#ბს-232-224(კს-13) 11 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ კერძო აღმასრულებელი ზ. გ-ი
წარმომადგენელი - არ ჰყავს
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. ბ-ი
წარმომადგენელი - მ.ჩ-ი
მესამე პირი - თ. ჯ-ე
წარმომადგენელი - ხ. ხ-ა
დავის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს განჩინების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 28 დეკემბერს თ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სს ,,...“ არსებული საკუთარი სახელფასო, სასესხო და საკრედიტო ანგარიშების ყადაღისაგან გათავისუფლება. ასევე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კრედიტორ თ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №2ბ/1748-12 საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერების შესახებ თ. ბ-ის სახელფასო ანგარიშიდან (რეკვიზიტები: სს ,,...“ ცენტრალური ფილიალი, ანგარიშის ნომერი GE..., მიმღები: თ. ბ-ი) /იხ. ს.ფ 1-13; ტ.1/.
2012 წლის 31 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით თ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა კრედიტორ თ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №2ბ/1748-12 საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულება თ. ბ-ის სახელფასო ანგარიშიდან (რეკვიზიტები: სს ,,...“ ცენტრალური ფილიალი, ანგარიშის ნომერი GE...., მიმღები: თ. ბ-ი) იძულებითი აღსრულების ნაწილში /იხ. ს.ფ 102-105; ტ.1/.
2013 წლის 04 აპრილს კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა საჩივრით გაასაჩივრა 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება /იხ. ს.ფ 111-113; ტ.1/.
2012 წლის 21 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას /იხ. ს.ფ 152-156; ტ.1/.
2013 წლის 28 თებერვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება თ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და თ. ბ-ის განცხადება ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ 188-196; ტ.1/.
2013 წლის 20 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ჯ-ე /იხ. ს.ფ 78-28; ტ.2/.
2013 წლის 15 მარტს კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის 3/ბ-28-13 განჩინების განმარტება, კერძოდ განმარტება - გაუქმდა თუ არა მოვალე თ. ბ-ის სახელფასო-საბანკო ანგარიშზე (სს ,,...) იძულებითი აღსრულების შეჩერება, შესულია თუ არა ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და შესაძლებელია თუ არა მოვალის საბანკო ანგარიშის მიმართ გამოყენებული იქნას იძულებითი ხასიათის ღონისძიება ,,ინკასო“ საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელახალ განხილვამდე /იხ. ს.ფ 198-199; ტ.2/.
2013 წლის 19 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით თ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2013 წლის 03 აპრილის განჩინებით კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ 202-205; ტ.2/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გაუქმდა თუ არა ამ განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ გამოყენებული იძულებითი აღსრულების შეჩერება მოვალის თ. ბ-ის სახელფასო-საბანკო ანგარიშებზე სს ,,...“, რომელიც კანონის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად ექვემდებარებოდა იძულებითი წესით აღსასრულებლად მიქცევას. კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 27-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას (იხ. ს.ფ 210-214; ტ.2).
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი მოსაზრება კერძო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის : ,, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება თ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და თ. ბ-ის განცხადება ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს“, განმარტება. კერძოდ, ზ. გ-ი სააპელაციო სასამართლოსაგან ითხოვდა შემდეგი საკითხების განმარტებას: გაუქმებული იყო თუ არა თ. ბ-ის სახელფასო-საბანკო ანგარიშზე იძულებითი აღსრულების შეჩერება, შესული იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და შესაძლებელი იყო თუ არა საბანკო ანგარიშის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიების ,,ინკასოს“ გამოყენება საქალაქო სასამართლოში საქმის ხელახალ განხილვამდე.
მოცემულ სამართალწარმოებაში მხარის საპროცესო უფლებების რეალიზაცია და სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო აქტების მიღება განხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით:
- 2013 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინება თ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და თ. ბ-ის განცხადება ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
- 2013 წლის 15 მარტს კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა განცხადებით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტება;
- 2013 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაბრუნებული საქმე ხელახლა განიხილა და თ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა;
- 2013 წლის 03 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- 2013 წლის 15 აპრილს კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა მომართა საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა 2013 წლის 03 აპრილის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით იყო ბუნდოვანი და არ პასუხობდა კითხვას გაუქმდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოვალე თ. ბ-ის სახელზე სს ,,...” ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე იძულებითი აღსრულების შეჩერება და შესაძლებელი იყო თუ არა აღსრულებისათვის მოვალის საბანკო ანგარიშზე იძულებითი აღსრულების განხორციელება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო აღმასრულებელი ზ. გ-ი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივრის დასაბუთებაში თავად აღნიშნავს, რომ ,,მე ვითხოვ ბუნდოვანი კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენის განმარტებას...”, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ცხადია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის განჩინება კანონიერ ძალაში იყო შესული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს, რის გამოც შეუძლებელია სასამართლოს მიერ განსაზღვრული უფლების რეალიზაცია, ამასთან, თუ ასეთი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა თ. ბ-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა.
საკასაციო სასამართლო, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის ხელახლა დაბრუნების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობა. ამდენად, როდესაც სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქმე საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად, იმავდროულად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საქალაქო სასამართლოს ხელახლა უნდა ემსჯელა მისი გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონიერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა; საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუ საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ, თუ მხარეები წერილობით უარს განაცხადებენ მის გასაჩივრებაზე, საკასაციო წესით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 -ე, 419-ე 420-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენდა საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლის გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება, შესაბამისად განჩინება ძალაში შევიდა გამოცხადების მომენტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში, შესაბამისად კერძო აღმასრულებელს დროის იმ მონაკვეთში შეეძლო გამოეყენებინა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი იძულებითი ხასიათის ღონისძიებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს იურიდიულ დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420ეე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კერძო აღმასრულებლის ზ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე