საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-377-366(კ-13) 27 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 16 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-377-366(კ-13) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კ. პ-ი, ხოლო საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა და არც საქმეში იყო წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების ასლი, რომლითაც დეპარტამენტის უფროსს - კ. პ-ს მიენიჭება სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე /იხ.ს.ფ. 205-206/.
2013 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. (წარმოდგენილ განცხადებას ერთვოდა საფოსტო კონვერტი, რომლიდანაც დასტურდებოდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 6 აგვისტოს მომზადებული განცხადება საფოსტო განყოფილებაში ჩაბარებული იქნა 2013 წლის 7 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 214-217)).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ცდომილების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა დამატებით 3 დღით, რათა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება, თუ რა ვადაში იქნა ხარვეზი გამოსწორებული (იხ. ს.ფ. 218-219).
2013 წლის 20 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და წარმოადგინა რეესტრი №148, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2013 წლის 7 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 228-230).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით კასატორს განესაზღვრა ვადა 5 დღით, რათა წარმოედგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების ასლი, რომლითაც დეპარტამენტის უფროსს - კ. პ-ს მიენიჭება სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაეგზავნა 2013 წლის 1 აგვისტოს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, განჩინება სამინისტროს ჩაბარდა 2013 წლის 1 აგვისტოს /იხ. ს.ფ. 210/, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 6 აგვისტოს, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2013 წლის 7 აგვისტოს (რასაც თავად კასატორიც ადასტურებს) იხ. ს.ფ. 228)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 390-ე, 396.2, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/