საქმე #ბს-1276-1262(კ-11) 19 სექტემბერი, 2013 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,…“, წარმომადგენელი ი. დ-ე (09.09.13წ. # ჯტ-აგ 01/220 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი ო.ჩ-ე (04.07.2013წ. #08-01/52086 მინდობილობა), სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. მ-ე (04.07.2013წ. #21-04/52120 მინდობილობა)
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2011წ. განჩინება
კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.01.11წ. შპს ,,…“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის, ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ, ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 9, 10, 14, 15, 22, 23 ნოემბრის #044651, 044676, 044677, 044686, 044653, 044682, 044671, 044670 სამართალდარღვევის ოქმების; 22.11.10წ. და 29.11.10წ. #604/2562/10, #604/2593/10, #604/2594/10, #604/2564/10, #604/2660/10, #604/2578/10, #604/2702/10, #604/2579/10 საბაჟი შეტყობინებების; შემოსავლების სამსახურის 16.12.10წ. #2544 და #2545 ბრძანებების, ასევე დავების განხილვის საბჭოს 27.12.10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.11წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,…“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.11წ. განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 07.06.11წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.07.2011წ. განჩინებით შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად. საქმეზე არაერთხელ ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რომლებზეც მხარეები მორიგების მიღწევის შესაძლებლობაზე უთითებდნენ. საკასაციო სასამართლომ 18.07.2013 წ. მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ გადადო საქმის ზეპირი მოსმენა 2013 წლის 09 სექტემბრამდე. 05.09.2013წ. შპს ,,…“ წარმომადგენელმა ი. დ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 19.08.2013წ. #39517 ბრძანებით დააკმაყოფილა შპს ,,…“საჩივარი და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტები, რის გამოც კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,…“ წარმომადგენლის ი.დ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს ,,…“ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც გარანტირებულია მხარეთა ნების თავისუფლება შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები: დაიწყონ საქმის წარმოება სასამართლოში, დაამთავრონ საქმე მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე და ა.შ.
სასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო იმავე მუხლის მუხლის დებულებებით ხელმძღვანელობს, ხსენებული ნორმები დისპოზიციური პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან მხარეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ნების შესაბამისად განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. განსახილველ შემთხვევაში კასატორის – შპს ,,…“ წარმომადგენელმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. საქმეში წარმოდგენილია 09.09.13წ. #ჯტ-აგ 01/220 მინდობილობა, რომლითაც ი.დ-ეს მარწმუნებლისგან მინიჭებული აქვს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ წარმომადგენლის ი.დ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივაზე უარის თქმის შედეგად საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სსკ-ის 49.1 მუხლის შესაბამისად, კასატორს შპს ,,…“ (ს.კ....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 25.10.11წ. #15 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის ნახევარი - 400 ლარი.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 378-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,…“ წარმომადგენლის ი. დ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,…“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. შპს ,,…“ (ს.კ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 25.10.11წ. #15 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის ნახევარი - 400 ლარი;
4. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე
მ. ვაჩაძე