№ბს-165-158(უს-13) 30 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ზ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - ნ. ხ-ი, გ.ა-ე, ნ.ი-ი, ვ.ღ-ე, ნ.თ-ე, თ.თ-ი, ა.ძ-ე, ა.ჩ-ე, დ.ს-ე, თ.გ-ი, დ.ე-ე, რ.ხ-ი, გ.გ-ე, კ.ჭ-ე, ნ.ს-ე, ი.ა-ე, დ.ა-ე, პ.ქ-ე, ნ.ლ-ა, ა.თ-ე, ი.მ-ე, ა.ჯ-ე, გ.ბ-ე, გ.ე-ა, გ.ზ-ე, ხ.მ-ე, თ.შ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2013წ. განჩინება
დავის საგანი - აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დასკვნის გაუქმება
განმცხადებლის მოთხოვნა - აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. დ-მა 27.09.2012წ. სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ უძრავი ქონების შეფასების დასკვნის გაუქმების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.10.12წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ხ-ი, ხოლო 15.10.12წ. განჩინებით - მშენებარე ... საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე - გ.ა-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.10.12წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ის პირები, რომლებსაც განხორციელებული აქვთ შენატანები ... საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის: ნ. ი-ი, ვ. ღ-ე, ნ. ტ-ე, თ. თ-ი, ა. ძ-ე, ა. ჩ-ე, დ. ს-ე, თ. გ-ი, დ. ე-ე, რ. ხ-ი, გ. გ-ე, კ. ჭ-ე, ნ. ს-ე. ი. ა-ძე, დ. ა-ე, პ. ქ-ე, ნ. ლ-ა, ა. თ-ე, ი. მ-ე, ა. ჯ-ე, გ. ბ-ე, გ. ე-ა, გ. ზ-ე, გ. მ-ე და თ. შ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.11.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. დ-მა.
ზ. დ-მა 03.01.13წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის აღსრულების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.13წ. განჩინებით ზ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა ზ. დ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.13წ. განჩინებით ზ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2013წ. განჩინებაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. განსახილველ შემთხვევაში ზ. დ-ი ითხოვს აღსრულების შეჩერებას საქმის განხილვის დასრულებამდე იმ საფუძვლით, რომ არ მოხდეს სადავო ქონების აუქციონზე გაყიდვა აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულ ფასად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა სააღსრულებო ბიუროსათვის აღსრულების შეჩერების მოთხოვნის შესახებ განცხადებით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36.2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად არა უმეტეს 3 თვის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდგომ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას. ვადის გასვლის გამო მოსარჩელემ მომართა სასამართლოს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი გულისხმობს აღსრულების შეჩერებას მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ადასტურებს უზრუნველყოფის ზომის მიღებაზე უარის თქმას, ვინაიდან ხსენებული მუხლი არ შეიცავს აღსრულების შეჩერების ამომწურავ ჩამონათვალს, 36.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეიძლება შეჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კანონმდებლობას არ ემყარება აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც ამომწურავად არის ჩამოთვლილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეაჩეროს აღსრულება. სასამართლოს ამ მოსაზრებას არ ადასტურებს სსკ-ის 198.2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი. ის გარემოება, რომ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მითითებულია მხოლოდ აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომელიც აღძრულია ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის საფუძველზე ან რომელზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ ადასტურებს მხოლოდ ამ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერების გამოყენებას. სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. ამდენად, ის გარემოება, რომ განსახილველი შემთხვევა არ არის პირდაპირ მითითებული სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალში, არ ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შეუძლებლობას. საჩივრის ავტორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შეაჩეროს აღსრულება. აღნიშნულ სხვა შემთხვევად განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სააღსრულებო ბიუროს ქონების შეფასების დასკვნა. საჩივრის ავტორი მიუთითებს კონკრეტულ საშიშროებაზე, საქმის წარმოების პროცესში აუქციონზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობაზე, რაც შეუძლებელს გახდის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას. მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დადასტურებულია, რადგან ზ. დ-ი ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვს შეფასების სამსახურის დასკვნის გაუქმებას, რომლითაც ზ. დ-ის მოვალის ნ. ხ-ის კუთვნილი წილი ... საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობაში შეფასებულია 900 აშშ დოლარად. ამხანაგობიდან მოვალის კუთვნილი ქონების განსაზღვრის მიზნით მოსარჩელემ მიმართა აუდიტს, რომლის შეფასებაც აღმასრულებლის მიერ გაზიარებული არ იქნა და შეფასება განახორციელა სააღსრულებლო ბიუროს შეფასების სამსახურმა.
სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.03.2012წ. გაცემული #2/628 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე #..., კრედიტორი: ზ. დ-ი, მოვალე: ნ. ხ-ი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2013წ. განჩინება;
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.03.2012წ. გაცემული #2/628 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე #..., კრედიტორი: ზ. დ-ი, მოვალე: ნ. ხ-ი);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე