Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-483-471(კ-13) 7 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის (შინაარსობრივად კერძო საჩივრის) დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2013 წლის 24 სექტემბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-483-471(კ-13) ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნ. და მ. ე-ების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი №15 და საკუთრების უფლების მოწმობა №155 ქ. ლაგოდეხში, ... ქუჩა №1 მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სახლის ½ ნაწილზე ნ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ლაგოდეხი, ... ქუჩა №1 მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სახლის ½ ნაწილზე ნ. ე-ის საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი; დაუშვებლად იქნა ცნობილი ზ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. №1 მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სახლის ½ ნაწილში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მაისის ოქმი №15 და საკუთრების უფლების მოწმობა №155 ნ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; დაუშვებლად იქნა ცნობილი ზ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. №1 მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე ნ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 90-113).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი (შინაარსობრივად კერძო საჩივარი) დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, რომლებითაც საქმე არსებითად წყდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს, ანუ საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები; სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, რომლებიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების უცვლელად (ძალაში) დატოვების შესახებ, აგრეთვე, განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნების შესახებ; სააპელაციო სასამართლოების მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებები, გამოტანილი განმეორებით დაუსწრებლობის გამო.

მოცემულ შემთხვევაში, ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ლაგოდეხში, ... ქ. №1 მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სახლის ½ ნაწილში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 მაისის №15 ოქმის, ნ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე საკუთრების უფლების №155 მოწმობისა და ქ. ლაგოდეხში, ... ქ. №1 მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე ნ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რის თაობაზეც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განემარტათ მხარეებს.

ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის მიერ საჩივარი ნაცვლად კერძო საჩივრისა სასამართლოში წარდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი (იხ. ტ.2; ს.ფ. 124-132).

სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის წარდგენილი საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად და მოთხოვნიდან გამომდინარე კერძო საჩივარs წარმოადგენს, თუმცა იგი წარდგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, ზ. მ-ას წარმომადგენელს ნ. თ-ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა პირადად (პირადი №...) 2013 წლის 31 ივლისს /იხ. ტ. 2; ს.ფ 121/, შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა ეწურებოდა 2013 წლის 12 აგვისტოს, ხოლო საკასაციო საჩივარი წარდგენილი იქნა ფოსტის საშუალებით 2013 წლის 19 აგვისტოს /იხ. ტ.2; ს.ფ 133/ სააპელაციო სასამართლოს წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი თორმეტდღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით - ზ. მ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში - მხარის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულია და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ამ ნაწილში გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სუბიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი (შინაარსობრივად კერძო საჩივარი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; 26-e, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე, 284-e, 285-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. მ-ას წარმომადგენლის ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი (შინაარსობრივად კერძო საჩივარი) დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე