Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-296-288(2კ-13) 23 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ჯ. მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ე. მ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ჯ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის #44-1 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში, ბათილად ცნობა რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მიენიჭა ე. მ-ეს, ასვე მოითხოვა #14980 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-13).

მოპასუხეებმა - ე. მ-ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 32-39; 51-59).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს .ფ. 151-160).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 198-206; 185-194).

სააპელაციო შესაგებლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 207-214).

სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო ასევე არც ე. მ-ემ (იხ.ს.ფ. 216-214).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება; ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის №441 საოქმო გადაწყვეტილება ე. მ-ის საკუთრების აღიარების ნაწილში და ე. მ-ის სახელზე გაცემული №14980 საკუთრების მოწმობა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 267-276).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 282-289).

ჯ. მ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ..., სოფ. ... მდებარე 3370 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი მოქმედებების აკრძალვა (იხ. ს.ფ. 294).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ე. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 308-314; 342-351).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით ჯ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 317-319).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხოლო 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 327-328; 355-356).

ჯ. მ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოცა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ.ს .ფ. 353).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ არაერთგზის არის გამოყენებული ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-585-575(კ-12) შპს ,,...” საკასაციო საჩივრისა გამო მოწინააღმდეგე მხარეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მიმართ). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია მითითებულ გადაწყვეტილებაში სადავო საკითხზე ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში განმარტებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე მართებულობის სამართლებრივი შეფასებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. გ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ე. მ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. რ. გ-ეს დაუბრუნდეს ე. მ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 2 მაისის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე