Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-260-252(კ-13) 1 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ონის სარეგისტრაციო სამსახურისა და ვ. მ-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. მ-მა სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ონის სარეგისტრაციო სამსახურისა და ვ. მ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, ონის რაიონის სოფ. ... თ. მ-ის სახელზე 1990 წელს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და ონის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება მოახდინოს ონის რ/ნ სოფ. ... მდებარე სახლის ნახვრისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვა, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. ს.ფ. 1-15).

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ა. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ვ. მ-ს აეკრძალა, როგორც თ. მ-ის მემკვიდრეს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ონის რ/ნ, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე - 611,8 კვ.მ. და საცხოვრებელ სახლზე - 206,1 კვ.მ (იხ. ს.ფ. 51-53).

შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო (იხ.ს.ფ. 70-76).

სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ა. მ-მა (იხ. ს.ფ. 79-86).

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს ის ჩანაწერი, რომლითაც ე. მ-ის კომლის ქონება, ონის რაიონის, სოფ. ... მდებარე 611,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე 206,1 კვ.მ.-ზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, უფლების დამდგენი საბუთის გარეშე აღირიცხა თ. მ-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 177-187).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა(იხ. ს.ფ. 196-204).

სააპელაციო შესაგებლით ა. მ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 220-226).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 254-264).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 273-279; 295-301).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 328-329).

ა. მ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 335).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. მ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ვ. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ნ. მ-ს დაუბრუნდეს ვ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 10 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე