Nბს-799-783(კს-12) 4 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება
დავის საგანი – მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინდ. მეწარმე ,,ბ. ქ-მა“ 2007 წლის 1 ივნისს, სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2007 წლის 23 მაისის N00737 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და 2007 წლის 28 მაისის N1516 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ის სარჩელი გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 23 მაისს გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N00737 და მისგან გამომდინარე ყველა შედეგი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდუალური მეწარმე ,,ბ. ქ-ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 23 მაისის N00737 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 მაისის N1516 საგადასახადო მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ისნპექცია).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოს მიერ 2008 წლის 24 ოქტომბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ინდივიდუალური მეწარმე ,,ბ. ქ-ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება განიმარტა შემდეგნაირად: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე ,,ბ. ქ-ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და შესაბამისად, დაკმაყოფილდა აგრეთვე ინდ. მეწარმე ,,ბ. ქ-ის“ სარჩელის მოთხოვნა და ბ. ქ-ს ნება დაერთო შპს ,,...“ გამოეყვანა ავტომანქანა ზილ-130 და მასზე არსებული ტვირთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე (გადაწყვეტილების განმარტების შესახებ).
2012 წლის 18 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ბ. ქ-მა და მოითხოვა საქმეზე N3/ბ-1475-07, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრა. განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა“ და განმარტა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისა და აღსრულების საკითხზე იმსჯელა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N1/14/184.228 მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული პრეცენდენტია, როცა სასამართლოსადმი მიმართვაში, გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაც ივარაუდება; ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლებას, მით უფრო დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუ კი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღემდე ვერ ხერხდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე N3ბ/1475-07 აღსრულება, მხარემ მოითხოვა სასამართლომ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლი და თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს დასაბრუნებელი მოძრავი ნივთების ღირებულება. განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკა აქვს დადგენილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავისი 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმეზე Nას325-580-08. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, განისაზღვროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე N3ბ/1475-07 ბ. ქ-ისათვის მიკუთვნებული მოძრავი ნივთების (ალკოჰოლური სასმელების) ფასი კერძოდ კი მათი ფასი განისაზღვროს 77 161 (სამოცდაჩვიდმეტიათას ასსამოცდაერთი) ლარად და აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით ბ. ქ-ის განცხადება მიკუთვნებული მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ განმცხადებელმა ბ. ქ-მა შპს ,,...” ავტომანქანა ზილ-130–ზე არსებული ტვირთი უკან ვერ დაიბრუნა. პალატამ აღნიშნა ის გარემოება, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში არ არის დაფიქსირებული სადავო ნივთების ღირებულება და აღნიშნული არ ყოფილა სასამართლოს მსჯელობის საგანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, მხარე, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, უფლებამოსილია, მოითხოვოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებისას (ქონების განადგურება და სხვა) ამ ქონების ღირებულების განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მეწარმე ბ. ქ-ის წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო–საარბიტრაჟო პალატის 2007 წლის 23 მარტის ცნობა №03–180, რომლის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების საბაზრო ღირებულებამ, რომელიც გადაჰქონდა ავტომანქანას „ზილ–130“ სახელმწიფო ნომრით ..., შეადგინა 77 161,20 ლარი, დღგ–ს გათვალისწინებით (65 394 ლარი დღგ–ს გამოკლებით). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ცნობა საქმის განხილვისას არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, არ ყოფილა სასამართლოს მსჯელობის საგანი. მართალია, გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილ 2007 წლის 23 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში №00737 მითითებულია, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე, საერთო საბაზრო ღირებულებამ დღგ–ს ჩათვლით შეადგინა 77 161,20 ლარი, თუმცა აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი განცხადება სათანადოდ არ არის დასაბუთებული და არ დასტურდება განცხადებაში მხარის მიერ მითითებული ნივთების ღირებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონის სხვადასხვა ნორმებით, რომლებიც ავალდებულებს სასამართლოს, გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საეჭვო არ არის _ სასამართლომ მხარეს დააკისრა ქონების გადაცემა. ამავდროულად, მხარეს უფლება აქვს, კანონის ფარგლებში ხელი შეუწყოს და უფრო მეტად გარანტირებული გახადოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ: ქონების მიკუთვნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლით, რომლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. ამდენად, მხარე, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, უფლებამოსილია, მოითხოვოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებისას (ქონების განადგურება და სხვა) ამ ქონების ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნულით უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება და მოსარჩელეს ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხელახლა აღძვრის საჭიროება არ წარმოეშობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო–საარბიტრაჟო პალატის 2007 წლის 23 მარტის ცნობაზე №03–180, რომლის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების საბაზრო ღირებულებამ, რომელიც გადაჰქონდა ავტომანქანას „ზილ–130“ სახელმწიფო ნომრით ..., შეადგინა 77 161,20 ლარი, დღგ–ს გათვალისწინებით (65 394 ლარი დღგ–ს გამოკლებით) და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმა ავალებს სასამართლოს, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული მუხლის მოთხოვნა დაარღვია, გასაჩივრებული განჩინება სათანადოდ არ დაასაბუთა და არ განსაზღვრა იმ ნივთების ღირებულება, რომლებიც ბ. ქ-ისათვის უნდა დაებრუნებინათ. ასეთ ვითარებაში კი გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით აღსრულებას საფრთხე ექმნება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოარკვიოს და განსაზღვროს კონკრეტულად რა ღირებულებისაა სადავო ნივთები (ალკოჰოლური სასმელები) და აღნიშნული ასახოს თავის გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ბ. ქ-ისათვის სადავო ნივთების ფასის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე