საქმე #ბს-481-475(კ-12) 11 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. თ-ის სარჩელისა გამო ა. ქ-ასა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. თ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა. ქ-ას მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის ე. ქ-ას ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე გაცემული 2009 წლის 16 თებერვლის #28 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა ა. ქ-ას მიმართ ქ. ქუთაისში, ... ქ. #2/6-ში მდებარე 32,57 კვ.მ საცხოვრებელი და 14,43 კვ.მ დამხმარე ფართის – სულ 47,50 კვ.მ ფართობის 1/2 ნაწილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მითითებული უძრავი ქონების 1/2½ნაწილის რ. თ-ის საკუთრებად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; t.1).
სარჩელი არ ცნო მოპასუხე - ა. ქ-ამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 32-42; t.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით დადგინდა ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობისა და საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ რ. თ-ის სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა (იხ. ს.ფ. 46; t.1).
ა. ქ-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რ. თ-ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 21 იანვარს შედგენილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 73-83; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით ა. ქ-ას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (იხ. ს.ფ. 87; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. თ-ე ცნობილ იქნა ე. ქ-ას ანდერძისმიერ მემკვიდრედ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #28 ქ. ქუთაისში, ... ქ. #2/6-ში მდებარე ბინაზე და ქ. ქუთაისში, ... ქ. #2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა რ. თ-ე (იხ. ს.ფ. 113-117; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. თ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 127-137; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახური (იხ. ს.ფ. 148-151; ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარემ – რ. თ-ემ ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 162-168; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირი -თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახური საქმეში ჩაება მოპასუხის სტატუსით (იხ. ს.ფ. 207-211).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. თ-ე ცნობილ იქნა ე. ქ-ას ანდერძით მემკვიდრედ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე 2009 წლის 16 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #28 ქ. ქუთაისში, ... ქ. #2/6-ში მდებარე ბინაზე და ქ. ქუთაისში, ... ქ. #2/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 (იდეალური წილის) ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა რ. თ-ე, ხოლო 3/4 ნაწილის მესაკუთრედ – ა. ქ-ა (იხ. ს.ფ. 226-242; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ქ-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის სრულად დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, ასევე რ. თ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 249-257; ტ.1).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 313-326; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. თ-ის სარჩელიდან მისი მოთხოვნა ე. ქ-ას ანდერძით მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო მოთხოვნაზე თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე 2009 წლის 16 თებერვლის №28 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ ნაწილის რ. თ-ის საკუთრებად რეგისტრირების ნაწილში საქმე განსახილველად დაექვემდებარა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ე. ქ-ას ანდერძის მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გამოყოფილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე (იხ. ს.ფ. 23-29; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 48-49; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ½ ნაწილში ბათილად ცნობის, ამ ნაწილში უძრავი ქონების ½ მესაკუთრედ რ. თ-ის ცნობისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე 2009 წლის 16 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების №28 მოწმობა ქ. ქუთაისში, ... ქ. 2/6-ში მდებარე ბინის 47,50 კვ.მ. ფართობის ¼ ნაწილის ა. ქ-ასათვის გადაცემის ნაწილში, რ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ქუთაისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე ბინის ¼ ნაწილის საკუთრებად ცნობისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ა. ქ-ასათვის სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ.ს ფ. 68-79; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვის და რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ ა. ქ-ას სახელზე 2009 წლის 16 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №28, ქ.ქუთაისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე სადავო ფართის 47,50 კვ.მ. ფართის ¼ ნაწილის ა. ქ-ასთვის გადაცემის ნაწილში (იხ. ს.ფ. 85-93; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 97-98; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით რ. თ-ემ მოითხოვა ა. ქ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 102-112; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ა. ქ-ას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ა. ქ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს - ა. ქ-ას დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 10 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერით #5128259 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე