ბს-161-154(კს-13) 06 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):
1. თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური.
3. ქ. ბათუმის მერია.
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
02.11.11 წ. შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 22.09.11წ. №12 ოქმის ბათილად ცნობა შპს „…“ 03.09.09წ. გაცემული №1265 საკუთრების უფლების მოწმობის, თანდართული დამოწმებული აზომვითი ნახაზების და შპს „…“განცხადებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, შპს „…“ გაცემული №1265 საკუთრების უფლების მოწმობის უცვლელად დატოვება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.05.12წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. ბათუმის მერია.
11.05.12წ. შპს „…“ წარმომადგენელმა ვ. ხ-მა დამატებითი სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის საკრებულოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 06.03.12წ. №02/95 ბრძანების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 20.03.12წ. განხორციელებული ჩანაწერის, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. №... მდებარე სადავო ქონება აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში, ბათილად ცნობა. თავდაპირველი და დამატებითი სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.09.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „…“ დირექტორმა მ. დ-ემ (წარმომადგენელი ვ. ხ-ი) და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.09.12წ. გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.12.12წ. განჩინებით შპს „…“ ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარმოსადგენად განესაზღვრა 05 (ხუთი) დღის ვადა, მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.13წ. განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე 14.12.12წ. და გზავნილი დაბრუნდა მინაწერით „აღნიშნულ მისამართზე ასეთი შპს არ არის“ (ს.ფ.311), 08.01.13 წ. იგივე განჩინება გაეგზავნა შპს „…“ წარმომადგენელს ვ. ხ-ს (სამუშაო ადგილას) და ჩაბარდა გადასაცემად ადვოკატ თ. ბ-ეს 11.01.13წ. (ს.ფ.313). სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „…“ ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 11.01.13წ. და მიუთითა, რომ განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ბოლო ვადა შპს „…“ იყო 16.01.13წ., აღნიშნულის მიუხედავად, შპს „…“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, შპს „…“სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.13წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „…“ დირექტორმა მ. დ-ემ და წარმომადგენელმა ვ. ხ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.13წ. განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემა იმ მოტივით, რომ მათ დღემდე არ მიუღიათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწისგან მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განჩინება ჩაბარდა ადვოკატ თ. ბ-ეს მათზე გადასაცემად. მითითებულ მისამართზე რამოდენიმე ფირმა ფუნქციონირებს, მათთვის თ. ბ-ე არის გარეშე პირი, იგი არ არის გაფორმებული მათ ფირმაში ადვოკატად, არც სხვა თანამშრომლად, მას არავითარი კავშირი არ გააჩნია მათ ოფისთან. თ. ბ-ეს არ გადაუცია მათთვის განჩინება. მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმოს (შპს„...“) მისამართზე გაგზავნილი განჩინება სასამართლოს დაუბრუნდა მინაწერით „ასეთი საზოგადოება ამ მისამართზე არ აღმოჩნდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ განჩინების ჩაუბარებლობის ასეთი მოტივი მათთვის დაუჯერებელია, რადგან საზოგადოებას ამ მისამართზე გააჩნია ავტო-ნაწილების მაღაზია და სამუშაო საამქრო, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს, ხოლო ფირმის ამჟამინდელი დირექტორი მ. დ-ე ავტო-ნაწილების მაღაზიაში თავად მუშაობს. კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 73.8 მუხლის მოთხოვნები, რადგან მათ ფირმას გააჩნია კანცელარია და სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ, რამაც განაპირობა მათ მიერ სასამართლოსგან დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა და სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.13წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის VIII თავის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სსკ-ის 369.1 მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესახებ განჩინების გაგზავნისას დაცულია სსკ-ის 71-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.12.12წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის დადგენის შესახებ შპს „...“ გაეგზავნა მოსარჩელის (შპს„...“) მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ... ქ. №... (ტ.III.ს.ფ.310). საქმეში დაცულია აგრეთვე სასამართლოს გზავნილის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.III. ს.ფ. 311) წარწერით: „აღნიშნულ მისამართზე ასეთი შპს არ არის“, რის შემდეგაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის (შპს„...“) წარმომადგენელს - ვ. ხ-ს, მის მიერ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - სპს „...“, ქ. ბათუმი, ... გამზ. №..., ბ. №.... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო სსკ-ის 70-ე მუხლის, აგრეთვე სასკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად უწყება გაეგზავნა მხარის წარმომადგენლისათვის. შპს „...“ დირექტორის მ. დ-ის მიერ ვ. ხ-ზე გაცემული მინდობილობა დღემდე ძალაშია (ტ.III. ს.ფ.304).
ვ. ხ-ის მიერ მითითებული მისამართიდან სასამართლოს დაუბრუნდა გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ვ. ხ-ისთვის გაგზავნილი განჩინება ჩაბარდა 11.01.13 წ. ადვოკატ თ. ბ-ეს (ტ.III.ს.ფ.314). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სსკ-ის 73.8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, ასევე გარეშე პირისათვის განჩინების ჩაბარების შესახებ, ვინაიდან საქმეში დაცული დოკუმენტი (ტ.III.ს.ფ.107) ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტი მანამდეც (სადავო განჩინების ჩაბარებამდე) იგივე პიროვნებას - თ. ბ-ეს ბარდებოდა, კერძოდ, საქმეში დაცულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი შეტყობინება 03.05.2012წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის დაბარების შესახებ, რომელიც იმავე მისამართზე (ქ. ბათუმი, ... გამზ. №... ბ. №...), იმავე პიროვნებამ - თ. ბ-ემ ჩაიბარა. საქმეში დაცული (ტ.III.ს.ფ.111) ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომის 03.05.2012წ. ოქმით დასტურდება, რომ შეტყობინების შედეგად შპს „...“ წარმომადგენელი ვ. ხ-ი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, თ. ბ-ისათვის უწყების ჩაბარების უფლებამოსილების შესახებ საკითხი არ დასმულა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოების მიერ საპროცესო დოკუმენტების, მათ შორის გასაჩივრებული განჩინების გაგზავნა ხდებოდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართებზე.
სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება პირველად გაეგზავნა შპს „...“ სარჩელში მითითებულ მისამართზე, სადაც ვერ მოხდა გზავნილის ჩაბარება, სასამართლომ დაიცვა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და განჩინება განმეორებით გაუგზავნა მოსარჩელის მიერ ასევე სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებულ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „...“ დირექტორის ვ. დ-ისა და წარმომადგენლის ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.12წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.12წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ლევან მურუსიძე