Nბს-898-880(კ-12) 9 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე ( თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 7 მარტს გ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის N01-10/3617 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გ. კ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში; გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ აჭარის ა.რ. მთავრობის 2012 წლის 27 მარტის N61 ბრძანების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის N882011557664-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 30 დეკემბრის N882011557664-04 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 თებერვლის N190441 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. კ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2011 წლის 14.09 ცნობით, მოსარჩელე გ. კ-ის (მცხოვრები ... 1-ლი შესახვევი, N3) კომლს 1994-2006 წლებში პირად სარგებლობაში აწერია 0.15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ... რაიონის სახელობის ბათუმის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის 1994 წლის 4 ივლისის ბრძანებით დაკმაყოფილდა მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსარჩელე გ. კ-ისა და მასთან ერთად სხვა ხუთი პიროვნების მოთხოვნა საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა-დაკანონების შესახებ და გადაწყდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 თებერვლის N41 გადაწყვეტილებით მეურნეობისათვის გამოყოფილი 20,2 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფონდიდან გაფორმებოდა თითოეულს, 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გ. კ-ე ... დასახლებაში დღემდე ფლობს მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით.
აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 8 აპრილის N01-10/1359 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ... დასახლებაში მდებარე 417 441 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს პერიოდულად გაეგზავნა 12 აპრილის N01-10/1392, 16 ივნისის N01-10/2124, 26 სექტემბრის 01-10/3617, 05 ოქტომბრის N01-10/3812 და 09 ნოემბრის N01-10/4267 მიმართვები, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული, ... დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული აზომვითი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის მიხედვით.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 02 დეკემბრის N882011547985-06 გადაწყვეტილებით დასრულებულ იქნა ... დასახლებაში მდებარე 398 710 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების რეგისტრაცია.
გ. კ-ემ 2011 წლის 16 ნოემბერს განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და როგორც მართლზომიერმა მფლობელმა, მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ ... დასახლებაში მდებარე 0,15 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 22 ნოემბრის N882011557664-03 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს განცხადებაზე, ... დასახლებაში მდებარე 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე იმ საფუძვლით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ზედდება იყო მონაცემებთან: ... კოდზე. სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ ამის შესაბამისად, წარსადგენილი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
გ. კ-ემ 2011 წლის 30 ნოემბერს განცხადებით მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საკითხის გასარკვევად, თუ რატომ იყო მისი მიწის ნაკვეთი ზედდებაში სახელმწიფო საკუთრებასთან და მოითხოვა თავისი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმება. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის 2012 წლის 20 იანვარს N01-9/334 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების იდენტიფიცირება, რაც აუცილებელი იყო მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, რომ 0,15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული იქნა 2011 წლის 26 სექტემბერს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს N01-10/3617 მიმართვის საფუძველზე.
გ. კ-ემ 2012 წლის 28 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატს, რომლითაც მოითხოვა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის N01-10/3617 მიმართვის ბათილად ცნობა. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, 2012 წლის 19 მარტს საქმეზე გაიმართა ზეპირი ადმინისტრაციული მოსმენა, რომელსაც ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, მხარეთა განმარტებებისა და ზეპირი მოსმენის ოქმის გამოკვლევის საფუძველზე, აჭარის ა.რ. მთავრობის 2012 წლის 27 მარტის N61 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის N882011557664-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ. კ-ემ 2012 წლის 2 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბაათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის N882011557664-04 გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნილ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 თებერვლის N19041 გადაწყვეტილებით გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებით“, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით, „აჭარის ა.რ. ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“ დებულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი უფლება და საფუძველი, ... დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 398 710კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირება მოეთხოვა და რომ ამას ხელს უშლიდა ... დასახლებაში მდებარე 0,15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე გ. კ-ის საკუთრების უფლება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწა, რომელზედაც დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ეს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად ხდება უკვე არსებული უფლების რეალიზება და არა მიწის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს დებულების“ დამტკიცების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა სხვა პირთა კერძო საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწებისა. თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომლიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ეს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება არსებული ფაქტის დაფიქსირება.
სასამართლომ მიუთითა სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პერიოდისათვის მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა უფლების დამადასტრურებელი დოკუმენტი, სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის 01-10/3617 მიმართვა და შესაბამისი საკადასტრო ნახაზი, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონით გათვალისწინებულ საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ... დასახლებაში ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს, თუმცა ის არ იყო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, სად გამოეყო გ. კ-ეს 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. მოიცავს, თუ არა სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. საქმეში არ მოიპოვება და ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიზომვის, ან მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც მოხდებოდა ნაკვეთის საზღვრების დადგენა და მისი ამ გზით იდენტიფიცირება. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მის მიერ მითითებული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სწორედ სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფარავს მისთვის თავის დროზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს წინააღმდეგობის დადგენა გ. კ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების დაზუსტებულ უფლებას შორის, შეუძლებელი იყო, რამდენადაც მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არსად არ ყოფილა აღრიცხული.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა იმ დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 23-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გ. კ-ის განცხადებას თანადართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ზედდება იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავი ქონების მონაცემებთან: ... კოდზე, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 22 ნოემბრის N882011557664-03 გადაწყვეტილებით გ. კ-ის განცხადებაზე შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების მიზეზად კი მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ ამის შესაბამისად წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი; კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის N882011557664-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის და 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე და გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 თებერვლის №19041 გადაწყვეტილება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად არის მიღებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება გ. კ-ის მოთხოვნაზე უარის შესახებ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების იდენტიფიცირება, სამინისტროს მიერ შეუძლებელი იყო გ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება და სახელმწიფოს საკუთრების უფლების მიმართ უკვე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმება, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები და შესაბამისად სწორად ჩაითვალა, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის 01-10/3617 მიმართვა კანონშესაბამის აქტს წარმოადგენდა, რის გამოც აჭარის ა.რ. მთავრობამ საქართველოს ზაკ-ის 201-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესის მიხედვით, მიიღო 2012 წლის 27 მარტის N61 ბრძანება, გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე, რაც ასევე კანონშესაბამის აქტს წარმოადგენს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, ამიტომ იგი დატოვა უცვლელად. შესაბამისად აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფუილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“.
კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქტი (N01-10-3617) უკანონოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, რადგან სამინისტრო აქტის გამოცემამდე ვალდებული იყო შეეგროვებინა დოკუმენტები, მოესმინა დაინტერესებული მხარისათვის, დაეთვალიერებინა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და გამოეყენებინა შესაბამის დაწესებულებებში (საარქივო სამმართველოში) დაცული მონაცემები აღნიშნული საკითხის გასარკვევად. კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს ზაკ-ის ზემოაღნიშნული ნორმით რომ ეხელმძღვანელა დაადგენდა, რომ მიწის ნაკვეთის უდიდესი ნაწილი, რომლის რეგისტრაციაც მიმართვის საფუძველზე განახორციელა წარმოადგენდა მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა არსებობს საარქივო სამმართველოში დაცული საკომლო ამონაწერით და თანდართული ბრძანებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც იძლევა განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ. კ-ემ 2011 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ, ... დასახლებაში მდებარე 0,15 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ქ. ბათუმი დასახლება ... [ზონა: ბათუმი, სექტორი: 00]. საკუთრებაში რეგისტრაცია. განმცხადებელმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 3)აზომვითი ნახაზი და ელვერსია; 4) არქივის ცნობა.
გ. კ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის N882011557664-03 (22.11.2011) გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთი იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (კერძოდ ზედდებაა შეჩერებულ ... კოდზე) და წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა. საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის N882011557994-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც უცვლელად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, გ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.
ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
საკასაციო სასამართლო არაარგუმენტირებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორის უფლებების ნაწილში კერძოდ იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში არ არსებობდა შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია გ. კ-ის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო მეურნეობის 1994 წლის 4 ივლისის ბრძანების ხელმოწერილი და სათანადო ბეჭდით დამოწმებული ეგზემპლარი, თუმცა ასეთი დოკუმენტი ვერც სასამართლოს გამოთხოვის შემდეგ ვერ იქნა წარმოდგენილი ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2012 წლის 7 მაისის წერილიდან ირკვევა, რომ არქივში არ არის დაცული ბრძანების გაგრძელებითი ფურცელი, სადაც ხელს აწერს დირექტორი და მტკიცდება ორგანიზაციის ბეჭდით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებითაა განპირობებული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელობის ფაქტი სადავოდ არ ქცეულა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო. კასატორი მიუთითებს, რომ არ მოხდა თავად სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტების მოძიება და ურთიერთშეფასება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. კ-ეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: 1) აჭარის ა.რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2011 წლის 14.09 ცნობით, გ. კ-ის (მცხოვრები ... 1-ლი შესახვევი, N3) კომლს 1994-2006 წლებში პირად სარგებლობაში აწერია 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ს.ფ 14); 2) მოსარჩელე საკომლო წიგნად არსებული ამონაწერით დასტურდება, რომ გ. კ-ეს პირად სარგებლობაში 1994-2006 წლებში აწერია 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ს.ფ 15-16); 3) ... რაიონის სახელობის ბათუმის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის 1994 წლის 4 ივლისის ბრძანებით დაკმაყოფილდა მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსარჩელე გ. კ-ისა და მასთან ერთად სხვა ხუთი პიროვნების მოთხოვნა საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა-დაკანონების შესახებ და გადაწყდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 25 თებერვლის N41 გადაწყვეტილებით მეურნეობისთვის გამოყოფილი 20,2 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფონდიდან გაფორმებოდა თითოეულს 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ს.ფ17);
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. კ-ის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, თუ კონკრეტულად სად ჰქონდა გამოყოფილი გ. კ-ეს მიწის ნაკვეთი, რამდენადაც ამის შესახებ არ არის მითითებული ... რაიონის სახელობის ბათუმის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის 1994 წლის 4 ივლისის ბრძანებაში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებიდან ცალსახად დგინდება, რომ აჭარის ა.რ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1994 წლის N41 გადაწყვეტილებით მეურნეობაზე გამოყოფილი 20,2 ჰა-დან 0,15 ჰექტარი გამოეყო გ. ს. ძე კ-ეს. ამდენად, მართალია კონკრეტულად არ არის მითითებული, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ სხვა საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტებთან ერთობლიობაში ანალიზის შედეგად (საკომლო ამონაწერი, საარქივო ცნობა) შესაძლებელია დადგენა კონკრეტულად სად გამოეყო გ. კ-ეს მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. კ-ის ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის სამართლებრივი დოკუმენტები იურიდიული ძალის მქონეა და არ გაუქმებულა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1996 წლის „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1. მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგიტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ის ერთის მხრივ აღიარებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილებას ფორმალურად, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებით გამორიცხავს, ფაქტობრივად უარყოფს საკუთრებას, ვინაიდან არც სასამართლო და არც საჯარო რეესტრის სამსახური არ უთითებს გ. კ-ის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებული ზომების შედეგად პირის უძრავი ქონება გამოუყენებადი ხდება.
საკასაციო სასამართლოს სურს ყურადღება მიაქციოს კანონით დეკლარირებულ უფლებაზე და თვლის, რომ სარჩელის უარყოფის შემთხვევაში, ცალსახად უნდა გამოირიცხოს საკუთრების უფლების ხელყოფის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის #01-10/3617 მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის (კასატორის) მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ ქმნის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების~ დამტკიცების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების~ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, საკომლო წიგნის ამონაწერით, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ (სზაკ 95.2 მუხ.). ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ რადგან საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული გ. კ-ის საკუთრების უფლება მაშასადამე სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.
საქმის ხელახლა არსებითად განხილვის პროცესში გამოკვლეული უნდა იყოს, რამდენად იძლევა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები სამართლებრივ საფუძველს, დადგინდეს გ. კ-ის მხრიდან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე შესაძლებელს გახდის რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი ზოგადი, აბსტრაქტული სახით არსებობა იმ ძირითადი ელემენტების გარეშე, რაც საკუთრების უფლებას განასხვავებს სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფიქციაა არა ის ქონება რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად, დაუშვებელია რეგისტრირებული მონაცემები და ნამდვილი მდგომარეობა არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
საკასაციო პალატა დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტი იმის თაობაზე, აქვს თუ არა ადგილი გ. კ-ისთვის გამოყოფილი და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელზე რეგისტრირებული საკადასტრო კოდი : ... მიწის ნაკვეთების იდენტურობას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის განკარგვას და ასევე არსებობს თუ არა მათ შორის გადაფარვა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას მნიშვნელობა აქვს დავაზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის - აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ აღურიცხავს სადავო მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ეს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად ხდება უკვე არსებული უფლების რეალიზება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ იმაზე აპელირებს, რომ სადავო მიწა მის მართლზომიერ მფლობელობაშია და მას ერთმევა მისი საკუთრებად აღრიცხვის უფლება, რასაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ანიჭებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, უფლებისდამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ურთიერთშესაბამისობაში იყო თუ არა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო მართალია პასუხს არ აგებს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა გამოეკვლია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორად განხორციელდა თუ არა რეგისტრაცია და წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა თუ არა მათ უფლებას მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას მნიშვნელობა აქვს დავაზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე