Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-365-354(კ-13) 10 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

2012 წლის 17 აგვისტოს შპს ,,…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №000393 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 3 ივლისის №1758 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის - 9000 ლარის დაკისრების შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №000393 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 3 ივლისის №178 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 3 ივლისის №178 განკარგულება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №000393 დადგენილება ჯარიმის - 9000 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ჯარიმის - 12000 ლარის დაკისრების თაობაზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში დატოვების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატამ 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს ,,…“ დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კასატორს უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორის - შპს ,,…“ წარმომადგენელს – ნ. წ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე, მაგრამ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი ადგილზე არ ყოფნის გამო.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ივლისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა განმეორებით, საკასაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე და ადრესატს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 17 სექტემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინების ასლი შპს ,,…“ წარმომადგენელმა – ნ. წ-ემ 2013 წლის 17 სექტემბერს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 18 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 27 სექტემბერს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე