Facebook Twitter
saqme #bs-1572-1551(ks-11)

საქმე ბს-266-258(კს-13) 3 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ემ 2012 წლის 14 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ... შესახ. №..., ბინა №...) ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 1 ივნისის №9139 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ი. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში არის შესული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ.

ი. კ-ემ 2012 წლის 21 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ცალსახად არსებობდა მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის საშიშროება, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შეჩერება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით განუხილველი დარჩა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ი. კ-ის განცხადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი. კ-ემ. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადება იყო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადების იდენტური, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებითად იყო შეცვლილი საქმის გარემოებები. კერძოდ, 2012 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, ამდენად, ამ ეტაპზე ცალსახად არსებობდა მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის საშიშროება, რაც მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ი. კ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს და 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებები და მოცემული საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. კ-ის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის N7087 ბრძანების მოქმედება, მოცემულ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება; ი. კ-ის სარჩელი მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ამავე სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის N7087 ბრძანების, 2012 წლის 1 ივნისის N9139 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, დარჩა განუხილველი; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის N7087 ბრძანების მოქმედების შეჩერება;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების (საქმე N3/ბ-419) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის N7087 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაუქმება და ი. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ჩაინიშნა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ მოცემულ საქმეზე, დავის საგნის არ არსებობის გამო, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების მოქმედების შეჩერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. კ-ის მოთხოვნა და შეჩერდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების მოქმედება. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2013 წლის 27 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ი. კ-ემ დააფიქსირა მისი პოზიცია სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ _ აპელანტმა ი. კ-ემ სარჩელის გახმობით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება; ი. კ-ის სარჩელი მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ამავე სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების, 2012 წლის 1 ივნისის №9139 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დარჩა განუხილველად; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება -ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №7087 ბრძანების მოქმედების შეჩერება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს saCivris საფუძველი, კერძოდ, დავის საგანი, რაც მოცემულ კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე შწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე