#ბს-343-333(კს-13) 9 ივლისი, 2013 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ტ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 23 აგვისტოს ტ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ფულადი კომპენსაციის 20 000 ლარის გადახდის თაობაზე ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 310 ლარის ანაზაღაურება; დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ტ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 4 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2013 წლის 19 აპრილს. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა იწურებოდა 2013 წლის 18 აპრილის ოცდაოთხ საათზე, რაც გახდა ტ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა მის შვილს - ნ. ნ-ეს, რომელმაც დაახლოებით 7 დღის შემდეგ მამის სახლში დაბრუნებისას შემდეგ გადასცა მას სასამართლოს გზავნილი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარს თანდართული ჰქონდა განცხადება აღნიშნულის თაობაზე, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია განჩინების გამოტანისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო ნორმები; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და განჩინება გამოტანილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. ნ-ეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: ხელვაჩაური, სოფ. ... და ჩაბარდა ადრესატის სრულწლოვან შვილს - ნ. ნ-ეს (პირადი ნომერი ...) 2013 წლის 4 აპრილს (იხ. ს.ფ. 67), სააპელაციო საჩივარი კი ტ. ნ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2013 წლის 19 აპრილს (იხ. ს.ფ. 68-74).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, და განმარტავს რომ, ტ. ნ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ხელვაჩაური, სოფ. ..., 2013 წლის 1 აპრილს და ჩაბარდა შვილს – ნ. ნ-ეს 2013 წლის 4 აპრილს, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. ნ-ის სრულწლოვან შვილს – ნ. ნ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 4 აპრილს (იხ. ს.ფ. 67) სააპელაციო საჩივარი კი ტ. ნ-ის მიერ შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2013 წლის 19 აპრილს (იხ. ს.ფ. 68-74), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო ტ. ნ-ის შვილის – ნ. ნ-ისათვის ჩაბარების დღიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მოხდა არა 4 აპრილს (როდესაც შვილმა ჩაიბარა), არამედ დაახლოებით 7 დღის შემდეგ, როდესაც შვილმა მას გზავნილი გადასცა უშუალოდ, საიდანაც უნდა დაიწყოს მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლისას, კანონისმიერი საპროცესო ვადა სავალდებულოა ყველა პროცესუალური მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ტ. ნ-ის შვილის – ნ. ნ-ის ჩაბარების დღიდან, ვინაიდან სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა სასამართლო აქტი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ტ. ნ-ის შვილმა – ნ. ნ-ემ ჩაიბარა 2013 წლის 4 აპრილს, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ტ. ნ-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე