საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-429-418(კ-13) 26 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ა. ა-მა 2013 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2013 წლის 15 მარტის #04/01-09/26485 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თავშესაფრის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო საჩივრით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის #3ბ/679-13 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად „განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით“ მიეთითა „განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა #32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის განჩინებები ე. ა. ა-ს არაერთგზის გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. #26) და ბოლოს 2013 წლის 12 ივლისს ჩაბარდა პირადად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება 2013 წლის 1 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ა. ა-მა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ე. ა. ა-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავი განსაზღვრავს ლტლოვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესს, აღნიშნული კოდექსის 2125-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს საკასაციო საჩივრის შეტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექის 397-ე მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებულ ვადას. კერძოდ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხზე საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის განჩინებების ასლები ე. ა. ა-ს არაერთგზის გაეგზავნა მხარის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. #26) და ბოლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 12 ივლისს პირადად ჩაბარდა ადრესატს (ს.ფ. 234-235). საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ ე. ა. ა-მა საკასაციო საჩივარი 2013 წლის 1 აგვისტოს შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ანუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული 10 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2013 წლის 13 ივლისს დაიწყო და 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2013 წლის 22 ივლისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ორშაბათი, მაგრამ ე. ა. ა-მა 9 დღის დაგვიანებით შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ა. ა-მა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული 10 დღიანი ვადა, რის გამოც ე. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2125-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე