საქმე #ბს-1445-1427(კ-11) 04 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – მ. ვ-ე, ლ. ლ-ე, ო. კ-ე, მ. ი-ე, ჯ. ლ-ი, ი. ხ-ე, მ. გ-ე, გ. ჩ-ე, გ. ა-ე, მ. მ-ე, გ. კ-ი, ნ. ი-ე და რ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2011წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ვ-ემ, ლ. ლ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, ჯ. ლ-მა, მ. გ-ემ, გ. ჩ-ემ, გ. ა-ემ, მ. მ-ემ, ც. გ-ემ, პ. მ-მა, ტ. უ-ამ, დ. მ-ემ, გ. ხ-ამ, ე. ჭ-ა, ა. გ-ემ, გ. კ-მა, ნ. ი-ემ, ნ. ა-ემ და რ. ჯ-მა 13.05.09წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო და სხვა დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. სამართალწარმოების მიმდინარეობისას მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და წარმოადგინა იგი ცხრილის სახით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წყალტუბოს რაიონის სამხედრო კომისარიატში და ცენტრალურ სამხედრო სანატორიუმ ,,წყალტუბოში” სხვადასხვა თანამდებობებზე, საიდანაც გათავისუფლდნენ სხვადასხვა დროს. მოპასუხეს მათ მიმართ გააჩნია სახელფასო და სხვა სახის დავალიანებები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაზღაურებას.
ი. ხ-ემ 04.03.09 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.09წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციული საქმე #3/1189-09, მ. ვ-ის, ლ. ლ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, ჯ. ლ-ის, მ. გ-ის, გ. ჩ-ის, გ. ა-ის, მ. მ-ის, ც. გ-ის, პ. მ-ის, ტ. უ-ის, დ. მ-ის, გ. ხ-ის, ე. ჭ-ის, ა. გ-ის, გ. კ-ის, ნ. ი-ის, ნ. ა-ის და რ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე #3/3451-09, ი. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა #3/1189-09.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ვ-ის, ლ. ლ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, ჯ. ლ-ის, ი. ხ-ის, მ. გ-ის, გ. ჩ-ის, გ. ა-ის, მ. მ-ის სარჩელი დაკამყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; ც. გ-ის, პ. მ-ის, ტ. უ-ას, დ. მ-ის, გ. ხ-ას და ე. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სხვა სახის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეებს გ. კ-ს, ნ. ი-ეს, ნ. ა-ეს და რ. ჯ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც, მ. ვ-ემ, ლ. ლ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, ჯ. ლ-მა, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, გ. ჩ-ემ, გ. ა-ემ, მ. მ-ემ, გ. კ-მა, ნ. ი-ემ, ნ. ა-ემ და რ. ჯ-მა (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), ასევე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; მ. ვ-ის, ლ. ლ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, ჯ. ლ-ის, ი. ხ-ის, მ. გ-ის, გ. ჩ-ის, გ. ა-ის, მ. მ-ის, ნ. ი-ის, ნ. ა-ისა და რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება მ. ვ-ის, ლ. ლ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, ჯ. ლ-ის, ი. ხ-ის, მ. გ-ის, გ. ჩ-ის, გ. ა-ის, მ. მ-ისათვის პრემიისა და დახმარების, რ. ჯ-ის დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ნ. ი-ის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ნ. ა-ისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება ნ. ი-ის და გ. კ-ის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლის საკასაციო საჩივარიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ეს, ი. ხ-ეს, გ. ჩ-ეს, მ. მ-ეს, მ. გ-ეს, მ. ვ-ეს, ლ. ლ-ეს, ო. კ-ეს, მ. ი-ეს, ჯ. ლ-ს, ნ. ი-ეს, რ. ჯ-ს და ნ. ა-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და `სამხედრო სტატუსის შესახებ~ საქართველოს კანონის 1998-1999 წწ. მოქმედი რედაქციის საფუძველზე აღნიშნა, რომ ჯილდო და დახმარება ხელფასის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 5.11.2004 წ. #493 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ~ ბრძანებულების თანახმად ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და წოდების სარგოს, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა დაადგინა რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, ამავე დროს ხსენებული კანონით დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებათა ფარგლებში. პრემიას და დანამატებს ხელფასის სტატუსი არ გააჩნია და ხელფასის შემადგენელ ნაწილად არ მოიაზრება, რადგან კანონი დანამატების გაცემას უკავშირებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებათა ფარგლებში განხორციელებას. სასამართლომ მითითებული ვალდებულებები (ჯილდო და დახმარება) პერიოდულად შესასრულებულ ვალდებულებებად მიიჩნია და ვინაიდან პერიოდულად შესრულებელი ვალდებულებები არ წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონითა და შრომის კანონთა კოდექსით ან სპეციალური კანონით სამხედრო მოსამსახურის შესახებ, მათ მიმართ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მოსარჩელეებს გ. ა-ეს, ი. ხ-ეს, გ. ჩ-ეს, მ. მ-ეს, მ. გ-ეს, მ. ვ-ეს, ლ. ლ-ეს, ო. კ-ეს, მ. ი-ეს და ჯ. ლ-ს ჯილდოსა და დახმარების ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი ხანდაზმულობისა გამო.
საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულ მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ასევე: ნ.ი-ეს (615 ლარის ოდენობით გაუცემელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე), რ. ჯ-ს (674,66 ლარის ოდენობით გაუცემელი დავალიანების ანაზღაურებაზე), ნ. ა-ეს (771,83 ლარის ოდენობით გაუცემელი დავალიანების ანაზღაურებაზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ვ-ემ, ლ. ლ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, ჯ. ლ-მა, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, გ. ჩ-ემ, გ. ა-ემ, მ. მ-ემ, გ. კ-მა, ნ. ი-ემ და რ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.11წ. განჩინებით მ. ვ-ის, მ. გ-ის, ლ. ლ-ის, მ. მ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, გ. ა-ის, ჯ. ლ-ის, გ. ჩ-ის, ნ. ა-ის, ნ. ი-ის, რ. ჯ-ისა და ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2006წ. გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნ.ი-ის მიერ აღძრული იყო სარჩელი 2126,75 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. სახელფასო დავალიანება მოიცავდა ხელფასისა და კვების თანხებს, ასევე ჯილდოს, დახმარების და კომპენსაციის ოდენობებს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ვ-ემ, ლ. ლ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, ჯ. ლ-მა, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, გ. ჩ-ემ, გ. ა-ემ, მ. მ-ემ, გ. კ-მა, ნ. ი-ემ და რ. ჯ-მა. კასატორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ ლ. ლ-ემ, მ. ი-ემ და მ. მ-ემ მოითხოვეს პრემიის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხების ანაზღაურება, მ. ვ-ემ, ო. კ-ემ, ჯ. ლ-მა, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, გ. ჩ-ემ და გ. ა-ემ - პრემიის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხების ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად მოითხოვეს ასევე კვების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, რ. ჯ-მა – გადაუხდელი თანხის, ნ. ი-ემ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების და სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის, ხოლო გ. კ-მა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2012წ. განჩინებით მ.ვ-ის, ლ.ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.11წ. განჩინებაზე პრემიის თანხების ანაზღაურების, ნ.ი-ის საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღუარების და გ.კ-ის საკასაციო საჩივარი სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მ.ვ-ის, ო.კ-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის და გ.ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.11წ. განჩინებაზე კვებისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე, ლ.ლ-ის, მ.ი-ის, მ.მ-ის საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე, რ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი გადაუხდელი თანხის ანაზღაურების თაობაზე და ნ.ი-ის საკასაციო საჩივარი სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო მ. ვ-ის, ლ. ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის, მ.მ-ის და ნ.ი-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორების მ. ვ-ის, ლ.ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ. ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის და მ.მ-ის განსახილველად დაშვებულ მოთხოვნას შეადგენს მოპასუხისათვის პრემიის ანაზღაურების დაკისრება. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ პრემია არ არის ხელფასის შემადგენელი ნაწილი, მას არ აქვს ხელფასის სტატუსი და იგი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მოქმედება, რის საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა მოთხოვნა პრემიის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემია განიხილება ხელფასის შემადგენელ ნაწილად, ხელფასის დანამატად, რადგან თავად კანონი განსაზღვრავს პრემიის სამართლებრივ სტატუსს. პრემიის სამართლებრივ ბუნებას არ ცვლის ის ფაქტი, რომ იგი გაიცემა პერიოდულად. მისი გაცემა გარკვეული ინტერვალებით არ წარმოშობს სკ 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, პრემიის პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნევის საფუძველს.
პრემიის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ არ გავრცელდება არც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა მოხდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად ხდება წარმოქმნილ დავალიანებათა დასაფარავად გარკვეული თანხების გამოყოფა და განისაზღვრება დავალიანების დაფარვის წესი. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე (მათ შორის პრემიაზე) ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კასატორთა სამსახურიდან 2005 წლის 01 იანვრამდე დათხოვნა და პრემიალური თანხის დავალიანების არსებობა ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, საქმეზე საჭირო დასადგენ გარემოებათა რიგს განეკუთვნება კასატორთა სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი და პრემიალური დავალიანების არსებობა, შემადგენლობა და მისი ოდენობა, საქმეზე უნდა გაირკვეს აგრეთვე თუ რა სტატუსით სარგებლობდნენ მოსარჩელეები გათავისუფლების მომენტში, კერძოდ მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 - მე-7 მუხლებით გათვალისწინებული მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის სტატუსის გავრცელების შესაძლებლობა. გარკვევას საჭიროებს აგრეთვე ხანდაზმულობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით პრემიალური თანხების დავალიანების ანაზღაურებაზე უარი არ არის დასაბუთებული. დაუსაბუთებელია აგრეთვე ნ.ი-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2006წ. გადაწყვეტილებით ნ.ი-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2126,75 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების გადახდა. საქმეზე არ არის დადგენილი 16.11.06 წ. გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ანაზღაურება მოიცავდა თუ არა ერთჯერად გასასვლელ თანხას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ნ.ი-ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. ამასთანავე, უკეთუ არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აღნიშნული წარმოადგენდა საქმის წარმოების შეწყვეტის (სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი) და არა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. საქმის მასალებს არ ემყარება აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის დაცული ნ.ი-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში დაცულია ყოფილი სამხედრო სანატორიუმ ,,წყალტუბოს“ თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების შესახებ საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომლის თანახმადაც ნ. გ. ი-ის მიმართ გასასვლელი დახმარების დავალიანება შეადგენს 615 ლარს. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით და `საჯარო სასახურის შესახებ~ კანონის 1341 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კანონით განსაზღვრულ კომპენსაციაზე, ამდენად საქმეზე გარკვევას საჭიროებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცულობის საკითხიც. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ნ.ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების დრო, რაც შეუძლებელს ხდის სარჩელის აღძვრის მომენტში (13.05.09წ.) მოსარჩელის მიერ სკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცულობის გარკვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენას საჭიროებს აგრეთვე ხანდაზმულობის გამომრიცხავი გარემოებების გარკვევა, კერძოდ, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვა, ვალდებულების აღიარება. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ნ. ი-ის მოთხოვნაზე სანივთო ქონების კომპენსციის მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე რ. ჯ-ისათვის გადაუხდელი თანხის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან ეს მოთხოვნები დაუშვებლდ იქნა მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას აგრეთვე დანარჩენი კასატორების ერთჯერადი გასასვლელი დახმარებების თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის მიმართ, ვინაიდან სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო განხილვის ეტაპზე დაუშვებელია, შესაბამისად მოთხოვნის ეს ნაწილი საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაშვებულად ცნობილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება გ.კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გ. კ-ის მოთხოვნას შეადგენს მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 909,4 ლარის ოდენობით სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2010წ. გადაწყვეტილებით გ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სხვა აპელანტებთან ერთად გაასაჩივრა გ.კ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2010წ. განჩინებით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ.კ-ისთვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილება გაუქმდა სხვა პირთა მოთხოვნების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია გ.კ-ს. ამდენად, სსკ 264-ე მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.02.2010 წ. გადაწყვეტილება გ.კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოება გაგრძელდა სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა. აღნიშნული სამართალწარმოება დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილიც არ წარმოშობდა რაიმე უფლება-მოვალეობებს გ.კ-ისთვის, რადგან მისი მოთხოვნის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება (11.02.2010წ. გადაწყვეტილება) კანონიერ ძალაში იყო შესული. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, სხვა აპელანტებთან ერთად, გ.კ-მაც გაასაჩივრა (ტ.3, ს.ფ.161). სადავო გადაწყვეტილებასთან (30.11.2010წ. გადაწყვეტილება) მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ისე გამოიტანა 26.07.2011 წ. განჩინება, რომ სააპელაციო ინსტანციაში მიმდინარე სამართალწარმოებაში გ.კ-ი ჩართული არ ყოფილა: იგი არ მოწვეულა სასამართლო სხდომებზე, მას არ ეგზავნებოდა წარმოების მასალები და არც სააპელაციო პალატის განჩინებაში ყოფილა მსჯელობა მის სასარჩელო მოთხოვნაზე. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2011წ. განჩინება საკასაციო წესით, სხვა კასატორებთან ერთად, გ.კ-მაც გაასაჩივრა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ 264-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, ხოლო სსკ 266-ე მუხლი ადგენს ფორმალურად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო და სავალდებულო ძალას. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში მოთხოვნები იმავე საფუძველზე. სსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სწორედ აღნიშნული გარემოებაა განსახილველ შემთხვევაში სახეზე: გ.კ-ი საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.07.2011წ. განჩინებას და ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 909,4 ლარის ოდენობით სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრებას, მაშინ როდესაც მის ამ მოთხოვნაზე უკვე ნამსჯელი აქვთ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს და სააპელაციო პალატის განჩინება მისი მოთხოვნის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული გარემოება სსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ.კ-ის საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთანავე, სზაკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს წარმოადგენენ მხარეები ან სავალდებულო მოწვევის მესამე პირები ანუ პირები, რომელთა მიმართაც გარკვეული უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით მიიღება გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ გამოუტანია გ.კ-ის მიმართ. სააპელაციო პალატის განჩინებაში მსჯელობა არ ყოფილა მის სასარჩელო მოთხოვნაზე და არც სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა რაიმე დათქმას გ.კ-თან დაკავშირებით. ამდენად, გ.კ-ი მოკლებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2011წ. განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რადგან ერთის მხრივ, მისი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, გასაჩივრებული განჩინება არ წარმოშობდა გ.კ-ისათვის რაიმე სახის უფლება-მოვალეობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე იგი უნდა გაუქმდეს მ.ვ-ის, ლ.ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის და მ.მ-ის პრემიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმისა და ნ.ი-ის ერთჯერადი (გამოსასვლელი) თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო გ.კ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით, 394-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. მ.ვ-ის, ლ.ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის, მ.მ-ის, ნ.ი-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2011წ. განჩინება მ.ვ-ის, ლ.ლ-ის, ო.კ-ის, მ.ი-ის, ჯ.ლ-ის, ი.ხ-ის, მ.გ-ის, გ.ჩ-ის, გ.ა-ის და მ.მ-ის პრემიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმისა და ნ.ი-ის ერთჯერადი (გამოსასვლელი) თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე