Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-241-233(2კ-კს-13) 24 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

2012 წლის 15 ივნისს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 იანვრის №001577 მითითების, 2012 წლის 20 იანვრის №001577 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 4 მაისის №1115 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 იანვრის №001577 დადგენილება ნაწილობრივ, 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების - შპს „…“ 10000 ლარით დაჯარიმებისა და ჯარიმის გადახდის/გადაუხდელობის თანამდევი შედეგების თაობაზე გაკეთებული განმარტებების ნაწილში; შესაბამისად, მოპასუხეს - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა შპს „…“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 4 მაისის №1115 განკარგულება ნაწილობრივ, დაჯარიმების ნაწილში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 იანვრის №001577 დადგენილების თაობაზე შპს „…“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში; შპს „…“ უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 იანვრის №001577 მითითების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 იანვრის №001577 დადგენილების მე-2 პუნქტის – ჯიხურის დემონტაჟის დავალდებულების ნაწილში ბათილად ცნობაზე; ასევე უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დავალდებულებაზე შპს „…“ ჯიხურის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, იმ ადგილას, სადაც იგი განთავსებული იყო დემონტაჟის განხორციელებამდე.

2013 წლის 14 მარტს შპს „…“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების 4.6 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება და ნაცვლად გლდანის რაიონისა, ნაძალადევის რაიონის მითითება, სადაც მდებარეობს ... ქუჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „…“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა - გადაწყვეტილების მე-9 გვერდზე, 4.6 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში არსებული ... ქუჩა არ მდებარეობს მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი“.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის იმგვარად გასწორება, რომ ნაცვლად გლდანის რაიონისა, მიეთითოს ნაძალადევის რაიონი.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და შპს „…“.

ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

შპს „…“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებებით ქ. თბილისის მერიის, შპს „…“ საკასაციო საჩივრებს, ასევე შპს „…“ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „…“ კერძო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორს - შპს „…“ დირექტორს - ნ. გ-ეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინება 2013 წლის 8 მაისს ჩაიბარა ნ. გ-ემ, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინების ასლი შპს „...“ დირექტორმა - ნ. გ-ემ 2013 წლის 8 მაისს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 9 მაისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 20 მაისს (ვინაიდან, 2012 წლის 19 მაისი იყო დასვენების დღე კვირა) 24 საათზე იწურებოდა. შპს „...“ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, შპს „...“ 2013 წლის 17 მაისს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება (რომელიც ეხებოდა საკასაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს), მხოლოდ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ხოლო კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, შპს „...“ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს „...“ კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე