საქმე #ბს-313-304(კ-13) 24 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ქ. ზ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ვ. ზ-ის, ი. ზ-ისა და ზ. ზ-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. ზ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სოფ. კურდღელაურის ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 2 დეკემბრის №28 ცნობის არარად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 ივლისს განხორციელებული რეგისტრაციის თელავის რაიონის სოფ. კუდღელაურში მდებარე, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: №... ი. და ზ. ზ-ებისა და შვილიშვილის ვ. ზ-ის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში (ს.ფ. 3-20; ტ.1).
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 51-58; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 აგვისტოს საოქმო განჩინებებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ვ. ზ-ი (იხ. ს.ფ. 72, 73; ტ.1).
მესამე პირებმა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ვ. ზ-მა სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 125-132; 133-141; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება აგრეთვე ი. ზ-ი (იხ. ს.ფ. 160; ტ.1).
შესაგებლით ქ. ზ-ის სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა ი. ზ-მა (იხ. ს.ფ. 177-184; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ზ-ი (იხ. ს.ფ. 203; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 229-233; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 249-258; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლებით მესამე პირებმა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ვ. ზ-მა მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 26-32; 34-42; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ქ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 129-140; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ზ-მა რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 153-161;201-209 ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით ქ. ზ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 210-211; ტ.2).
ვ. ზ-მა წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა ქ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 226-227; ტ.2).
ქ. ზ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 241-242; ტ.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. ზ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე