განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-361-361(კ-13) 9 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ლ-ის, დ. გ-ისა და თ. კ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
2005 წლის 13 მაისს ფიზიკურმა პირებმა - ლ. ს-ამ, დ. დ-მა, თ. კ-მა, ლ. პ-ემ, რ. ნ-ემ, ნ. ვ-ემ, რ. გ-ამ, თ. კ-ემ, მ. კ-ემ, ლ. წ-ამ, ჟ. გ-ემ, დ. გ-ემ, გ. ნ-მა, ჯ. ხ-მა, ც. თ-ემ, ი. ლ-მა და გ. კ-ემ აღიარებითი სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს სს „...“ და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის 1993 წლის 4 მარტის №135 განკარგულებისა და მის შესაბამისად გაცემული ორდერების საფუძველზე მშენებარე სახლზე უფლების აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფიზიკურმა პირებმა - ლ. ს-ამ, დ. დ-მა, თ. კ-მა, ლ. პ-ემ და სხვებმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. გ-ი, რ. ც-ა და რ. ქ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე გ. კ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ლ. მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ა. ბ-ე, ვ. მ-ი, თ. მ-ა, ნ. რ-ი, ა. ჩ-ი, მ. ჭ-ე და ი. ჯ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით განიმარტა მისი საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების შესახებ.
2013 წლის 14 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახსნა-განმარტება-საჩივრით მომართეს ფიზიკურმა პირებმა - ლ. ს-ამ, თ. კ-მა, რ. ნ-ემ, ნ. ვ-ემ, თ. კ-ემ, მ. კ-ემ, ლ. წ-ამ, ჟ. გ-ემ, დ. გ-ემ, ჯ. ხ-მა, ც. თ-ემ, ი. ლ-მა, გ. კ-ემ, მ. ს-ემ, ც. ფ-ემ, შ. ჩ-ემ, ხ. მ-მა, ლ. კ-ემ, დ. ბ-ემ, დ. რ-მა და ნ. კ-ამ.
წარმოდგენილ ახსნა-განმარტება-საჩივარზე წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მიერ.
2013 წლის 31 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს ი. ლ-მა, დ. გ-ემ და თ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ინფორმაცია, თუ როდის შედგებოდა საქმის განხილვა.
განმცხადებელთა განმარტებით, სს „...“ საკასაციო საჩივრის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე შესაბამისი შენიშვნებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 5 თებერვალს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. თ-ის, ი. ლ-ის, გ. კ-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებელთა მითითებით, საკასაციო სასამართლოს საბოლოოდ უნდა განეხილა საქმე 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინების შესაბამისად.
ამდენად, განმცხადებლებმა მოითხოვეს საქმის საბოლოო განხილვის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით ი. ლ-ის, დ. გ-ისა და თ. კ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე. განმცხადებლებს დაევალათ დაეზუსტებინათ მოთხოვნა - საკასაციო სასამართლოს მიერ რა საპროცესო მოქმედების განხორციელებას ითხოვდნენ ისინი.
2013 წლის 19 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს მომართეს განმცხადებლებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რა სააპელაციო სასამართლოს, იქვე განიმარტა, რომ სასამართლო ხარჯები გადანაწილდებოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება კი მხოლოდ საკასაციო სასამართლოს აქვს. შესაბამისად, განმცხადებელთა განმარტებით, ისინი ელოდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ „...“ საჩივრის საბოლოო განხილვას. განმცხადებლებს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენიათ.
განმცხადებელთა განმარტებით, ისინი ითხოვდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვა მიმდინარეობდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო წესების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შეესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულების, უფლების დაცვის საპროცესო ფორმებსა და ამა თუ იმ სასამართლო აქტის გადასინჯვის წესს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას, მაგრამ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ გასაჩივრების უფლების მქონე მხარის მიერ, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე. აღნიშნული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საკასაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა
განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ექვემდებარება იმავე წესით გადასინჯვას - მხოლოდ გასაჩივრების უფლების მქონე მხარის ხელახლა წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა რა საქმე სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნული განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივრის განხილვა საკასაციო სასამართლოს მიერ დასრულდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 5 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლო მიერ გადასინჯვას დაექვემდებარებოდა მხოლოდ უფლებამოსილი მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, რაც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ლ-ის, დ. გ-ისა და თ. კ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ლ-ის, დ. გ-ისა და თ. კ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე