Facebook Twitter

№ბს-347-337(კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 10 აგვისტოს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს კორუბციასთან ბრძოლის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 12 ივლისის ¹376 და ¹1105 ბრძანებების გაუქმება მ. კ-ის შტატგარეშე დატოვების ნაწილში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში აღდგენა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დავის არარსებობის გამო.

2005 წლის 23 თებერვალს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულის ბრძოლის სამმართველოში აღდგენა, ასევე მორალური ზიანის – 20000 (ოცი ათასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 29 დეკემბრის №671 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, მიყენებული მორალური ზიანისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2005 წლის 28 ოქტომბერს მ. კ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მისი კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების, მოსარჩელის დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 მაისის ¹2450 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹65 ბრძანების შესაბამისად, ახალი განაკვეთით, იძულებითი განაცდურის ანაზრაურება 2005 წლის პირველი იანვრიდან, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2005 წლის 30 მაისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების საფუძველზე კადრების განკარგულებაში გადაყვანის უკანონოდ ცნობა, 2005 წლის 6 მაისის №2450 ბრძანების უკანონოდ ცნობა მოსარჩელის საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ, სამუშაოზე აღდგენა, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით მ. კ-ის სარჩელი კადრების განკარგულებაში გადაყვანის უკანონოდ ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ იქნა მიღებული წარმოებაში.

მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მისი სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. კ-ის მიერ.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრისა და 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება მ. კ-ის სარჩელზე მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და დათხოვნიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2012 წლის 23 ოქტომბერს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცემულ 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების რეზოლუციის შეჩერებული ნაწილის გამოყენებაზე უარის თქმა; წელთა ნამსახურების გაანგარიშებისა და №... ფულადი ატესტატის შეცვლა წელთა ნამსახურობის ნუსხითა და ფულადი ატესტატის ფორმა №1-ით, წელთა ნამსახურობის ნუსხაში მუშაობის სტაჟის - 2 წლისა და 8 თვის, სწავლების პერიოდის - 5 წლისა და ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის – 30 წლის, 1 თვისა და 12 დღის შეტანა; ასევე 2012 წლის პირველი თებერვლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა აღნიშნულისა, კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შუამდგომლობს დოკუმენტების წარმოდგენის მოწინააღმდეგე მხარისათვის დავალების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოში განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის შუამდგომლობა დოკუმენტების წარმოდგენის მოწინააღმდეგე მხარისათვის დავალების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. მ. კ-ის შუამდგომლობა დოკუმენტების წარმოდგენის მოწინააღმდეგე მხარისათვის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე ნ. სხირტლაძე