საქმე ბს-184-177 (კ-13) 18 ივლისი. 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.12წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 20.07.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.11წ. №8820112564-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.11წ. №93359 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.11წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ამხანაგობა „ჭ…“ (სასკ-ის 16.2 მუხლით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.09.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.11წ. №8820112564-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.11წ. №93359 გადაწყვეტილებები, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.12წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 11.04.13წ. №491 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 11.04.13წ. №491 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე