საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-219-211(კ-კს-13) 26 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ.ნ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2013წ. განჩინებით ზ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2012წ. გადაწყვეტილება.
12.04.2013წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, ასევე კასაციის განაცხადის დაზუსტება. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
10.05.13წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობით მომართა ზ. ნ-მა. კასატორმა მიუთითა, რომ იგი უმუშევარია, ჰყავს უმუშევარი მეუღლე და ორი მცირეწლოანი შვილი. აღნიშნულის დასადასტურებლად ზ.ნ-მა წარმოადგინა შვილების: ნ.ნ-ისა და გ.ნ-ის დაბადების მოწმობები, ასევე #01131001874 ქორწინების მოწმობა და ხელწერილი, რომლითაც კასატორის მეზობლები ადასტურებენ, რომ ზ.ნ-ის მეუღლე უმუშევარია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2013წ. განჩინებით ზ.ნ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ 12.04.13წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით. კასატორმა დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 1 თვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.06.2013წ. განჩინებით კასატორს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ერთი თვით გადავადებაზე და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
დადგენილ ვადაში - 14.06.2013წ. ზ.ნ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ამასთან წარმოადგინა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2013წ. განჩინებით ზ.ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილობრივ გადავადებაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 05 დღით. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
დადგენილ ვადაში - 08.07.13წ. კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ნაწილობრივ განთავისუფლება ან ნაწილობრივ გადავადება. კასატორმა წარმოადგინა 12.11.2012წ. დადგენილება ზ.ნ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით კასატორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ზ.ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილობრივ გადავადების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა მართალია მიუთითა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, თუმცა სათანადოდ არ დაუსაბუთებია აღნიშნული შუამდგომლობა და არ წარმოუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა ზ.ნ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი, რასაც კასატორის მითითებით ადასტურებს განცხადებაზე თანდართული დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კასატორის მიერ წარმოდგენილი დადგენილება კი უთითებს არა სააღსრულებო ბიუროს, არამედ დ.ჯ-ის მიერ ზ.ნ-ისათვის მიყენებულ ზიანაზე. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება სსკ 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძვლეზე, დაუსაბუთებელია. გარდა ამისა ზ.ნ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დატურდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითა და სსკ 46-ე, 47-ე მუხლებით გათვალისწინებული მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების საფუძვლების არსებობა.
ამასთანავე, ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ კასატორის მიერ დასაზუსტებელი იყო საკასაციო განაცხადი. მართალია საქართველოს უზენაეს სასამართლოში 08.07.13წ. წარმოდგენილ განცხადებას ერთვის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, თუმცა იგი კვლავ დაუზუსტებელ საკასაციო განაცხადს შეიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა ხარვეზის შევსებისთის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში (რომელიც არაერთგზის გაგრძელდა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 14.06.2013წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ზ.ნ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 14.06.2013წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე