Facebook Twitter

#ბს-244-236(კს-13) 25 ივნისი, 2013 წელი

ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს ,,…“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის

ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 27 აგვისტოს სს ,,…“ დირექტორმა ლ. ტ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2083 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 მაისის №000371 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 205-211).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,…“ წარმომადგენელმა ა. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 218-226).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით სს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარსადგენად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 229-230).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით სს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუსრულებლობის გამო (იხ. ს.ფ. 233-235).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,…“ დირექტორმა რ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გზავნილის ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის უხეში დარღვევით, კერძოდ: გზავნილი ჩაიბარა ს. წ-მა, რომელიც არის არა სს ,,…“ თანამშრომელი, არამედ შპს ,,ი...“ თანამშრომელი, რომელიც არ წარმოადგენს კანცელარიის ან მსგავსი სტრუქტურული ერთეულის მუშაკს, იგი არის გაყიდვების მენეჯერი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ადრესატისათვის გზავნილის დროულად გადაცემა. შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერ იქნა ხარვეზი აღმოფხვრილი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ სს ,,…“ გააჩნია მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი მოცემული დავისადმი. კერძო საჩივარს ერთვის სს ,,…“ დირექტორის რ. მ-ის ცნობა იმის თაობაზე, რომ ს. წ-ი არ წარმოადგენს სს ,,…“ თანამშრომელს და ერთვის ასევე, რ. მ-ის, როგორც შპს ,,ი...“ დირექტორის ს. წ-თან 2010 წლის 23 აგვისტოს დადებული შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 242-247).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,…“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება ხარვეზის თაობაზე სს ,,…“ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2013 წლის 28 იანვარს და ჩაბარდა ოფისის მენეჯერს ს. წ-ს (პირადი №...) 2013 წლის 1 თებერვალს (იხ. ს.ფ. 232), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომლის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სსსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლიარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 73.8 მუხლით დადგენილი წესი, რადგან გზავნილი ჩაიბარა ს. წ-მა, რომელიც არ არის სს ,,…“ თანამშრომელი, არამედ არის შპს ,,ი...“ გაყიდვების მენეჯერი და არ წარმოადგენდა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს და შესაბამისად დროულად ვერ უზრუნველყო გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, სსსკ-ის 71.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სს ,,…“ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ... ... და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, განჩინება ჩაჰბარდა ოფისმენეჯერს ს. წ-ს (რის თაობაზეც მითითებას თავად გზავნილის ჩამბარებელი პირი აკეთებს) თანახმად, სსსკ-ის 74.1 მუხლის მოთხოვნებისა. შესაბამისად, ს. წ-ი, რომელსაც უარი არ განუცხადებია სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა გზავნილი ადრესატისათვის და არა დაგვიანებით, რის თაობაზეც თავად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა გზავნილები სსსკ-ის 71.1 და 73.1 მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაგზავნამდეც, აპელანტისათვის იგზავნებოდა იმავე მისამართზე და გზავნილი ბარდებოდა ს. წ-ს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით, ასევე აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაც გაიგზავნა იმავე მისამართზე და აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა (გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ს. წ-ი (იხ. ს.ფ. 189; 239)). სააპელაციო სასამართლოს შეტყობინება გზავნილის ადრესატებისათვის ჩაუბარებლობის შესახებ არ მიუღია, რაც წარმოშობდა ალტერნატიული მისამართის მოძიებისა, ან გზავნილის ადრესატებისათვის ხელახლა გაგზავნის წინაპირობას.

აგრეთვე, საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინება, კერძო საჩივრის ხარვეზის თაობაზე, გაგზავნილი სს ,,…“სახელზე ჩაბარდა მენეჯერს ს. წ-ს, რითაც დასტურდება, რომ ს. წ-ი დღეის მდგომარეობითაც აგრძელებს სს ,,…“ სახელზე გაგზავნილი გზავნილების ჩაბარებას და შესაბამისად, წარმოადგენს გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს (იხ. ს.ფ. 256-257).

რაც შეეხება, კერძო საჩივრის არგუმენტს ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ,,…“კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე