Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-470-458 (კ-13) 04 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტ ლ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.02.13წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხაშურის მუნიციპალიტეტს ლ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7500 ლარის გადახდა მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი №...) ნაწილის 2 ჰა. საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ; ხაშურის მუნიციპალიტეტს გადასახდელად დაეკისრა აპელანტის ლ. ზ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 645 ლარის გადახდა. ხაშურის მუნიციპალიტეტს დაეკისრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურეობის საფასურის 300 ლარის გადახდა ლ. ზ-ის სასარგებლოდ.

მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7), მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.13წ. გადაწყვეტილების ასლი ხაშურის მუნიციპალიტეტს გაეგზავნა 09.08.13წ. საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. №2) და სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა 2013 წლის 13 აგვისტოს (ტ.2. ს.ფ. 63). საქმეში წარმოდგენილ კონვერტზე დასმული შტამპით ირკვევა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა 05.09.13წ. (ტ.2, ს.ფ.75) ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2013 წლის 14 აგვისტოს და სსსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2013 წლის 03 სექტემბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკასაციო საჩივარი გაგზავნილი იქნა სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 05 სექტემბერს, 2 დღის დაგვიანებით. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე