Facebook Twitter

№ბს-81-76(კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ ე. ქ-ა

წარმომადგენელი – შ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; წარმომადგენელი – დ. ქ-ა;

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; წარმომადგენელი – ლ. ბ-ე;

3. კომპანია „...“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 5 მაისს ე. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია „...“ მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, მარტოხელა პენსიონერი, 1994 წლიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში, სასტუმრო „მ...“. 2006 წლის 17 თებერვალს სასტუმრო „მ...“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისებულ იქნა კომპანია „...“. მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ სასტუმროში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს გადაუხდიდა 7000 აშშ დოლარს.

მოსარჩელის მითითებით, იგი სასტუმროში ცხოვრობდა დასთან ლ. ქ-ასთან ერთად, მაგრამ ისინი ცალ-ცალკე ოჯახებს წარმოადგენდნენ. ვინაიდან ცალკე საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილეს დევნილობის პერიდში იძულებულნი გახდნენ ეცხოვრათ ერთად 12 კვ.მ. ფართში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ოჯახს არ წარმოადგენდნენ მათ მიიღეს ერთ ოჯახზე დადგენილი საკომპენსაციო თანხა, იმ საფუძვლით, რომ მათ გააჩნდათ ერთი საოჯახო ნომერი.

მოსარჩელის მითითებით, მან სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და დამოუკიდებელ ოჯახად აღიარება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და აღიარებულ იქნა ის ფაქტი, რომ ე. ქ-ა და ლ. ქ-ა წარმოადგენენ დამოუკიდებელ ოჯახებს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მისი ცალკე, დამოუკიდებელ ოჯახად არსებობა და მას ეკუთვნის ცალკე საკომპენსაციო თანხა - 7000 აშშ დოლარის ოდენობით.

M ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის 7000 აშშ დოლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით განსახილველ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 „გ“ მუხლის საფუძველზე დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ ე. ქ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და 1994 წლიდან 2006 წლამდე ცხოვრობდა ქ. ბათუმში, სასტუმრო მ... .

დადაგენილია, რომ ე. ქ-ა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ცნობილია დევნილად და 2007 წლის 21 სექტემბერს მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანებით განისაზღვრა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული - სს „ა...“ 100% და სს „მ...“ 52,83% წილი აქციათა პაკეტის კომპანია „...“ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „...“ შორის 2006 წლის 17 თებერვალს დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება და შემძენმა აიღო ვალდებულება სასტუმროდან გამოსახლების სანაცვლოდ თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის სახით - 7000 აშშ დოლარი გაეცა, რაც უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს მიერ წარდგენილი დევნილთა ოჯახების სიის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით ოჯახი განმარტებულ იქნა როგორც პირთა ჯგუფი, რომლებსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა ერთიანი საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა - 7000 აშშ დოლარი კომპანიის მიერ გაცემულ იქნა მოსარჩელე ე. ქ-ასა და მის დაზე ლ. ქ-აზე, როგორც ერთ ოჯახზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები მისთვის, როგორც ცალკე ოჯახისთვის, სასტუმრო „მ...“ პრივატიზაციის შედეგად შესაბამისი კომპენსაციის გაცემის დავალების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე. ქ-ა დევნილობამდე და მის შემდეგაც, წარმოადგენდა დამოუკიდებელ ოჯახს, იმის გათვალისწინებით, რომ დევნილობის პერიოდში იგი ცალკე ოჯახად არ აღრიცხულა და სასტუმრო „მ...“ ცხოვრობდა დასთან ერთად, ერთ ოჯახად, სამინისტროს მიერ მინიჭებული ერთი საოჯახო ნომრით, სასტუმრო „მ...“ პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არ არსებობდა მასზე, როგორც დამოუკიდებელ ოჯახზე კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დევნილად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. დევნილად ცნობილ პირს ეძლევა მოწმობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისი №43 დადგენილების თანახმად, სამინისტრო ხელმძღვანელობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროს; პასუხს აგებს მინდობილი სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის. იგი სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და დასახულ სხვა ამოცანათა გადაწყვეტის მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს თავის ძირითად ამოცანათა ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებით შეიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადების მომზადება და ორგანიზება გაეწია შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვალის №47 განკარგულებით დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის უმთავრესი წინაპირობად მიჩნეულ იქნა მათი წარმატებული განსახლება. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ჩასახლების ცენტრების არსებობა მიჩნეულ იქნა არა მხოლოდ საფრთხეს მატარებლად იქ მცხოვრებთათვის, არამედ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელ გარემოებად. შესაბამისად, კოლექტიური ცენტრების საკითხის გადაჭრა მიჩნეულ იქნა დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების ხელის შეწყობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხების მოგვარების წინაპირობად, რითაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის კოლექტიურ ცენტრებს დაუბრუნდებოდათ თავიანთი პირვანდელი - სოციალური ინსტიტუციების (საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ.) ფუნქცია, ხოლო კომერციული დატვირთვის მქონე კოლექტიური ცენტრები გამოთავისუფლდებოდა კერძო ინვესტიციებისათვის. ამასთან, საცხოვრებლების სანაცვლოდ დევნილთათვის გასაცემი ფულადი დახმარება უნდა ყოფილიყო საბაზრო ფასების შესაბამისი და ადეკვატური.

აღნიშნული სტრატეგიის თანახმად, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანებით განისაზღვრა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული - სს „ა...“ 100% და სს „მ...“ 52,83% წილი აქციათა პაკეტის კომპანია „...“-სათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაცია. ამასთან, სასტუმროდან გამოსახლებული დევნილების თითოეულ ოჯახს კომპანია გადაუხადიდა კომპენსაციის სახით - 7000 აშშ დოლარს, რაც უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს მიერ წარდგენილი დევნილთა ოჯახების სიის შესაბამისად. აღნიშნულ პირობაზე თანხმობას აცხადებდა სამინისტროს ბაზის მიხედვით სასტუმროში რეგისტრირებული 1921 ოჯახი. ამავე ხელშეკრულებით, ოჯახი განმარტებული იქნა, როგორც პირთა ჯგუფი, რომლებსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა ერთიანი საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია და სადავო არ არის, რომ დევნილობის პერიოდში ე. ქ-ა და მისი და ცხოვრობდნენ სასტუმრო „მ...“ 12 კვ.მ ფართობის ოთახში ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. სარეგისტრაციო ნომერი (ე.წ. საოჯახო ნომერი) სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით იქნა მინიჭებული ამ ოჯახისათვის, რაც სადავო არ გამხდარა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასტუმროში მცხოვრებ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ კომპენსაციის შეთავაზება განხორციელდა სწორედ დევნილთა ოჯახების მიხედვით და არა ცალკეულ იძულებით გადაადგილებულ პირზე და დევნილობამდე არსებული ვითარების მიხედვით, რაც მისაღები იყო სასტუმროში რეგისტრირებული 1921 ოჯახისთვის და მიიღეს კიდევაც შესაბამისი კომპენსაციები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2006 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასტუმრო „მ...“ გამოსახლების სანაცვლოდ ე. ქ-ასთვის, როგორც დამოუკიდებელი ოჯახისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის - 7000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია მისი კანონიერი უფლება - იყოს ბინით უზრუნველყოფილი და მიეცეს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა. კასატორის მითითებით, კანონი პირდაპირ ავალდებულებს სამინისტროს, რომ არცერთი დევნილი უბინაოდ არ დატოვოს.

კასატორის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მისი და მისი დის - ლ. ქ-ას ოჯახი, მათი რეალური ნების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მწირი შესაძლებლობების გამო 12 კვ.მ. ფართის ოთახში ცხოვრობდნენ და ისინი დევნილობამდეც და დევნილობის შემდგომაც დამოუკიდებელ ოჯახებს წარმოადგენდნენ. კასატორის მითითებით, მისი სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ერთადერთი მოტივი - ერთიანი საოჯახო ნომრის არსებობა უარყოფილ იქნა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სასამართლომ კი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სადავოდ გახადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 13 ივნისს, 12:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არსებითად განეხილა საქმე, დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ სრულად გაიზიარეს მოპასუხეების პოზიცია და არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ე. ქ-ა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ცნობილია დევნილად და 2007 წლის 21 სექტემბერს მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანებით განისაზღვრა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული - სს „ა...“ 100% და სს „მ...“ 52,83% წილი აქციათა პაკეტის კომპანია „...“ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2006 წლის 17 თებერვალს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „...“ შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება და შემძენმა აიღო ვალდებულება სასტუმროდან გამოსახლების სანაცვლოდ თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის სახით - 7000 აშშ დოლარი გაეცა, რაც სამინისტროს მიერ წარდგენილი დევნილთა ოჯახების სიის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა - 7000 აშშ დოლარი კომპანიის მიერ გაცემულ იქნა მოსარჩელე ე. ქ-ასა და მის დაზე ლ. ქ-აზე, როგორც ერთ ოჯახზე.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ე. ქ-ა სარჩელით მოპასუხეებისათვის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია „...“ 7000 აშშ დოლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების დაკისრებას მოითხოვდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარში ე. ქ-ამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრალის საკითხი დასვა; ხოლო საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ზიანის სახით - 7000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანია „...“ აიღო ვალდებულება სასტუმრო „მ...“ გამოსახლებული დევნილების თითოეული ოჯახისათვის გადაეხადა კომპენსაცია - 7000 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას - წარმოადგენს თუ არა ე. ქ-ა დამოუკიდებელ ოჯახს. მხარეთა შორის დავას სწორედ აღნიშნული საკითხი იწვევს და სადავოა უნდა მიეღო თუ არა ე. ქ-ას, როგორც დამოუკიდებელ ოჯახს, კომპენსაციის სახით 7000 აშშ დოლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ე. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა სამართლებრივი ურთიერთობა მასზედ, რომ ე. ქ-ა და მისი და - ლ. ქ-ა წარმოადგენენ დამოუკიდებელ ოჯახებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელისა და მისი დის დამოუკიდებელ ოჯახებად აღიარების საკითხი უნდა შეფასდეს დევნილობამდე აფხაზეთის რეგიონში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, ვინაიდან, დევნილობის შემდგომ პერიოდში მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ არსებული მწირი რესურსების შესაბამისად და აქედან გამომდინარე, მოსარჩელის და მისი დის ურთიერთთანაცხოვრებისადმი რეალური ნების გამოვლენის შეფასება შეუძლებელია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. და ლ. ქ-ები ქ. სოხუმში რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ სხვადასხვა მისამართებზე და შესაბამისად, წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ აღიარებითი სარჩელი ე. ქ-ამ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ წარადგინა, ხოლო სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ქ-ა განსახილველ სარჩელს სწორედ კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე აფუძნებს და სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებში მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებულია, რომ ე. ქ-ა და ლ. ქ-ა წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ოჯახებს. აღნიშნულის მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელიათ კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. უფრო მეტიც, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იგნორირებით, რომელიც აღიარებს ე. და ლ. ქ-ების დამოუკიდებელ ოჯახებად ცხოვრების ფაქტს, მოსარჩელეს უარი უთხრეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ დევნილობის პერიოდში ე. ქ-ა და მისი და ლ. ქ-ა ერთად ცხოვრობდნენ სასტუმრო „მ...“ 12 კვ.მ. ფართის ოთახში და მათ ერთიანი ე.წ. საოჯახო ნომერი აქვთ მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ქ-ამ იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამოუკიდებელ ოჯახად ცნობა მოითხოვა. აღიარებითი სარჩელი სხვა სახის სარჩელებისაგან (შეცილებითი და მავალდებულებელი) სწორედ იმით განსხვავდება, რომ უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის სასამართლო წესით დადგენისას მხარის მიზანი - იურიდიული ინტერესი - გამოწვეულია მისი სადავოდ ქცეული უფლების სამომავლოდ დაცვით და სასამართლოს მიერ აღიარებული ესა თუ ის ფაქტი სამომავლოდ მხარის სადავოდ ქცეული სხვა უფლების დაცვის უდავო წინაპირობადაა მიჩნეული. აღიარებითი სარჩელი ყოველთვის მიმართულია მხარის უფლების არსებობა-არარსებობის დადგენისა და სამომავლოდ რეალიზაციისაკენ. განსახილველ შემთხვევაში კი ე. ქ-ას საბოლოო მიზანს მისთვის 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება წარმოადგენდა და აღიარებითი სარჩელი - დამოუკიდებელ ოჯახად ცნობის მოთხოვნით სწორედ ამ მიზნით იქნა წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. ქ-ამ უფლება, როგორც ცალკე ოჯახმა, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოიპოვა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული, აღიარებულია ის ფაქტი, რომ ე. და ლ. ქ-ები წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ოჯახებს. განსახილველი დავის ფარგლებში კი (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში) სასამართლო ვერ შეაფასებს აღნიშნულ გარემოებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო გახდა პრეიუდიციული მნიშვნელობის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით უნდა მიეღოთ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ქ-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის 7000 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვს როგორც ზიანს, ვინაიდან, სწორედ სამინისტროს ბრალით ვერ მიიღო კუთვნილი 7000 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კომპანია „...“ სია დევნილთა ოჯახების შესახებ სამინისტრომ წარადგინა. კომპანია სამინისტროს მიერ წარდგენილი სიით ხელმძღვანელობდა და მის შესაბამისად გასცემდა კომპენსაციებს. ოჯახებად განსაზღვრის კომპეტენცია კი ცალსახად სამინისტროს ჰქონდა. შესაბამისად, თითოეული პირის მიერ კომპენსაციის მიღება სწორედ სამინისტროს ქმედებაზე (ოჯახებად განსაზღვრაზე) იყო დამოკიდებული. სამინისტროს კანონიერი ქმედების პირობებში ე. ქ-ა, როგორც დამოუკიდებელი ოჯახი, 7000 აშშ დოლარს მიიღებდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი; ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ე. ქ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით უნდა დაეკისროს სამინისტროს უკანონო ქმედებით მიუღებელი - 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ე. ქ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ე. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის მიყენებული ზიანის - 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე