№ბს-57-52(კ-13) 3 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – სს „…“
წარმომადგენელი – დ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი – ს. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 15 ივნისს სს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1990-იანი წლებიდან დღემდე სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაშია მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 3910 კვ.მ. და 6740 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურით. 2011 წლის 11 მარტს აღნიშნული ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელმაც ყოველგვარი პროცედურული და კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილებები, რომლითაც ჯერ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, შემდეგ კი შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ წარმოსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტები.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლი 14 მაისის №73046, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა, რომელიც სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას შეეხება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით დეპარტამენტ „ს...“ საწარმოო გაერთიანება „სა...“ სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „...“. მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 დეკემბრის №298 დადგენილებაში აღნიშულია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 4 ივნისის №319 დადგენილებით ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზის მოსაწყობად გამოეყო 0.4 ჰა მიწის ფართობი, მაგრამ მას წლების მანძილზე ფაქტიურად დაკავებული ჰქონდა 1.1 ჰა მიწის ფართობი, აღნიშნულიდან გამომდინარე გამგეობამ სს „...“0.7 ჰა მიწის ფართობი გამოუყო.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2011 წლის 11 მარტს ორი განცხადებით მიმართა სს „...“ მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 3910 კვ.მ. და 6740 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივნისის №882011100553-03 და №882011100577-03 გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება სს „...“ განცხადებებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებებით დამატებით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე მართლზომიერ მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტები. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განმცხადებელს ვადა - 30 კალენდარული დღე განესაზღვრა. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა. 2011 წლის 30 ივნისს სს „...“ დამატებით წარადგინა ქონების და მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2012 წლის 16 იანვარს მიიღო №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებები, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. სს „...“ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა, რომლის 2012 წლის 14 მაისის №73046 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს „...“ ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან გამომდინარე საკუთრების უფლების აღიარებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარმოსადგენი იყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 დეკემბრის №298 დადგენილება არ მიიჩნია შესაბამის უფლების დამდგენ დოკუმენტად და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე 2011 წლის 28 ივნისს მიიღო №882011100553-03 და №882011100577-03 გადაწყვეტილებები, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება სს „...“ განცხადებებთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამისილი იმსჯელოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივნისის №882011100553-03 და №882011100577-03 გადაწყვეტილებების კანონიერებაზე, ვინაიდან, მოსარჩელე არ მოითხოვს მათ ბათილად ცნობას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ზემოთ დასახელებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო 2012 წლის 16 იანვრის №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებებით შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება სს „...“ განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, საკითხის განხილვის დროისთვის (2012 წლის 16 იანვარი) საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ეღიარებინა საკუთრების უფლება განმცხადებლისთვის, ვინაიდან, სს „...“ დაკარული ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება 2012 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 მაისის №73046 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „...“ სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.„გ“ მუხლის შესაბამისად დაეთანხმა და გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 მაისის №73046 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან, მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქცია არ უშვებს კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას; კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტები არ უნდა გამოეცათ მათი გამოცემის დროს მოქმედი კანონის რედაქციის საფუძველზე და უნდა ეხელმძღვანელა კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა სარეგისტრაციო სამსახურში განცხადების წარდგენის დროს და რომელიც უშვებდა კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის მართლოზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლომ აპელანტის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი არ გაეთვალისწინებინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები და გასაჩივრებული აქტები დაეფუძნებინა გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია საქმის გარემოებები და გასაჩივრებული განჩინება მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დააფუძნა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან იურიდიულ პირებს ჩამოერთვათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესაძლებლობა. კასატორის განმარტებით, იურიდიული პირებისათვის 2011 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვადა, რომელიც მათ 2012 წლის 1 იანვრამდე უნდა განეხორციელებინათ. მათ კი ნორმის მოქმედების დროს მოახდინეს საკუთარი უფლების რეალიზაცია და მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უკანონოდ გააჭიანურა სარეგისტრაციო პროცედურა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 13 ივნისს, 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეშე არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 11 მარტს სს „...“ განცხადებებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 3910 კვ.მ. და 6740 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივნისის №882011100553-03 და №882011100577-03 გადაწყვეტილებებით სს „...“ განცხადებებთან დაკავშირებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილებებით დამატებით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე მართლზომიერ მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტები. 2011 წლის 30 ივნისს სს „...“ დამატებით წარადგინა ქონების და მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2012 წლის 16 იანვარს მიიღო №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებები, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებები სს „...“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა, რომლის 2012 წლის 14 მაისის №73046 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს „...“ ადმინისტრაციული საჩივარი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე განსახილველი დავის ფარგლებში სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №882011100553-06 და №882011100577-06 გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლი 14 მაისის №73046 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას მოითხოვს, რომელიც სს „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას შეეხება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო სს „...“ განცხადებებთან დაკავშირებით შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სს „...“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 11 მარტს წარდგენილ განცხადებებზე თანდართულ დოკუმენტებზე და მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მცხეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 დეკემბრის №298 დადგენილებასთან ერთად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია სს „...“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები. სასამართლოს სს „...“ მოთხოვნა არსებითად არ განუხილავს და არ უმსჯელია მისი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სს „...“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით სს „...“ მოთხოვნის საფუძვლიანობასა და გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად, დაინტერესებული მხარის საზიანოდ. განსახილველ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს სს „...“ მიერ წარდგენილი დოკუმნეტაცია წარმოადგენდა თუ არა მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 3910 კვ.მ. და 6740 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და სს „...“ დაავალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების (მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტების) წარდგენა, ხოლო სს „...“, იმ საფუძვლით, რომ მას მიწის მფლობელობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი უკვე წარდგენილი ჰქონდა, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სარეგიტრაციო სამსახურს დამატებით ქონების და მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისათვის დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში) წარუდგინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მხარეს უშუალოდ შეჩერების აქტების ბათილობაზე არ მიუთითებია, მაგრამ მას დოკუმენტები განცხადებასთან ერთად უკვე წარდგენილი ჰქონდა და დამატებით მხოლოდ ქონების და მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლთან დაკავშირებით (2010 წლის 7 ოქტომბრის კანონი), რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადას, კერძოდ, დასახელებული მუხლით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილევლ შემთხვევაში სს „...“ მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „...“ 2011 წლის 11 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 3910 კვ.მ. და 6740 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. შესამაბისად, მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში მოახდინა, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მისი ბრალის გარეშე გაჭიანურდა. აღნიშნულის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გამოყენება კი საკასაციო სასამართლოს დაუშველბად მიაჩნია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული აქვს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმომფხვრელი დოკუმენტების წარუდგენლობა და არა კანონის გაუქმება. არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი არ უთქვამს კანონით დადგენილი ვადის გასვლის მოტივით. აღნიშნულზე მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამაერთლოები აპელირებენ, რაც მოსარჩელის მდგომარეობას უდავოდ აუარესებს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ თუ პირმა უფლების რეალიზაცია კანონის მოქმედების პირობებში მოახდინა, მას ამ უფლების განხორციელება იმ დროს მოქმედი კანონით შეუძლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე