Facebook Twitter

საქმე №ბს-98-91(კ-13) 25 ივნისი 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორები (მოსარჩელეები) – ვ. გ-ი, გ. ბ-ი წარმომადგენელი - გ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ჯ. მ-ი;

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელეebi - გ. ბ-ი; ვ. გ-ი;

წარმომადგენელი - გ. გ-ი;

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ჯ. მ-ი;

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელების დავალება;

სარჩელის საგანი:

2011 წლის კუთვნილი შვებულების სარგებლობის გარეშე დათხოვნა და მოსარჩელეებისათვის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება;

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: გ. ბ-ი 1995 წლიდან 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანების საფუძველზე გ. გ. ბ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის დაჯილდოვდა პირველი ხარისხის მედლით.

სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის წინ, მოსარჩელე - გ. ბ-ს არ მისცეს 2011 წლის შვებულებით სარგებლობის უფლება, რომელიც მას ეკუთვნოდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების IX თავის მე-6 პუნქტის საფუძველზე.

ვ. გ-ი 1997 წლიდან 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანების საფუძველზე ვ. ა. გ-ი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოვდა მესამე ხარისხის მედლით.

სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის წინ, მოსარჩელე - ვ. გ-ს არ მისცეს 2011 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების IX თავის მე-6 პუნქტის საფუძველზე.

სამართლებრივი: გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი 34 დღის ფულადი ანაზღაურება, რაც შეადგენს 1292 ლარს. მოსარჩელე უთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების 22-ე მუხლს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 361-ე მუხლებს.

ვ. გ-ის წარმომადგენელი მოითხოვს 2011 წლის კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი 40 დღის ფულად ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1520 ლარს. ვ. გ-ისა და გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები იდენტურია (იხ. ს.ფ.1-9).

მოპასუხის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხე საქართველო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-3 მუხლისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული ბრძანების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა ისეთ მოსამსახურეზე, რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის ან რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო. მოსარჩელე გ. ბ-ი დათხოვნილია კადრების განკარგულებიდან მინისტრის №583 ბრძანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სარჩელის სამართლებრივი საფუძველი განსხვავებულ შემთხვევას აწესრიგებს.

მოპასუხემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა საარტილერიო ბრიგადის 09.08.12 წლის მე-3 მუხლის №2290 წერილი, რომლის მიხედვით, გ. ბ-მა მისივე მოთხოვნის საფუძველზე 2011 წელს ისარგებლა კუთვნილი შვებულებიდან 11 დღით.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის„ მე-3 მუხლისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

მოპასუხის განმარტებით, კომპენსაცია გაიცემა ისეთ მოსამსახურეზე, რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის ან რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო. მოსარჩელე კი, დათხოვნილია კადრების განკარგულებიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის №583 ბრძანებით. მოპასუხემ არ გაიზიარა სარჩელის სამართლებრივი საფუძველი იმ მოტივით, რომ იგი განსხვავებულ შემთხვევას აწესრიგებს.

მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა საარტილერიო ბრიგადის 09.08. 12 წლის №2290 წერილი, რომელიც ადასტურებს ვ. გ-ის მიერ მისივე მოთხოვნის საფუძველზე 2011 წელს კუთვნილი შვებულებიდან 6 დღით სარგებლობას.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველო პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, არ შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს, ვინაიდან იგი განსხვავებულ რეგულაციას შეიცავს (იხ. ს.ფ. 40-47).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეები გ. ბ-ი და ვ. გ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანებით, ამავე მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და გადაიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის “ მე-13 მუხლის და პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გ. ბ-ი დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვ. გ-ი დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ისა და ვ. გ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

მოსარჩელეები - გ. ბ-ი და ვ. გ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანებით, ამავე მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და გადაიყვანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობიდან ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად დაითხოვეს გ. ბ-ი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 01 მარტის №488 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობიდან ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად დაითხოვეს ვ. გ-ი.

სასამართლოს დასკვნები:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. ბ-ისა და ვ. გ-ის სარჩელი, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, დათხოვნის წინ ეძლევა შვებულება. შემდეგ იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის დასადგენად. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს არ მისცეს 2011 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება.

მხარეთა მიერ სადავოდ განხდარი ფაქტების შეფასება:

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის I და 31-ე მუხლები, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველსო კანონის I მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის I პუნქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაკარგეს კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება, ვინაიდან მათ არ გაუსაჩივრებიათ თანამდებობიდან დათხოვნის ბრძანებები.

აპელანტები - გ. ბ-ი, ვ. გ-ი;

წარმომადგენელი - გ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ჯ. მ-ი;

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გ. ბ-ის 2011 წლის 34 დღის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების 1292 ლარისა და ვ. გ-ის 40 დღის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების 1404 ლარის ანაზღაურება.

აპელაციის მოტივები: აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.2. პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის განკარგულებაში. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, თავდაცვის მინისტრის ბრძანებების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევებით.

სადავო აქტებს საფუძვლად არ უდევს სხვა საკანონმდებლო ან ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მხედველობაში არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-15 თავის პირველი პუნქტი.

სასამართლომ შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დააფუძნა თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის № 583 ბრძანებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ წესებს.

სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების პირდაპირი და უშუალო შელახვა.

აპელანტებისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებლად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სათანადო მტკიცებულებები.

აპელანტების მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია სასამართლოს პოზიცია კუთვნილი შვებულების სარგებლობის და დაკარგვის საკითხებთან დაკავშირებით. არასწორია მტკიცება იმის შესახებ, რომ კანონი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ „თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება.

აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების გამოცემა მიზნად ისახავდა რუსეთში განათლებამიღებული ოფიცრების საქართველოს არმიიდან ჩამოშორებას. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ იმ დროისათვის სამსახურიდან დათხოვნის გასაჩივრებას აპელანტებისათვის შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა.

სამართლებრივი: აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა ის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა მიეღო გადაწყვეტილება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება და არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შინაარსი (იხ. ს.ფ. 81-92).

მოწინააღმდეგის შეპასუხება: მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა აპელანტების მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

გ. ბ-ისა და ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 114-118)

სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ფაქტობრივი: სააპელაციო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით არ უმსჯელია.

სამართლებრივი: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლზე, რომელიც საჯარო მოხელისათვის მინიჭებული სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების უფლების შესახებ მითითებას შეიცავს. აგრეთვე „შრომის კოდექსის“ 22.1 მუხლზე, რომლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდგომ.

სააპელაციო სასამართლო ძირითადად აპელირებს იმ საკითხზე, რომ აპელანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №488 ბრძანება გასაჩივრებული არ აქვთ, შესაბამისად, მათი მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად არსებითად სწორად არის დასაბუთებული, ამიტომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

კასატორები - გ. ბ-ი, ვ. გ-ი;

წარმომადგენელი - გ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ჯ. მ-ი;

კასაციის საგანი მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები:

სამართლებრივი:

პროცესუალური: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მატერიალური: სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით, კასატორებს უნდა მიეღოთ ყოველწლიური კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი დღეების ფულადი ანაზღაურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სასამართლოს სამართლის ანალოგიის გათვალისწინებითაც შეეძლო აპელანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასატორების წარმომადგენლის მტკიცებით, საქალაქო სასამართლოს ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მატერიალურსამართლებრივად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად განმარტა აპელანტების მიერ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი. (საქართველოს პრეზიდენტის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ შესახებ დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტი).

კასატორებს სამსახურიდან დათხოვნამდე უნდა ესარგებლათ კუთვნილი შვებულებით და მხოლოდ შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ ჩათვლილიყვნენ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილებად.

პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორების მტკიცება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეებისთვის პირდაპირი და უშუალო, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების თაობაზე.

სასამართლომ მოსარჩელეებს დაავალა მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების დასაბუთება, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მაიორმა გ. ბ-მა 2011 წლის კანონით დადგენილი კუთვნილი შვებულებიდან, ნაცვლად 45 დღისა - ისარგებლა 11 დღით, ხოლო კაპიტანმა ვ. გ-მა - 5 დღით.

მოწინააღმდეგე მხარემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში გ. ბ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (საქართველოს ადმინისტარციული საპრეოცესო კოდექსის 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორების - გ. ბ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.

2013 წლის 12 მაისს კასატორებმა - ვ. გ-მა და გ. ბ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოდგნილი წერილობით მოსაზრებით განმარტეს, რომ მათი მოთხოვნა კანონიერია. ამავდროულად, ვ. გ-მა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე - 2011 წლის კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი 39 დღის ფულად ანაზღაურებაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა. (იხ. ს.ფ.165-167 )

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ვ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; ვ. გ-ის სარჩელის ნაწილში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე „ე“ მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მისი სარჩელის ნაწილში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ვ. გ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტროს 2012 წლის პირველი მარტის №488 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 შემადგენლობიდან დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი G-1 კადრების ოფიცერი - მაიორი - გ. გ. ბ-ი დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ.ს.ფ. 11).

დადგენილია, რომ კასატორმა გ. ბ-მა 2011 წლის კუთვნილი შვებულებიდან ისარგებლა მხოლოდ 11 დღით (იხ.ს.ფ. 51).

საქართველოს პრეზიდენტის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-8 პუნქტის თანახმად, მას ეკუთვნოდა 45 დღე, როგორც 10 კალენდარულ წელზე მეტი ნამსახურობის მქონე სამხედრო მოსამსახურეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შედეგად, გ. ბ-ს არ მიეცა 2011 წლის შვებულების დარჩენილი დღეების ფულადი ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობის მოსპობა კანონიერია, იმიტომ, რომ კასატორი დათხოვნილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის სწორი გაგება-გამოყენების პრინციპიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის განმარტება ეწინააღმდეგება კანონიერი სამართალშეფარდების პრინციპსა და საერთაშორისო სამართლით დამკვიდრებული ფასიანი შვებულების შესახებ ანაზღაურების გარანტიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდაეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება.

„ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.

1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაში (სამოქალაქო საქმეზე №ას-836-1122 თ. ც.ძის სარჩელისა გამო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ), ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებს გამოუყენებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან) მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა.“

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეებზე ჩამოყალიბებული აღნიშნული განმარტება და სასამართლო დასკვნა სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ბ-ი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ესე იგი, თავად დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისად, მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია „ყოველწლიური ფასიანი შვებულების“ შესახებ კონვენვიის მე-6 მუხლის, შიდაეროვნული კანონმდებლობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სწორი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ - უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა სამართალშეფარდების პროცესში არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია მათი იურიდიული ძალის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტების იერარქიის დაცვა განაპირობებს სამართლიან და კანონიერ სამართალშეფარდებას. 1996 წლის 29 ოქტომბრის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის შესაბამისად, საქართველოს კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიმართ. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელსაც უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს მინისტრის ბრძანების მიმართ. საქართველოს მინისტრის ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც უნდა გამოიცეს კანონის საფუძველზე, ესე იგი, შეესაბამებოდეს იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ენიჭება იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემაში. 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 1998 წლის 25 ივნისის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორების მიერ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლების გამოუყენებლობა იწვევს შვებულების ანაზღაურების უფლების დაკარგვას, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ შესახებ დებულების მე-9 თავით განსაზღვრულია, რომ შვებულების ანაზღაურების უფლება დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების გარეშეა გარანტირებული.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის №583 ბრძანება არ ითვალისწინებს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა შვებულების ანაზღაურებას, რაც სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი გახდა, უხეშად უგულებელყოფს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართებისა და მათი გამოყენების წესს.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის №583 ბრძანების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება გათვალისწინებული არ არის. მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში მითითებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.“

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. ბ-ის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებაზე, ერთი მხრივ, ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლი, რომლითაც დადგენილია შვებულების ანაზღაურების ზოგადი წესი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტი, რომელიც გამოცემულია 1997 წლის 17 სექტემბრის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ასევე დადგენილია სამხედრო მოსამსახურის უფლება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების შესახებ, რომლის მოქმედება უნდა გავრცელდეს კასატორზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა უპირველეს ყოვლისა, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ შესახებ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.

აღნიშნული ნორმის ნამდვილი შინაარსის სწორი განმარტებით ცალსახად დგინდება გ. ბ-ის უფლება ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესახებ, ამიტომ საწინააღმდეგო განმარტება გამოიწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შელახვას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ შესახებ №583 ბრძანება, რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში გამოუყენებელი, ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ფულად ანაზღაურებას, ეწინააღმდეგება იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შორის ამგვარი წინააღმდეგობის არსებობისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აღნიშნული ბრძანების გამოყენებით არსებითად იზღუდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავით დადგენილი უფლებრივი სივრცე.

აღნიშნული ბრძანების სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენების შედეგად, კასატორს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეეზღუდა კუთვნილი შვებულების დარჩენილი ნაწილის ფულადი ანაზღაურების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ყველა დანარჩენი უფლების რეალიზების საშუალება. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელება მოიცავს სამართალშეფარდების არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ - შინარსობრივ კანონიერებას.

საკასაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სარჩელის საფუძვლებზე უნდა იმსჯელოს 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და 1998 წლის 25 ივნისის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე 1998 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის“ წესის შესახებ დებულებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში შეადგენდა 1292 ლარს. (იხ. ს.ფ. 4) საქმის საკასაციო წესით განხილვისას კასატორმა წერილობითი მოსაზრებაში მოთხოვნის ოდენობად მიუთითა 1310 ლარი (იხ.ს.ფ 165-167).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და არ მოუპოვებია მტკიცებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენი ეკუთვნოდათ აუნაზღაურებელი შვებულების თანხა მოსარჩელეებს.

ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სარწმუნოდ უნდა დადასტურდეს და სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს გ. ბ-ის აუნაზღაურებელი შვებულების თანხის ოდენობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის თანახმად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალური და პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი მატერიალური და პროცესუალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 272-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ვ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. ვ. გ-ის სარჩელის ნაწილში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

5. ვ. გ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;

6. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/