Facebook Twitter

#ბს-357-347(კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 16 ნოემბერს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.29.1163 დადგენილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №882011525212-03, №882011525271-03, №882011525277-03, №882011525286-03 და №88201158252290-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.38.1470 და 2010 წლის 28 აპრილის №10.40.414 დადგენილებების მოქმედების აღდგენა შპს „…“ ნაწილში და სადავო აქტების გამოცემამდე არსებული, აღნაგობის უფლების რეგისტრაციის აღდგენის საჯარო რეესტრისათვის დავალება მოითხოვა.

2012 წლის 12 იანვარს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №01-4/447 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 15 დეკემბრის №2886 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.29.1163 დადგენილება; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №01-4/447 ბრძანება; ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „…“, ქ. თბილისის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

შპს „…“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ნაწილობრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 15 დეკემბრის №2886 განკარგულების ბათილად ცნობაზე, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.38.1470 და 2010 წლის 28 აპრილის №10.40.414 დადგენილებების მოქმედებისა და რეგისტრაციის აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.

სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.29.1163 დადგენილებისა და ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №01-4/447 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქონების მართვის სააგენტოსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „…“, ქ. თბილისის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, 2013 წლის 16 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა შპს „…“, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 15 დეკემბრის №2886 განკარგულების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №882011525212-03, №882011525271-03, №882011525277-03, №882011525286-03 და №88201158252290-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.38.1470 და 2010 წლის 28 აპრილის №10.40.414 დადგენილებების მოქმედების აღდგენა შპს „…“ ნაწილში და სადავო აქტების გამოცემამდე არსებული, აღნაგობის უფლების რეგისტრაციის აღდგენის საჯარო რეესტრისათვის დავალება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის მიმართ და მის მიზანს საკასაციო საჩივრის გამორიცხვა და საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოთხოვნის დაყენება უნდა წარმოადგენდეს. განსახილველ შემთხვევაში კი შპს „…“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიმართულია არა მხოლოდ კასატორის - ქ. თბილისის მერიის მიმართ, არამედ, სხვა მოპასუხეების მიმართაც და თავისი არსით იგი საკასაციო საჩივარს წარმოადგენს და მისი მიზანი არა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის გამორიცხვა და მის ფარგლებში ახალი მოთხოვნის დაყენება, არამედ, შპს „…“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა (შპს„…“ შეგებებული საკასაციო საჩივრით ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 15 დეკემბრის №2886 განკარგულების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №882011525212-03, №882011525271-03, №882011525277-03, №882011525286-03 და №88201158252290-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.38.1470 და 2010 წლის 28 აპრილის №10.40.414 დადგენილებების მოქმედების აღდგენას შპს „…“ ნაწილში და სადავო აქტების გამოცემამდე არსებული, აღნაგობის უფლების რეგისტრაციის აღდგენის საჯარო რეესტრისათვის დავალებას მოითხოვს). ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „…“ გაშვებული აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩეს შპს „…“ შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს შპს „…“ შეგებებული საკასაციო საჩივარი;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე