№ბს-352-342(2კ-13) 24 სექტემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ის (უფლებამონაცვლე რ.გ-ე) სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირის - შ. გ-ის, ბ. კ-ასა და თ. გ-ას მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 16 ივნისის №1234 განკარგულების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა(იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).
მოპასუხეებმა - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მერიამ შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 52-57; 83-91; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 149-154; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 161-169; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 12-19; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 16 ივნისის №1234 განკარგულება და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 1 სექტემბრის №1133 განკარგულება; ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ის მიმართ ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე კორპუსის №15 ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 25-35; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 45-53; ტ.2).
საკასაციო შესაგებლით გ. გ-ემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 64-69; ტ.1).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 110-119; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა რ.გ-ე (იხ. ს.ფ. 40-42; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შ. გ-ე, ხოლო ამავე კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, ბ. კ-ა და თ. გ-ა (იხ. ს.ფ. 55; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით რ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 124-133; ტ.3).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. (იხ. ს.ფ. 143-151; ტ.3).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით რ.გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 225-233; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2009 წლის 16 ივნისის №1234 განკარგულება და თბილისის მერიას 2009 წლის 1 სექტემბრის №1133 განკარგულება და საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ.გ-ის მიმართ ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე კორპ. №15 სამოთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (იხ.ს.ფ. 86-95; ტ.4).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს .ფ. 102-110; 111-119; ტ.4).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 123-124; ტ.4).
მოწინააღმდეგე მხარის რ.გ-ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 135-140; ტ.4).
ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ კი წერილობითი მოსაზრებებით მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 141-143; 144-147; ტ.4).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორების წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე