საქმე ბს-190-183(კს-13) 16 maisi, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ი/მ „ნ. მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განხალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.02.13 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ. „ნ. მ-მა“ 14.12.09წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 119848 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 119848 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, ასევე i/m `ნ. მ-მა~.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი/მ „ნ. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.06.11 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს 13.10.11 წ. განჩინებით ი/მ „ნ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 07.12.10 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი/მ „ნ. მ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2008 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ი/მ „ნ. მ-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.10წ. გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის i/m `ნ. მ-ის“ სასარგებლოდ 2008 წლის მიუღებელი შემოსავლის 52966 ლარის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.12წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
15.01.13წ. ი/მ `ნ. მ-მა” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. Gგანმცხადებელმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 14.12.12წ. Dდადგენილება ი/მ „ნ. მ-ის“ დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 31.12.12წ. №7/7/5178 ცნობა იმის თაობაზე, რომ 2007 წლის თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფას ახორციელებდა არა თავდაცვის სამინისტრო, არამედ შპს „...” - ორგანიზაცია, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2008 წელს მოშალა განმცხადებელთან იჯარა. განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნული მტკიცებულებები და გარემოებები რომ ყოფილიყო ცნობილი სასამართლოსათვის საქმის განხილვის ეტაპზე, სასამართლო მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.13წ. განჩინებით ი/მ „ნ. მ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს და რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა მის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვისას და მისი აღმოჩენა მოხდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 14.12.12წ. დადგენილება ნ. მ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ.¹№7/7/5178 ცნობა არ აკმაყოფილებენ ამ პირობას. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. გადაწყვეტილების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატის 19.02.13წ. განჩინებაზე ნ.მ-მა კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განხლება. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ. #7/7/5178 ცნობა არ წარმოადგენს სსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან საქმის წარმოების პროცესში თავდაცვის სამინისტრო უთითებდა, რომ 2008 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფდა კვებით აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს, რასაც ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროები იყენებდნენ იმის სამტკიცებლად, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მიდგომია. თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ. ¹№7/7/5178 ცნობა ადასტურებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე თავდაცვის სამინისტრომ საქმის წარმოების ეტაპზე ყალბი დოკუმენტი წარადგინა, რითაც ის ამტკიცებდა, რომ თვითონვე ახორციელებდა სამხედრო მოსამსახურეთა კვებას, ხოლო თავის მხრივ სასამართლომ არ მოიძია და არ გამოიკვლია თავისი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებები, რისი უფლებამოსილებაც მას სასკ-ის მე-4 მუხლით დადგენილი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე გააჩნდა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის აგრეთვე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას საქმეზე წარმოადგენს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 14.12.12წ. დადგენილება, რომლითაც ის დაზარალებულად არის ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ „ნ. მ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი მხარეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისაგან, ამდენად, მან უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სასკ-ის მე-3, მე-4 , მე-17, სსკ-ის მე-3, 102-ე მუხ.), განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე და არ წარმოშობილა შემდგომში. ამასთან, დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა მათი წარდგენის შესაძლებლობა. ამ პირობას არ აკმაყოფილებს მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები, კერძოდ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 14.12.12წ. დადგენილება ნ. მ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 31.12.2012წ. გაცემული №7/7/5178 ცნობა. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლებისათვის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს. ამდენად, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 14.12.12წ. დადგენილება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ. №7/7/5157 ცნობა. ნ.მ-ი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის უტყუარად უნდა იქნეს დადასტურებული, რომ ისინი არსებობდნენ საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მათი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის დროს არ არსებობდა არც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 14.12.12წ. დადგენილება და არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ. გაცემული ცნობა. კერძო საჩივრის ავტორის აზრით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31.12.12წ. №7/7/5157 ცნობა ადასტურებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე თავდაცვის სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი წარადგინა, რითაც ის ამტკიცებდა, რომ თვითონვე ახორციელებდა სამხედრო მოსამსახურეთა კვებას, ხოლო თავის მხრივ, სასამართლომ არ მოიძია და არ გამოარკვია თავისი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებები, რისი უფლებამოსილებაც მას სასკ-ის მე-4 მუხლით დადგენილი ინკვიზიციურობიდან გამომდინარე გააჩნდა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ დოკუმენტები, რომლებსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია, მიცემულია ცრუ ჩვენებები, რასაც მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არა „ვ“ ქვეპუნქტის, არამედ „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ გარემოებებს. ამასთანავე, სსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-,,გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ნებისმიერი სხვა აქტები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოების აქტები, არ ქმნიან საქმის განახლების საფუძველს. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 20.02.13წ. წერილს ინვენტარისა და მალფუჭებადი საქონლის გატანის მიღება-ჩაბარების აქტის არ არსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცნობა სააპელაციო პალატის 19.02.13წ. გასაჩივრებული განჩინების გამოტანის შემდეგაა წარმოდგენილი, შესაბამისად სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას მის შესახებ, მისი განხილვა სცილდება კერძო საჩივრის ფარგლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების განახლებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 420-ე, 423-ე, სსკ-ის მე-3,102-ე, სასკ-ის მე-3, მე-4 და მე-17 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ „ნ. მ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლძე
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე
მ.ვაჩაძე