საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹ბს-348-338(კ-13) 9 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ტ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 28 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით ტ. ლ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა საკასაციო საჩივრად. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი შედგენილი არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის ნუმუშს. ამასთან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს: ტ. ლ-ს საკასაციო საჩივარზე არ ქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ 2012 წლის 4 ივლისს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდებოდა, რომ საიდენთიფიკაციო #... _ ტ. ლ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2011 წლის 23 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 22060-ს, რაც საკასაციო პალატის აზრით არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის” მე-7 მუხლის შესაბამისად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), ხოლო ტ. ლ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა _ 22060 მინიჭებული ქონდა 2011 წლის 23 აპრილს, 2011 წლის 24 მარტს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე და იგი არ ასახავდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე არსებულ კასატორის ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთაინი ბაზიდან 2012 წლის 4 ივლისის ამონაწერი არ იქნა მიჩნეული საკასაციო პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით ტ. ლ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი ან საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი ტ. ლ-ს 2013 წლის 4 ივლისს ჩაბარდა.
ტ. ლ-მა 2013 წლის 9 ივლისის განცხადებით მისი საჩივრის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა იმ საფულით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინება განმცხადებლის მოსაზრებით წარმოადგენს დაუსწრებელ განჩინებას, რაც გაასაჩივრა საჩივრით, რომლითაც დაუსწრებელი განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული ტ. ლ-ის მოსაზრება მისი საჩივრის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნების თაობაზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ზოგადად გამოიყენება, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დებულებები. ამასთან, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის დებულებანი, რომლებსაც კრძალავს ან სხვაგვარად ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ტ. ლ-ის დაუსწრებლად განიხილა დავა და 2013 წლის 22 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება (განჩინება) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 397-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს განემარტათ განჩინების პირველი და მეორე პუნქტის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს არ გააჩნდა კანონისმიერი საშუალება დაეკმაყოფილებინა მხარის შუამდგომლობა მისი საჩივრის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით ტ. ლ-ის შუამდგომლობა მისი საჩივრის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად გადაგზავნის შესახებ არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ტ. ლ-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი ან საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას; კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ დასტურებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გაეგზავნა ტ. ლ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. რუსთავი, მე-... მ/რ-ნი #10-69), რომელიც 2013 წლის 31 ივლისს ჩაბარდა პირადად (ს.ფ. 133). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 5 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის კასატორის - ტ. ლ-ის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე