Facebook Twitter
¹ბს-814-808 (კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი

ბს-194-186(კს-13) 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. კ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა გ. კ-ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გ. კ-ას განცხადება დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება გ. კ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება, ამავე დროს მან იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის გ. კ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; კერძო საჩივრის ავტორს - გ. კ-ას კერძო საჩივარზე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 (ხუთი) დღე.

2012 წლის 18 დეკემბერს, გ. კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განცხადებას დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 2012 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით მოქ. გ. კ-ას 2011 წელს მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავალი 375 ლარის ოდენობით, 2012 წელს მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავალი არ უფიქსირდება, და მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. 2012 წლის 20 დეკემბერს კი კვალავ მომართა სასამართლოს განცხადებით, განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის ფორმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრისა და 2012 წლის 28 მარტის განჩინებებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და საქმე მოცემულ ნაწილში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 11 თებერვალს გ. კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლოში განხილვა შედგა არაგანსჯადი სასამართლოს შემადგენლობის მიერ, მხარეთა მონაწილოების გარეშე. დაირღვა საქმის განხილვის საჯაროობის, შეჯიბრებითობის პრინციპები, დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. საქმე უნდა განხილულიყო ზეპირ სხდომაზე, სამი მოსამართლის მიერ და მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად; სააპელაციო და საქალაქო სასამართლოში უხეშად დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.2 მუხლი, რადგან დაუშვებელია ერთდროულად ბათილად ცნობისა და ახლადაღმოჩენილი გარემოებებით საქმის განხილვა; გარდა იმისა, რომ საქმე განხილულია სერიოზული პროცესუალური დარღვევებით, განჩინება არასრულია, შეიცავს აშკარა უსწორობებს, მოსამართლე არ მსჯელობს ძირითად მოთხოვნებზე, არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე; განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით და მასზე, რომ თუ რა მოტივის გამო დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების ნაწილი, რითაც საქალაქო სასამართლო არაკანონიერად შეიჭრა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს კომპეტენციებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით გ. კ-ას განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი პირობის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა უკავშირდება პროცესუალურ შემთხვევას, როცა მოცემული დავის დარეგულირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ მოიცავს პასუხს მხარის ისეთ მოთხოვნაზე, რომელზეც მართალია, სასამართლომ იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა, ანუ სასამართლო აქტის დადგენილებით ნაწილში ის არ ასახულა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა უკავშირდება სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ა ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების პროცესში არ გაითვალისწინა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები, რომელიც გაამართლებდა კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მართებულობას. ასეთ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ას მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ გულისხმობს, დავის განმხილველი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს საპროცესო მხარის ინტერესის საწინააღმდეგო სამართლებრივი შედეგისათვის აპელირების გამო, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის შეცვლას მხარის სასარგებლოდ.

სასამართლო ხარჯების მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის, ამავე წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 28 იანვრის განჩინებებში, არ გაიზიარა გ. კ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, პალატამ არ მიიჩნია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა სრულყოფილად ასახული მხარის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და არ მიიჩნია მართებულად, დაებრუნებინა მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მით უფრო, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევა წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. კ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება; მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას; მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით; ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც განმარტებულია რომ გ. კ-ა ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების პროცესში არ გაითვალისწინა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები, რომელიც გაამართლებდა კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მართებულობას. ასეთ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ გ. კ-ს მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ გულისხმობს, დავის განმხილველი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს საპროცესო მხარის ინტერესის საწინააღმდეგო სამართლებრივი შედეგისათვის აპელირების გამო, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის შეცვლას მხარის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დადასტურების მიზნით გ. კ-ას წარმოადგენილი აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 17 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 17.12.2012წ. მონაცემებით მოქ. გ. კ-ას (პ/ნ ...) 2011 წელს მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავალი 375 ლარის ოდენობით, 2012 წელს მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნული მტკიცებულება შეიცავს მხოლოდ შემოსავლების სამსახურში გ. კ-ას შესახებ დაცულ ინფორმაციას და ცალსახად არ ადასტურებს მის გადახდისუუნარობას. კერძო საჩივრის ავტორის მოტივაცია, რომ მისი შემოსავალი არის უმწეოთა დახმარებაზე ნაკლები - 15.62 ლარი არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან არ არსებობს აღნიშნული საფუძვლის არსებობის პირობებში საპროცესო ან/და მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმა, რომელიც სასამართლოს მისცემდა პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ) არ შეიცავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე მითითებას, რაც სასამართლოს მისცემდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე