¹საქმე ¹ბს-721-706(კს-12) 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,...” 2011 წლის 28 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის #2314/2/11 გადაწყვეტილების; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 06 აპრილის #21-04/5222 გადაწყვეტილების; სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #04/10541 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #21 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი თბილისის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2012 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,...” წარმომადგენელმა რ. მ-მა, რომელმაც ფულადი სახსრების უქონლობის გამო, განსახილველ საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...” წარმომადგენლის რ. მ-ის შუამდგომლობა და გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 3 დღით. ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს ,,...” წარმომადგენელს საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2012 წლის 24 აგვისტოს, შესაბამისად მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 25 აგვისტოს და 2012 წლის 27 აგვისტოს ამოიწურა. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ხნის მანძილზე სასამართლოში არ შემოსულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით. საპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2012 წლის 8 აგვისტოს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნით სასამართლო პროცესის დამთავრებამდე ფულადი სახსრების უქონლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...” მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ქონების ნუსხა) არ ადასტურებდა მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. ამავე განჩინებით, საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 3 დღით. თუმცა, აღნიშნული ვადა იმდენად მცირე იყო, რომ შეუძლებელი იყო ამ ვადაში შპს ,,...” მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,...” კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს იმ დავების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების სხვა შემთხვევებიც. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი იძლევა მოქალაქის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იურიდიული პირის გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. ამასთან, 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გაანთავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან გადაუვადოს მას ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...” მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კერძო საჩივრის ავტორის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. შპს ,,...” უთითებდა, რომ მას არ გააჩნია ქონება, რაც დასტურდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული „ქონების ნუსხით“. ამასთან, საქმეში დაცული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,...” მთელ ქონებაზე თელავის რეგიონალური ცენტრის ¹049-447, 05.11.2009წ. შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ... ბანკში არსებული შპს ,,...” საბანკო ანგარიშიდან 01.01.2009წ.-18.11.2011წ. ამონაწერით დგინდება, რომ 2011 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით შპს ,,...” ანგარიშზე ნაშთი 0.00 ლარია, ხოლო უკანასკნელი 1, 100.00 ლარის გადარიცხვა განხორციელებულია 2009 წლის 21 დეკემბერს ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ქვედა ინსტანციების სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება შპს ,,...” მძიმე მატერიალური მდგომარეობა, მას არ გააჩნია ქონება და თანხა საბანკო ანგარიშზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს უნდა გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა პროცესის დასრულებამდე და განიხილოს საქმე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
2. საქმე შპს ,,...” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე