ბს-22-18(კს-13) 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი/მ „ი.რ.ო-ი“
წარმომადგენელი - თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდვივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ი/მ „ი.რ.ო-იმ“ 2012 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 2 ნოემბრის ¹№1989 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ნოემბრის ¹№049-21 „საგადასახადო მოთხოვნა“, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის ¹№049-4866 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 9 მარტის №4251/2/12 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 22 მარტის ¹№4251/2/12 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 23 მარტის ¹№4769 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ „ი.რ.ო-ის“ სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ი.რ.ო-იმ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ი/მ „ი.რ.ო-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა, არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი ვადის გაგრძელების თაობზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობა წარმოუდგენია ხარვეზის შევსებისათვის დაწესებულ ვადაში ვადის გაგრძელების თაობაზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
თბილისის სასამართლოს ადმინისიტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ “ი.რ.ო-იმ”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ი/მ „ი.რ.ო-ის“ კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯების გადახდისგან განთავისუფლების წინაპირობებს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების სხვა შემთხვევებიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გაანთავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან გადაუვადოს მას ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი/მ „ი.რ.ო-ის“ მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კერძო საჩივრის ავტორის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. ი/მ „ი.რ.ო-ი“ უთითებდა, რომ მას და მის ძმას - ი/მ „ზ. რ-ს“ ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 05 წლის და 06 თვის ვადით, დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნიათ და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული აქვთ სახელმწიფოს სასარგებლოდ თითოეულს 50 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აპრილის განაჩენით, რომელიც თან ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ. ამავე განცხადებას ერთვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პრების რეესტრიდან 2012 წლის 12 აპრილის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ი/მ „ი.რ.ო-ის“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ქვედა ინსტანციების სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება ი/მ „ი.რ.ო-ის“ მძიმე მატერიალური მდგომარეობა, იგი არ არის დასაქმებული პატიმრობის გამო და ვერ განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ ქონებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს უნდა გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე, და განიხილოს საქმე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი/მ „ი.რ.ო-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
2. საქმე ი/მ „ი.რ.ო-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე