120.25 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად სცნო ის გარემოება, რომ ნ. ი-ის 2009 წლის 16 აპრილის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის #882009109286-03 გადაწყვეტილებით ნ. ი-ის მოთხოვნა ფართობის დაზუსტების შესახებ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრში ნ. ი-ის საკუთრებად დარეგისტრირდა დაზუსტებული ფართობი 373.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 102.2 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...). თავის მხრივ 2011 წლის 30 სექტემბერს ნ. მ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა შპს „ა...“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ქ.ქობულეთში ... ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 სექტემბრის №882011479893-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო 2011 წლის 31 ოქტომბრის №882011479893-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (საჯარო რეესტრში ნ. ი-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და სარეგისტრაციო მონაცემებს შორის არსებული ზედდების გამო, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიის) წარუდგენლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგიტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ოქტომბრის №155725 წერილითა და საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის №882009109286-03 გადაწყვეტილებით ნ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტება მოხდა სწორედ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მომზადებული იმ აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის მიხედვით, რომლითაც თავის დროზე განხორციელდა მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მესაკუთრეებს - ნ. ი-ეს, გ. ბ-ესა და ნ. ა-ეს შორის და რომლის სისწორე მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული, შპს „ა...“ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის განმარტებაზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ”ა...” მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება შპს ”...” მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილ აზომვით ნახაზს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-3 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი. ასევე მიუთითა ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის, კერძოდ, ნ. ი-ის საკუთრებად რეგიტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტების დროს დაყრდნობოდა მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელიც აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის №882009109286-03 გადაწყვეტილების უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისა და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოთხოვნა ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზის კოორდინატთა სისტემაში ნ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმართ განხორციელებული ცვლილებების გაუქმების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებულია სრულყოფილად. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საფუძვლიან პრეტენზიას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დატოვებულიყო უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება ნ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ი-ის დაზუსტებული მონაცემებით ასახული საკადასტრო მონაცემების ურთიერთგამიჯვნის შედეგად დადგენილ საკადასტრო მონაცემებთან სხვაობა გამოწვეულია ნ. ი-ის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლით, კერძოდ აღნიშნულ ნაკვეთსა და მეზობელ ნაკვეთს შორის მანამდე არარსებული თავისუფალი სივრცე წარმოიშვა ნ. ი-ის ნაკვეთის ფართობის შემცირების გარეშე. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ნ. ი-ის ნაკვეთის ფართობის შეუმცირებლად დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაცია განხორციელებულია ნ. მ-ის ნაკვეთის ხარჯზე, რამაც მოიცვა მის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილიც (აივანი და კიბე). კასატორი მიიჩნევს, რომ სწორედ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო ნახაზი ასახავდა ურთიერთგამიჯვნის შედეგად დადგენილ მიწის ნაკვეთების ზუსტ კონფიგურაციას. შპს „...“ მიერ შესრულებული ნახაზის მიხედვით ნაკვეთების მიჯნა ემთხვეოდა თავად ნ. ი-ის მიერ აღმართული სამეზობლო მიჯნას, რომლის მიღმა (ნ. მ-ის ნაკვეთის მხარეს) არის განთავსებული ნ. მ-ის სახლის აივანი და კიბე. შესაბამისად, ნ. მ-ს შპს „...“ ნახაზის სისწორე ეჭვქვეშ არ დაუყენებია. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ ნ. ი-ის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციამ ფაქტიურად შეამცირა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოცულობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ.ქობულეთში, ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს: ნ. ი-ეს, გ. ბ-ეს და ნ. ა-ეს შორის 2007 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი გაიყო ინდივიდუალურ წილებად ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით შპს „...“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებისა და შპს „...“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით 2007 წლის 17 დეკემბერს ნ. ი-ის საკუთრებად დარეგისტრირდა: ქ. ქობულეთში, ... #...-ში მდებარე დაუზუსტებელი 374 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართობით - 102.2 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...); გ. ბ-ის საკუთრების უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართობით 111.0 კვ.მ და მასზე განთავსებულ სახლზე, სასარგებლო ფართობით 120.25 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...). ეს უკანსკნელი უძრავი ქონება 2008 წლის 08 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. ბ-ემ მიჰყიდა ნ. მ-ს. შემძენმა 2008 წლის 22 ოქტომბერს საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. ქობულეთში, ... #...-ში მდებარე დაუზუსტებელი 111 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 120.25 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ნ. ი-ის 2009 წლის 16 აპრილის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აპრილის #882009109286-03 გადაწყვეტილებით ნ. ი-ის მოთხოვნა ფართობის დაზუსტების შესახებ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრში ნ. ი-ის საკუთრებად დარეგისტრირდა დაზუსტებული ფართობი 373.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 102.2 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტებისას მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა უძრავი ქონების გამიჯვნისას შპს „...“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით. 2011 წლის 30 სექტემბერს ნ. მ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა შპს „ა...“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ქ.ქობულეთში ... ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 სექტემბრის №882011479893-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო 2011 წლის 31 ოქტომბრის №882011479893-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (საჯარო რეესტრში ნ. ი-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებსა და სარეგისტრაციო მონაცემებს შორის არსებული ზედდების გამო, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიის) წარუდგენლობის გამო.
მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ნ. ი-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი აზომვითი ნახაზში ასახული მონაცემები არ ემთხვევა დაზუსტების შემდგომ დარეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია ეფუძნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგიტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ოქტომბრის №155725 წერილს, რომელშიც მითითებულია, რომ ნ. ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაზუსტება მოხდა სწორედ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მომზადებული იმ აზომვითი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის მიხედვით. ასევე სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობის დასადასტურებლად მიუთითებს საქმეში არსებულ აზომვით ნახაზებზე, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მათი ერთმანეთთან შეუსაბამობის შეფასებას. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ნაკვეთების ზედდების ფაქტს ხსნიდა შპს „ა...“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ნ. მ-ის ნაკვეთის ტროტუარის ხაზიდან სიღრმეში გადანაცვლებით, ხოლო თავის მხრივ ნ. მ-ი აღნიშნულ ფაქტს უკავშირებდა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების შემდეგ ნ. ი-ის ნაკვეთსა და მეზობლად მდებარე ნაკვეთს შორის თავისუფალი სივრცის გაჩენას, რომელიც შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მომზადებული იმ აზომვითი ნახაზზე იმთავითვე არ არსებობდა. საქმეში წარმოდგენილია ნ. მ-ისა და მეზობლად მდებაზე (გამიჯვნის შემდგომ ა-ძის საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების ამსახველი ფოტომასალა, ასევე პირველ ინტანციაში მეწმედ დაკითხულმა პირმა აღნიშნა, რომ ერთიან ბაზაში არსებული მეზობელი ნაკვეთის ტროტუარის მხარეს არსებული წერტილის კოორდინატები არ ემთხვევა ამჟამად არსებულს. სასამართლოს მხრიდან შეფასების გარეშე დარჩა აღნიშნული ფაქტი იმ მიმართებით, ნაკვეთებს შორის არსებული 7 კვ.მ. ოდენობით ზედდება მართლაც შეეძლო თუ არა გამოეწვია შპს „ა...“ მიერ შესრულებულ ნახაზზე ნ. მ-ის ნაკვეთის ქუჩიდან სიღრმისაკენ მონაცვლებას თუ აღნიშნული გამოწვეული იყო სხვა ფაქტორებით.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7 მუხლი ითვალისწინებს დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. ამავე ინსტრუქციით დადგენილია შემდგომში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ახლად წარმოდგენილი მონაცემების უკვე არსებულ ზოგად საკადასტრო მონაცემებთან დამთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ დაუზუსტებელი მონაცემების დაზუსტება იმთავითვე მოიაზრებს არსებული მონაცემების შეცვლას, თავისმხრივ ცვლილება უნდა ემყარებოდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის, უკვე არსებულ საკადასტრო რუკასთან ურთიერთშეჯერებით დაზუსტებულ მონაცემებს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა მხოლოდ საჯარო რეესტრის წერილში ასახულ ინფორმაციას, მაშინ, როცა მოსარჩელე სწორედ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო ნახაზის დარღვევით დარეგისტრირებაზე მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეცავს მსჯელობას იმის თაობაზე, ნ. ი-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დარეგისტრირებისას არსებული უზუსტობა, რაც ასახულია შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო ნახაზსა და დაზუსტების შემდგომ საკადასტრო რუკას შორის, ქმნიდა თუ არა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო ნახაზზე ასახული კოორდინატები ზუსტად იქნა ასახული საერთო საკადასტრო მონაცემებში. ამასთან, სააპელაციო პალატის განჩინებაში არ ასახულა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო ნახაზისა და მის საფუძველზე რეგისტრირებული საკადასტრო გეგმის შედარება ქმნიდა თუ არა მათი იდენტურობის თაობაზე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნული გარემოებების შეუფასებლობა დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ განჩინებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ძირითად არგუმენტებზე, რასაც ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას მათი შეფასებისა და გაქარწყლების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის 2011 წლის 24 ნოემბერს დასკვნა, რომლის თანახმად, 2007 წლის 12 დეკემბრის ნახაზის მიხედვით გამიჯვნის შედეგად გ. ბ-ისათვის მიკუთვნებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 120 კვ.მ. მდებარეობდა ამავე დოკუმენტით გ. ბ-ისათვის მიკუთვნებულ 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ასევე შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ ნახაზზე გ. ბ-ისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი და შპს „ა...“ მიერ შედგენილ ნახაზზე ასახული ... №...-ში მდებარე 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის ერთიდაიგივე. ამასთან, შპს „...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ერთიან ბაზაში დარეგისტრირების შემთხვევაში არ მოვიდოდა შპს „ა...“ მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებულ ქ. ქობულეთში, ... №...-ში მდებარე 111 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთთან. ამავე ექსპერტის 2012 წლის 16 აგვისტოს დასკვნის თანახმად, რომელიც მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა, ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ში მდებარე ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, აივნის ჩათვლით განაშენიანებულია 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო აღნიშნული სახლის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი აივნის მიერ დაკავებული მიწის ფართის გარეშე შეადგენს 95,10 კვ. მეტრს.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტზის დასკვნებზე მსჯელობას, მათ შეფასებას საქმის სხვა მასალებთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტიზის დანიშვნა ხდება, როდესაც სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტების განმარტება და კვლევა მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება მიწის ნაკვეთების გადაფარვას, აზომვას, გეგმარებით და სხვა ტექნიკურ საკითხებს, საექსპერტო კვლევა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის არსებითი გარემოებების დადგენისათვის. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის გეგმების კანონიერება და მისი შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მართალია ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში, რაც არ განხორციელებულა მოცემულ შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე