საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-261-253(კ-13) 22 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _Qნ., ი., პ., ნე. ტ-ების, გ. გ-ის მიმართ, მესამე პირების - ქ. ბათმის მერიის, ი. გ-ის, ი., მ., ც. ტ-ებისა და შპს „...“ მონაწილეობით.
2010 წლის 20 აპრილს ნ., ი., პ., ნე. ტ-ებმა და გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე, 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით სარჩელზე -აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ., ი., პ., ნე. ტ-ებისა და გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ი., პ., ნე. ტ-ებმა და გ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ნე. ტ-ის გარდაცვალების გამო, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და ნე. ტ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ტ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. გ-ე, ი., მ., ც. ტ-ები და შპს „...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ., ი., პ. ტ-ებისა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელალხა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 13 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
A ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა 2013 წლის 19 ივნისს. A
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება 2013 წლის 21 ივნისს ჩაბარდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინების ასლი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ჩაბარდა 2013 წლის 21 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 1 ივლისს, ორშაბათს 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე