#ბს-332-322(2კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ლ-ისა და გ. მ-ის, ასევე ო. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 20 დეკემბერს მ. ლ-ემ და გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ო. ხ-ის, შპს ,,...“-ის, ა. კ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს შპს ,,ი...“, სს ,,ქ...“ და ვ. ს-ე.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ო. ხ-ის სახელზე გაცემული, 2010 წლის მშენებლობის პროექტის, საკადასტრო გეგმის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის (მისი ციფრული ვერსიით), 2009 წლის საკადასტრო რუკის, ასევე მ. ლ-ისა და გ. მ-ის სახელზე შედგენილი 2009 წლის 19 ნოემბრის საკადასტრო გეგმისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის (მისი ციფრული ვერსიით), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №882009427067-06 ბათილად ცნობა და ხელშეშლის აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინებით მ. ლ-ისა და გ. მ-ის სარჩელზე - მშენებლობის პროექტის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის, მისი ციფრული ვერსიისა და საკადასტრო რუქის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ და გ. მ-ემ, რომლებმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით მ. ლ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-16 მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს,,ი...“, სს ,,ქ...“ და ვ. ს-ე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-16 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. კ-ი და მ. ნ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ისა და გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ო. ხ-ეს აეკრძალა საპროექტო-სამშენებლო კომპანია „მ...“ მიერ 2010 წელს შედგენილი სამშენებლო დოკუმენტის - პროექტის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ... გამზ. №50-ში მშენებლობის განხორციელება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ და გ. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №882009427067 გადაწყვეტილება და საკადასტრო რუკა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება ო. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; მ. ლ-ისა და გ. მ-ის სარჩელი მშენებლობის პროექტისა და ნახაზების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ და გ. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ო. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ლ-ისა და გ. მ-ის, ასევე ო. ხ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ისა და გ. მ-ის, ასევე ო. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ლ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 13 მაისს მ. ლ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, ხოლო ო. ხ-ის საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 17 მაისს ო. ხ-ის მიერვე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ-ისა და გ. მ-ის, ასევე ო. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება;
3. მ. ლ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ მ. ლ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 13 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. ო. ხ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 17 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე