#ბს-228-220(კს-13) 28 მაისი, 2013 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. გ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 18 აპრილს მ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის 6 მარტის №3/4-149 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების და 1992 წლის 15 აგვისტოდან 1997 წლის 25 მარტამდე პერიოდის საერთო ნამსახურობაში ჩათვლის დავალება (იხ. ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის 6 მარტის №3/4-149 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 105-112).
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 118-129.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ. 132-136), რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს, მას სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა ეწურებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადდა დასვენების დღედ, შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში უნდა წარედგინა 2012 წლის 2 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილი იქნა 2012 წლის 3 ოქტომბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მას არ დაურღვევია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი საპროცესო ვადა. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 2 ოქტომბერს კომპანია ,,...“ შეუკვეთა საფოსტო მომსახურება და შეადგინა შესაბამისი ტექსტი (ტელეგრამა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართზე, სადაც მითითებული იყო გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს №3/1894-12 გადაწყვეტილება მ. გ-ის საქმეზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის კერძო საჩივარს (იხ. ს.ფ. 144-146).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 160-163).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 1013 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ აპელანტს სასამართლოსათვის წარედგინა ფოსტისათვის სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. ს.ფ. 168-173).
2013 წლის 22 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა კვლავ ,,...“ ტელეგრაფის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ტელეგრაფის მეშვეობით მოახდინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში (2012 წლის 2 ოქტომბერს 20:28 საათზე), ხოლო მომდევნო დგეს (2012 წლის 3 ოქტომბერს) სასამართლოს ჩააბარა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საპროცესო მოქმედების შესრულების ფაქტი ტელეგრაფისათვის მხოლოდ შეტყობინებით ვერ დადასტურდება. სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესრულების ფაქტი სახეზეა საპროცესო ღონისძიების კანონით დადგენილი ფორმით გამოხატვის რეალიზების დროს - ანუ ფოსტაში არა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების განზრახულობის შესახებ შეტყობინების, არამედ თავად სააპელაციო საჩივრის წარდგენით (იხ. ს.ფ. 178-183).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ტელეგრაფის მეშვეობით მოახდინა უფლების რეალიზება ,,...“ შეტყობინების გზით (2012 წლის 2 ოქტომბერს, 20:28 საათზე), ხოლო მომდევნო დღეს (2012 წლის 3 ოქტომბერს) სასამართლოს ჩაბარდა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო სსსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, ფორმის დაუცველად სააპელაციო საჩივრის შეტანა, წარმოადგენს არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, არამდე ხარვეზის დადგენის საფუძველს (იხ. ს.ფ. 191-192).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის არასწორად განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება მიიღო, რის გამოც სახეზეა მისი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 2012 წლის 17 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 113). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 3 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 118-128;), რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 1 ოქტომბერი გამოცხადებული იქნა დასვენების დღედ და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შეეტანის ვადა ეწურებოდა მომდევნო სამუშაო დღეს - 2012 წლის 2 ოქტომბერს, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამინისტრომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების რეალიზება მოახდინა ტელეგრაფის მეშვეობით კომპანია ,,...“ შეტყობინების გზით (2012 წლის 2 ოქტომბერს), ხოლო მომდევნო დღეს (2012 წლის 3 ოქტომბერს) სასამართლოს ჩააბარა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და წარმოადგინა შპს ,,...“ ქვითარი (იხ. ს.ფ. 146 ).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესრულების ფაქტი სახეზეა საპროცესო ღონისძიების კანონით დადგენილი ფორმით გამოხატვის რეალიზების დროს - ანუ ფოსტაში არა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების განზრახულობის შესახებ შეტყობინების, არამედ თავად სააპელაციო საჩივრის წარდგენით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ფოსტით ან ტელეგრაფის მეშვეობით სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ცალსახად არ არის განსაზღვრული როგორი ფორმით უნდა იქნეს მხარეთა მიერ ტელეგრაფის მეშვეობით კონკრეტული საპროცესო მოქმედება შესრულებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრაფის მეშვეობით გამოიხატა ნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების საპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე, შესაბამისად, მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული ნორმის ბუნდოვანება და სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, ტელეგრაფის მეშვეობით მოახდინა უფლების რეალიზება საპროცესო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ანუ მხარემ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება, როგორც უსაფუძვლო, ექვემდებარება გაუქმებას და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე