Facebook Twitter
საქმე №ბს-580-570(კ-12) 11 ივნისი 2013 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ. ფ-ი;
წარმომადგენელი – ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი – ვ. ბ-ი

მესამე პირები _ ს. კ-ი, ნ. ი-ი;
წარმომადგენელი _ ო. მ-ი

დავის საგანი –ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე _ დ. ფ-ი
წარმომადგენელი _ ნ. ა-ი
მოპასუხეები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები: დ. ჯ-ა, თ. ტ-ე

მესამე პირები: ს. კ-ი, ნ. ი-ი
წარმომადგენელი: ო. მ-ი

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

სარჩელის საგანი:
1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის #9526 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის #832007003888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: დ. ფ-მა 2011 წლის 20 ოქტომბერს, როგორც მ. ფ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო მოწმობით, მემკვიდრეობით მიიღო მ. ფ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქუჩა #3-ში;

2011 წლის 20 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. მარნეულში, ... ქ. #3-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებად დარეგისტრირება.

მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის #882011511644-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება რადგან, ქ. მარნეულში ... №3-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ნ. ი-სა და ს. კ-ის სახელზე, რომელმაც უკანონოდ განახორციელა უძრავი ქონების გასხვისება ფ. ი-ზე.

მითითებული გადაწყვეტილება დ. ფ-მა საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის #882011511644-03 გადაწყვეტილების გაუქმება და ამავე სამსახურის მიერ განხორციელებული ფ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 დეკემბრის №192672 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ. ი-ისა და ფ. ი-ის ნასყიდობის ხელშეკრულება, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ¹882009420322 საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სადაო საცხოვრებელი სახლი კვლავ აღირიცხა მესამე პირების ნ. ი-ისა და ს. კ-ის სახელზე და განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

საჯარო რეესტრის 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილებით დ. ფ-ს უარი ეთქვა ს. კ-ისა და ნ. ი-ის სახელზე 2007 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობაზე;

საჯარო რეესტრის 2012 წლის 23 იანვრის №9912 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 26 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებები (საქმის წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ).

მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება ს. კ-სა და ნ. ი-ზე რეგისტრირებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან რეგისტრაციის განხორციელების დროს მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია არ წარმოადგენდა უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს; რაც შეეხება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მეორე საფუძველს – პრივატიზაციის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებით ს. კ-ს მიღებული აქვს 30 კვ.მ. ფართობის ორი ოთახი, ხოლო საჯარო რეესტრში ნაცვლად 30 კვ.მ. ფართობისა რეგისტრირებული აქვს მთელი საცხოვრებელი სახლი 63 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად;

მოსარჩელის მითითებით, მის უფლებებსა და ინტერესებს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, ეზღუდება საკუთრების უფლება, რადგან მოსარჩელე ვერ ახერხებს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

სამართლებრივი:
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს /იხ. ს.ფ 1-11 ტ.1/ .


მესამე პირების ს. კ-ისა და ნ. ი-ის შესაგებლები:

ფაქტობრივი: მესამე პირებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება წარმოადგენდა მათი და მ. ფ-ის თანაზიარ საკუთრებას. შესაბამისად, ისინი წინააღმდეგნი არ არიან დ. ფ-მა დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება მის წილ ქონებაზე;

სამართლებრივი: მესამე პირების განმარტებით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის თანახმად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. /იხ. ს.ფ 46-62 ტ.1/

მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაშვებულ იქნა ხარვეზი, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მონაცემის მიხედვით ქ. მარნეულში, ... ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ მოქ. ს. კ-თან ერთად აღრიცხული იყო მოქ. მ. ფ-ი. შესაბამისად, №88200703888 რეგისტრაციისას აღნიშნული მონაცემი უნდა აღრიცხულიყო უძრავი ქონების ჩანაწერში. აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ცნობილი გახდა მოქ. დ. ფ-ის განაცხადით მემკვიდრეობის უფლების რეგისტრაციისას. ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011511644 გადაწყვეტილებით დ. ფ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა შესაბამისი წესით, რომლის შემდგომაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 თებერვლის №9912 გადაწყვეტილებით ¹83/02/18/053 ქონების თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ: ს. კ-ი, დ. ფ-ი და ნ. ი-ი.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, 2007 წლის 6 სექტემბრის №88200703888 გადაწყვეტილებით განხორციელებული რეგისტრაცია კანონიერია, ვინაიდან, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრს წარუდგინა რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი /იხ. ს.ფ 84-91 ტ.1/ .

საქმის გარემოებები:
1992 წლის 23 დეკემბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეესტრი ¹6ნ-1242) თანახმად, მარნეულის მეკარტოფილეობის საბჭოთა მეურნეობის წარმომადგენელმა მ. ა-მა (1992 წლის 25 ივნისის მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებით) მ. ფ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (ბინა) მდებარე ქ. მარნეული, .... ქუჩა №3-ში.

2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების თანხმად, ნ. ა. 2001 წლის 6 მარტს მარნეულის რაიონის სსს-ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცა ს. კ-ს ბინა მდებარე ქ. მარნეული, ... ქ. №3-ში, რომელიც შედგება ორი საცხოვრებელი ოთახისაგან, საერთო ფართით 30 კვ.მ;

2007 წლის 6 სექტემბერს ს. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით;

2007 წლის 6 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა – მარნეული ... სექტორი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., დაზუსტებული ფართი-0,0138 ჰა საკუთრების უფლებით აღირიცხა ს. კ-ისა და ნ. ი-ის სახელზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიისა და 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.

ნ. ი-მა და ს. კ-მა სადაო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისეს ფ. ი-ზე, რომლის წარმომადგენელმა მოითხოვა უფლების რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში. მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით სადაო ქონება აღირიცხა ფ. ი-ის საკუთრებად;

დ. ფ-მა 2011 წლის 20 ოქტომბერს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო მოწმობით, მემკვიდრეობით მიიღო მ. ფ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქუჩა №3-ში;

2011 წლის 20 ოქტომბერს დ. ფ-მა განცხადებით მიმართა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. მარნეულში, ... ქ.¹3-ში მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება;

მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის #882011511644-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

დ. ფ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №882011511644-03 გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ამავე სამსახურის მიერ 2009 წელს ფ. ი-ზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა სადავო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...);

მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ნოემბრის №882011511644-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს არ წარმოუდგენია შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია;

2011 წლის 21 დეკემბერს ¹192672 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №882009420322 და აღდგა ბათილად ცნობილი აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრის 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილებით დ. ფ-ს უარი ეთქვა ს. კ-ისა და ნ. ი-ის სახელზე 2007 წლის 06 სექტემბერს განხორციელებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობაზე;

საჯარო რეესტრის 2012 წლის 23 იანვრის №9912 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 26 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებები (საქმის წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ); მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ¹#882011511644 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სააგენტოს წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.

2012 წლის 6 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. მარნეულში ... ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად 2012 წლის 6 მარტს დარეგისტრირდნენ ს. კ-ი, ნ. ი-ი და დ. ფ-ი.………

დ. ფ-მა 2012 წლის 16 თებერვალს მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის ¹#832007003888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის ¹№832007003888 გადაწყვეტილება, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
/იხ.ს.ფ. 293-294 ტ.1/.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
1992 წლის 23 დეკემბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეესტრი ¹6ნ-1242) თანახმად, მარნეულის მეკარტოფილეობის საბჭოთა მეურნეობის წარმომადგენელმა მ. ა-მა (1992 წლის 25 ივნისის მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებით) უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში მ. ფ-ს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (ბინა) მდებარე ქ. მარნეული,... ქუჩა №3-ში;

2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების თანხმად, ნ. ა-მა 2001 წლის 6 მარტს მარნეულის რაიონის სსს-ს მიერ გაცემული 1230 მინდობილობის საფუძველზე ს. კ-ს უსასყიდლოდ გადასცა მარნეულის სსს-ს კუთვნილი ბინა. მდებარე - ქ. მარნეული, ... ქუჩა 3-ში, რომელიც შედგება ორი საცხოვრებელი ოთახისაგან, საერთო ფართით 30 კვ.მ;

2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების თანხმად, ს. კ-ს საკუთრებაში გადაეცა მარნეულის სსს-ს კუთვნილი ბინა საერთო ფართობით 30კვ.მ;

ს. კ-ი და ნ. ი-ი ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში სადავო საცხოვრებელ სახლში;

2007 წლის 6 სექტემბერს ს. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით;

2007 წლის 06 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა – მარნეული ..., სექტორი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., დაზუსტებული ფართი-0,0138 ჰა საკუთრების უფლებით აღირიცხა ს. კ-ისა და ნ. ი-ის სახელზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის და 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.

2011 წლის 26 ოქტომბერს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა 882011511644-03 გადაწყვეტილებით დ. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებზე თანდართული საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2011 წლის 24 ნოემბერს დ. ფ-მა საჩივრით გაასაჩივრა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის 882011511644-03 გადაწყვეტილება;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 დეკემბერს №192672 გადაწყვეტილებით გააუქმა 2009 წლის 25 დეკემბრის ¹№882009420322 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არასრულყოფილი გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) გამო.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავო უძრავ ქონებაზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) ტექ. ინვენტარიზაციაში დაცული მონაცემები არ შეესაბამება 2007 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს / იხ.ს.ფ 288-290 ტ.1/.


სასამართლოს დასკვნები: საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ფ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ..კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნეულია რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

რაიონული სასამართლოს შეფასებით, სადავო უძრავ ქონებაზე ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ის დოკუმენტები, რომელიც დაცული იყო ტექ. ბიუროში.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოკვლული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისიწინებული მოთხოვნების დარღვევას, რაც გამოიხატა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობასა და შეუფასებლობაში, რის გამოც შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება და შესაბამისად ამ გარემოებების სასამართლო წესით გარკვევა. ამდენად, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი / იხ. ს.ფ. 291-294 ტ.1/.

აპელანტები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ვ. ბ-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა(იხ. ს.ფ. 320-332; ტ.1).

ფაქტობრივი: აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) ტექნიკური ინვერტარიზაციის ბიუროში დაცული მონაცემები არ შეესაბამება 2007 წლის 6 სექტემბერს განხორციელებული ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას აღრიცხულ მონაცემებს.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ დ. ფ-ი რეგისტრირებულია მთელი უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემების შესაბამისად. ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი – 138 კვ.მ. უფრო ნაკლებია ტექბიუროში აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართზე, მოსარჩელეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, ს. კ-ის მიერ 2007 წლის 6 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებს; მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-20 მუხლს დაDარ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

აპელანტის განმარტებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი. სასამართლოს მიერ არასრულყოფილადაა შეჯერებული და შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი გარემოებაა საქმისათვის მნიშვნელოვანი და გამოსაკვლევი. არ იმსჯელა, თუ რაში გამოიხატა ტექბიუროს მონაცემების გაუთვალისწინებლობა ან რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის ტექბიუროს მონაცემების გაუთვალისწინებლობა;

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლისა და 80-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით არ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები / იხ. ს.ფ. 320--332 ტ.1/.

აპელანტები – ს. კ-ი, ნ. ი-ი
წარმომადგენელი – ო. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ფ-ი
წარმომადგენელი - Bნ. ა-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა(იხ. ს.ფ. 333-343; ტ.1).

ფაქტობრივი: აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადაო ფაქტობრივ გარემოებად საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში ¹... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებსა და 2007 წლის 6 სექტემბერს ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

სამართლებრივი: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. / იხ. ს.ფ. 333-343 ტ.1/.

მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური), ს. კ-ისა და ნ. ი-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა / იხ. ს.ფ. 82 ტ.2/.



გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლოს გამორკვევით, დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9526 და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 6 სექტემბრის №832007003888 გადაწყვეტილებები;

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის გარეშე ცნო ბათილად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9526 გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ს უარი ეთქვა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის ¹832007003888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი საჩივრის განხილვაზე; სააპელაციო პალატის განმარტებით, სახეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობისათვის; კერძოდ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლოს წესით; შესაბამისად, ვინაიდან დ. ფ-ის მიერ სააგენტოში წარდგენილ იქნა საჩივარი სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაზე უძრავ ქონებაზე ს. კ-ის და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საჩივარი, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი მის განხილვაზე კანონიერია.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადაო საკითხის გადაუწყვეტლად მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის ¹832007003888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის დავალება, იმდენად, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის გარემოებები, რომელთა გამოკვლევა სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე გამოკვლეული და ასახული იქნა ახალ აქტში, რომელიც გამოცემული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას;

სადაო მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის №832007003888 გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართი - 0,0138 ჰა, დარეგისტრირდა ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის და 2001 წლის 29 მარტის პრივატიზების ხელშეკრულების (ბინა მდებარე ქ. მარნეული, მ.... ქუჩა ¹3-ში, ორი საცხოვრებელი ოთახი, საერთო ფართით 30 კვ.მ); აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მასზე უარის თქმისათვის შესაბამისი წანამძღვრები; კერძოდ, რომ 2007 წლის 06 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ს. კ-ის ¹83.07.0388 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2007 წლის 21 აგვისტოს №853 ცნობა ს. კ-ის კომლის შემადგენლობის შესახებ, სადაც ნ. ი-ი წარმოადგენს კომლის წევრს; 29.03.2001წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება; 24.07.2007წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი (მიწის ნაკვეთის ფართობი – 138კვ.მ) ს/ს მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია; სადაო პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში. სასამართლო ასევე უთითებს ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-20 მუხლს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. კ-ის მიერ 2007 წლის 06 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, კერძოდ, წარდგენილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია; საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; პრივატიზაციის ხელშეკრულება, რაც ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹№107 დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შეწყვეტის ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე დღეის მდგომარეობით, უძრავ ნივთზე, მდებარე-ქალაქი მარნეული, ... ქ.№3, საიდენტიფიკაციო კოდი ¹..., მიწის ნაკვეთის ფართობი-138 კვ.მ. რეგისტრირებულია დ. ფ-ის, ს. კ-ისა და ნ. ი-ის თანასაკუთრების უფლება; აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან სადაო უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ¹ ... რეგისტრირებულია მოსარჩელე დ. ფ-ის თანასაკუთრების უფლება, ს. კ-სა და ნ. ი-თან ერთად, იმ სახით რა სახითაც შესაძლებელია რეგისტრაციის განხორციელება ამ უძრავ ნივთზე იმ გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რაც სასამართლომ სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა, საფუძველს მოკლებულია სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება; კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით სადაო უძრავ ქონებაზე 2007 წლის 06 სექტემბერს ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ის დოკუმენტი, რომელიც დაცული იყო ტექ. ბიუროში, ამიტომ სასამართლომ აღნიშნული რეგისტრაციის მონაცემები ტექ. ინვენტარიზაციაში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა მათი გათვალისწინებით რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემა;

სააპელაციო პალატის შეფასებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადაო 2007 წლის 6 სექტემბრის №832007003888 რეგისტრაციისას ტექბიუროს მონაცემების გაუთვალისწინებლობა გამოიხატა იმაში, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში არ იქნა გათვალისწინებული დ. ფ-ის საკუთრების უფლება და მასში აისახა მხოლოდ ს. კ-ის და ნ. ი-ის თანასაკუთრების უფლება; აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული იქნა მას შემდეგ, რაც მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა ტექბიუროს მონაცემების გათვალისწინებით სადაო უძრავ ქონებაზე 2012 წლის 06 მარტს განახორციელა ¹882011511644 რეგისტრაცია დ. ფ-ის, ს. კ-ის და ნ. ი-ის საკუთრების უფლების შესახებ; შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2012 წლის 26 ივნისს გადაწყვეტილების მიღებისას აღარ არსებობდა ფაქტობრივი წანამძღვრები იმისათვის, რომ სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა სადაო უძრავ ქონებაზე ახალი რეგსტრაციის განხორციელდება ტექბიუროს მონაცემების გათვალისწინებით;

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო უძრავ ქონებაზე დ. ფ-ის, ს. კ-ის და ნ. ი-ის თანასაკუთრების უფლება არ განსაზღვრავს თანაბარ წილობრივ მონაცემებს ანუ 1/3-1/3-1/3-ს, არამედ ადგენს დ. ფ-ისათვის წილს და ს. კ-ისა და ნ. ი-ისათვის ½ წილს, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად მიწა თანასაკუთრებაში გადაეცათ კომლის წევრებს; ამასთან, აღნიშნული წილების ფაქტობრივი, რეალური გამოსახვა დამოკიდებულია თანამესაკუთრეთა შეთანხმებაზე ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო დავაზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ 2008 წლის 19 დეკემბრის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სადაო უძრავ ქონებაზე 2007 წლის 06 სექტემბრის ¹832007003888 რეგისტრაცია უკვე ძალადაკარგულია, ვინაიდან მასზე განხორცილდა ახალი ¹882011511644 რეგისტრაცია 2012 წლის 06 მარტს, რის შედეგადაც მოსარჩელემ მოახდინა თავისი უფლების რეალიზაცია და დარეგისტრირდა თანამესაკუთრედ; ამასთან, აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის ¹882011511644 (06.03.2012) გადაწყვეტილება დ. ფ-ს სადავოდ არ გაუხდია და ძალაშია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემები; ასევე მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წამოუდგენია დასაბუთება იმ იურიდიული ინტერესისა, რაც სადაო ძალადაკარგული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მისთვის არის მისაღწევი; / იხ. ს.ფ. 77- 82 ტ.2/.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაო აქტთან მიმართებაში არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით დავის გადაწყვეტის ფაქტობრივი წანამძღვრები, რის გამოც გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ამასთან, აქტის არსებითად ბათილად ცნობის წანამძღვრებზე სააპელაციო პალატა არ მსჯელობს, ვინაიდან საქმე განხილული იქნა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხოლოდ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრების საფუძვლებზე; / იხ. ს.ფ. 81 ტ.2/.

კასატორი: დ. ფ-ი
წარმომადგენელი: ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი: ვ. ბ-ი

მესამე პირები: ს. კ-ი, ნ. ი-ი
წარმომადგენელი: ო. მ-ი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

კასაციის მოტივები:
სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორი აღნიშნავს, რომ მას არცერთ ინსტანციაში არ მოუთხოვია სადაო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. მისი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სადაო რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნას. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე არ განიხილა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

მატერიალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ”, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია, როცა მიუთითა, რომ კასატორის მიერ სადაოდ გამხდარი ¹№832007003888 რეგისტრაცია ძალადაკარგულია, რადგან განხორციელდა არაერთი ტრანზაქცია, მაშინ, როცა კასატორი ასაჩივრებდა თავდაპირველ რეგისტრაციას, რომლის საფუძველზეც მე-3 პირებს წარმოეშვათ საკუთრების უფლება.

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მას გასაჩივრებული აქტები არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს. ვინაიდან, მან ვერ დაირეგისტრირა მემკვიდრეობით მიღებული ქონება საკუთრების უფლებით, იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლება 2007 წელს დარეგისტრირებული ჰქონდათ მე-3 პირებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბერს განხორციელებული ¹№832007003888 რეგისტრაციის კანონიერად მიჩნევას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ¹№832007003888 რეგისტრაციით ს. კ-ის მიერ მოთხოვნილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არ არსებობს მესამე პირების განცხადება საკუთრების უფლებით უძრავი ქონების დარეგისტრირებაზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატა მიუთითებს 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით ს. კ-ის გადაცემული აქვს მხოლოდ 30 კვ.მ.-ის ოდენობის ორი ოთახი და მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა არასწორად და უკანონოდ აღრიცხა მთლიანი საცხოვრებელი სახლის 63 კვ.მ-ს ოდენობის მესაკუთრედ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, რის საფუძველზე აღირიცხა ნ. ი-ი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ვერ განასხვავა კომლის შესახებ ცნობისაგან. Aაქვე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მესამე პირებმა წარადგინეს საგადასახადო სია 138 კვ.მ მიწაზე / იხ. ს.ფ. 93-105 ტ.2/.


მესამე პირები - ს. კ-ი და ნ. ი-ი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო შესაგებელში მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

მესამე პირების მითითებით, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო ფართში, მ. ფ-ის მეზობლად. მ. ფ-მა საკუთარი წილის პრივატიზება მოახდინა 1992 წლის 23 დეკემბერს, ხოლო ს. კ-მა და ნ. ი-მა პრივატიზაცია მოახდინეს 2001 წლის 29 მარტს, ხოლო შემდეგ მოხდა შესაბამისი ჩანაწერების აღრიცხვა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში.

საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით დ. ფ-ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, რაც თვითონ დ. ფ-ს დღემდე სადავოდ არ გაუხდია.

დ. ფ-ი სადავოდ ხდის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებას, იმ მოტივით, რომ Uუძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა საგადასახადო სიის მიხედვით, ასევე ს. კ-ის მიერ შედგენილი სარეგისტრაციო განაცხადი არ იყო სრულყოფილი, რის შესახებაც საჯარო რეესტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ტექნიკური ხარვეზი არ შეიძლება გამხდარიყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი. უძრავი ქონების მესამე პირების სახელზე რეგისტრაციის შემდეგ განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია, რის შედეგადაც აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა.

დ. ფ-ს სადავოდ არ გაუხდია ს. კ-ის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის თავდაპირველი საფუძველი. კერძოდ, 2001 წლის 29 მარტის ¹№1პ-05 პრივატიზაციის ხელშეკრულება. Aასევე სადავოდ არ გაუხდია 2012 წლის 06 მარტს განხორციელებული ჩანაწერი, რომლითაც ის აღირიცხა ქ. მარნეულში, ... ქ. ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.

მესამე პირების განმარტებით, 2007 წლის 6 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ჩანაწერებში მოხდა ტრანზაქცია და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა ს. კ-ის მეუღლე ნ. ი-ი. გაუგებარია თუ რა სახის ზიანს აყენებს აღნიშნული კასატორს.

ამასთან, 1992 წლის 23 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, მ. ფ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ, მარნეულში, ... ქ.№3¹-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და არა მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, ის არის ზოგადი და მასში კონკრეტულად არ არის მითითებული სამკვიდრო ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ფართობები. / იხ. ს.ფ. ტ.2/..


საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია / იხ. ს.ფ. ტ.2/.





ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის №832007003888 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის №9626 გადაწყვეტილების ბათილად შესახებ სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად და ამ ნაწილში კასაცია არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილების ნაწილში, კანონიერი და დასაბუთებულია. ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას მისი უკანონობის თაობაზე, რის გამოც იგი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სააკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია გასაჩივრებული აქტის კანონიერების შესახებ და შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების გარეშე ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო 2008 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზეა მიღებული და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის პირობები.

მიუხედავად ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესისა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადავო საკითხი გასაჩივრებული იქნება ადმინისტრაციული წესით, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის გარეშე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილის კონკრეტული სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით, ანუ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო - 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება შეესაბამება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს, რომლის მიხედვით რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე და მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას, თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, განცხადება განმცხადებელს შესაბამისი დასაბუთებით უკან უბრუნდება.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმით კანონმდებელი მკვეთრად უსვამს ხაზს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ხელისუფლების დანაწილების თაობაზე. სასამართლო ხელისუფლება, როგორც კონსტიტუციური ფუნქციის განმხორციელებელი მართლმსაჯულების ორგანო, გარანტირებულია სრული ავტონომიით და ჩაურევლობის პრინციპით. ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც ადგენს მმართველობის კანონიერების უზრუნველმყოფ ნორმებს, წესებს, პროცედურებსა და მექანიზმებს, ხოლო მმართველობით სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე კონტროლი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას წარმოადგენს, სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის შემცველი განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას, ადმინისტრაციული ოერგანოს არა აქვს მანდატი, გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ - სასამართლო ორგანოს, განსხვავებით ამავე კოდექსის 80.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებისა.

ამგვარ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება შემოიფარგლება განმცხადებლისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევით, კერძოდ, აუხსნას მხარეს, რომ საკითხი სასამართლო ორგანოთა იურისდიქციას განეკუთვნება. აღნიშნული თავის მხრივ, შეესაბამება კონსტიტუციის 42.1 მუხლით დადგენილ პრინციპს, რომ სწორედ მხოლოდ პირის უფლებას წარმოადგენს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს ანუ სარჩელის აღძვრა - სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია მხოლოდ პირის ნების ავტონომიას ეფუძნება.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საჩივარი, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი განსაზღვრავს კანონიერების პრინციპს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი საჩივრის განხილვაზე არის კანონიერი. ხოლო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის სამართლებრივად დასაბუთებული, როგორც კანონშესაბამისი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს აზრით, საკასაციო საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერების ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დასაბუთებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმე განხილული და გადაწყვეტილია საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით. ამასთანავე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და დადგენილი სამართლებრივი დასკვნები არ ეყრდნობა შესაბამის მატერიალური სამართლის ნორმებს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 20 ოქტომბერს დ. ფ-მა მემკვიდრეობით მიიღო ქ. მარნეულში ... ქ.№3-ში მდებარე მ. ფ-ის დანაშთი უძრავი ქონება.

მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. №3-ში 1992 წლის 23 დეკემბრისა და 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებების თანახმად მესაკუთრედ აღრიცხული არიან მ. ფ-ი და ს. კ-ი. ასევე, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ირკვევა, რომ ქ. მარნეულში, ... ქ. №3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი განთავსებულია 259 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.

2007 წლის 06 სექტემბერს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ.№3-ში დაზუსტებული ფართით 0.0138 ჰა საკუთრების უფლებით აღირიცხა ს. კ-სა და ნ. ი-ზე. განაშენიანების ფართით 63კვ.მ. მაშინ, როდესაც 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ს. კ-ს საკუთრებაში გადაეცა ორი საცხოვრებელი ოთახი, საერთო ფართობით 30 კვ.მ.

2011 წლის 20 ოქტომბერს, როდესაც დ. ფ-მა მიმართა საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, აღმოჩნდა, რომ 2007 წლის 06 სექტემბერს ამავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირებული იყო ს.კ-ისა და ნ. ი-ის სახელზე. საჯარო რეესტრის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-შვილის სარეგისტრაციო საქმისწარმოება შეწყდა.

2007 წლის 06 სექტემბერს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დ. ფ-მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

2012 წლის 06 მარტს განხორციელებული რეგისტრაციის თანახმად, მარნეულში, ... ქ.№3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, საერთო ფართით 138 კვ.მ. (განაშენიანების ფართით 63 კვ.მ.) თანამესაკუთრედ ს. კ-სა და ნ. ი-თან ერთად აღირიცხა მ. ფ-ის მემკვიდრე დ. ფ-ი.


საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმის მასალების თანახმად, ის გარემოებები, რომელთა გამოკვლევა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა ახალი აქტის გამოცემის დროს, რომელიც გამოცემული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთანავე, სადაო რეგისტრაციისას ტექბიუროს მონაცემების გაუთვალისწინებლობა გამოიხატა იმაში, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში არ იქნა გათვალისწინებული დ. ფ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ხარვეზი კი გამოსწორდა 2012 წლის 06 მარტს განხორციელებული რეგისტრაციით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული 2012 წლის 06 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მიუხედავად დ. ფ-ის თანამესაკუთრედ აღრიცხვისა, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხული საერთო ფართობი კვლავ შეუსაბამობაშია ტექნიკური ბიუროს მონაცემით აღრიცხულ ფართობთან, რაც დ. ფ-ს უზღუდავს მემკვიდრეობით მიღებული ქონებით სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, საკუთრების უფლების სრულ რეალიზაციას. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ დ. ფ-ის საკუთრების კანონიერ უფლებას ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისათვის სავალდებულო საპროცესო მოვალეობა - სარჩელის აღძვრა სათანადო მოსარჩელის მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ფ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის მიღებით დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის მე-5 თავით დადგენილი პროცედურული ნორმები რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 28-ე მუხლი, ცალსახად განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის დროს დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზად. მითითებული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმატავს, რომ პირისათვის კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების ძირითადი უფლების შეზღუდვა, დ. ფ-ის თანამესაკუთრედ არ გათვალისწინება, საქმის გარემოებების არასრულად გამოკვლევა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ ხარვეზად. უფრო მეტიც, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სადავო რეგისტრაციისას განაშენიანების საერთო ფართი, რომელზეც აღირიცხა ს. კ-ისა და ნ. ი-ის საკუთრების უფლება, ასევე არ შეესაბამებოდა პრივატიზაციის ხელშკრულებაში აღნიშნულ მონაცემს. კერძოდ, 2001 წლის 29 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ს. კ-ს გადაეცა საცხოვრებელი ბინის 2 ოთახი საერთო ფართით 30 კვ.მ. ხოლო მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში აღირიცხა 63კვ.მ ფართი.

სააკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია 1992-1993 წლებში კომლებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ს. კ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია იყო თუ არა სრული, საკმარისი და არსებობდა თუ არა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, მაშინ, როცა მოსარჩელე დ. ფ-ი, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებისას, სადავოდ ხდიდა ს. კ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების კანონშესაბამისობას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2007 წლის 06 სექტემბრის რეგისტრაცია უკვე ძალადაკარგულია, ვინაიდან მასზე განხორციელდა არაერთი ტრანზაქცია, ამასთან, დ. ფ-ს სადავოდ არ გაუხდია და ძალაშია 2012 წლის 06 მარტის რეგისტრაცია, რომლითაც დარეგისტრირდა დ. ფ-ის თანასაკუთრების უფლება, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთება იმ იურიდიული ინტერესისა, რაც სადაო ძალადაკარგული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში არის მისაღწევი და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს, როგორც აქტის ბათილად ცნობას, ასევე აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს აქტის სამართლებრივ ბუნებაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და 61-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლების მიხედვით უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ცხადდება ბათილად, ხოლო გამოცემის მომენტისთვის კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცხადდება ძალადაკარგულად. ამასთან, განსხვავებულია ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგები. გამომდინარე აღნიშნული მსჯელობიდან საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი მთელი სასამართლო დავის განმავლობაში ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და არა ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, 2012 წლის 06 მარტის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებით კასატორის მიერ ვერ იქნა მიღწეული სარჩელის მიზანი, შემდეგ გარემოებათა გამო, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის რეგისტრაციისას აღრიცხული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი არ შეესაბამებოდა ქ. მარნეულში ... ქ. №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებს. სადავო რეგისტრაციით საჯარო რეესტრში დაფიქსირდა მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 138 კვ.მ, მაშინ როცა ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად აღნიშნული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი წარმოადგენს 259 კვ.მ-ს. შესაბამისად, მიუხედავად აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაერთი ტრანზაქციის განხორციელებისა, ზუსტი მონაცემები საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესის საფუძველს კასატორისათვის წარმოადგენს საკუთრების უფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა, ხოლო მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 32.3 მუხლის საფუძველზე დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ძალადაკარგული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, თუ არსებობს მხარის შესაბამისი მოთხოვნა და კანონიერი ინტერესი ამ აქტის ბათილად ცნობის მიმართ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის - დ. ფ-ის კანონიერი ინტერესი სადავო აქტის (რომელიც ძალადაკარგულია) ბათილად ცნობის მიმართ დასაბუთებულია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, განუხორციელებელი და არარეალიზებული დარჩება მისი საკუთრების უფლება, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით აღრიცხული იყო 259 კვ.მ ფართით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას შემცირდა 121 კვ.მ-ით, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საჭიროებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

ამდენად, სადავო აქტი, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებული, ექვემდებარება ბათილად ცნობას, ამასთან საკასაციო სასამართლო, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს სადავო საკითხი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარის დ. ფ-ის მიერ საკასაციო სამართალწარმოებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევრის 150 ლარის გადახდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს, დ. ფ-ის სასარგებლოდ.



საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 32.3; 32.4 მუხლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ. ფ-ის სარჩელის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილების ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ფ-ის კასაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების დ. ფ-ის სარჩელის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანონიერების ნაწილში გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 06 სექტემბრის №832007003888 გადაწყვეტილება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
6. კასატორის - დ. ფ-ის მიერ საკასაციო სამართალწარმოებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევრის 150 ლარის გადახდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს, დ. ფ-ის სასარგებლოდ;
7.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
8.. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/