ბს-854-836(კ-12) 10 ოქტომბერი ,2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – კომპანია ,, ...“, წარმომადგენელი ე.ნ-ე (22.11.2011წ. #CH-4002 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“, წარმომადგენელი მ.ფ-ე (25.01.2012წ. #01-05/97 მინდობილობა)
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო დაცვაზე უარის გასაჩივრების პროცედურის დაცვა, საჩივრის განსახილველად მიღების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2012წ. განჩინება
კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
25.11.11წ. კომპანია ,, ...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ მიმართ მოპასუხის 25.10.11წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ,, ...“ საჩივრის განსახილველად მიღების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საჩივრით მიმართა ,,საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატას და მოითხოვა ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მის კუთვნილ საერთაშორისო ნიშანს (,,...”) უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე და საქართველოში გავრცელებაზე საქონლის სრული ჩამონათვლის მიმართ. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატამ 25.10.11წ. გადაწყვეტილებით დაუშვებლად ცნო ,, ...“ სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა კანონისმიერ საფუძველს მოკლებულია, რადგან მას ექსპერტიზის გადაწყვეტილება ჩაბარდა 04.08.11წ., შესაბამისად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საქპატენტი“ არასწორად განმარტავს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონს, დაუშვებელია გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა ექსპერტიზის გადაწყვეტილების მიღების დღიდან და არა მისი დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან. ,, ...“ თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საქპატენტის“ საპელაციო პალატის შესახებ დებულების დანაწესებს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის გადაწყვეტილება ინგლისურ ენაზე შედგა 13.07.11წ., ექსპერტიზის შეტყობინება/ნოტიფიკაცია გაგზავნილ იქნა 15.07.11წ. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროში (ისმო), რომელმაც 25.07.11წ. მიიღო ეს შეტყობინება და 03.08.11წ. შეტყობინება გადაუგზავნა კომპანიის წარმომადგენელს, უკანასკნელმა შეტყობინება 04.08.11წ. მიიღო. დადგენილი წესის თანახმად ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილება მტკიცდება ბრძანებით და გასაჩივრების სამთვიანი ვადა აითვლება ბრძანების გამოცემიდან. მოსარჩელე თვლის, რომ ამ შემთხვევაშიც ირღვევა ვადის ათვლის ზოგადი წესები, თუმცა დაცულია სზაკ-ის მოთხოვნები. სხვა წესია დადგენილი საქართველოში მადრიდის პროტოკოლის საფუძველზე გასავრცელებლად წარმოდგენილი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებისათვის. ,,საქპატენტის“ ექსპერტიზის გადაწყვეტილება ნოტიფიკაციის სახით, მხოლოდ ინგლისურ ენაზე შედგენილი, ეგზავნება საერთაშორისო ბიუროს განმცხადებლისათვის გადასაგზავნად. ადგილი აქვს სხვადასხვა წესის გამოყენებას უარყოფითი გადაწყვეტილების შეტყობინებისას ეროვნული სასაქონლო ნიშნისა და საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის განმცხადებლების მიმართ, რაც არღვევს თანასწორობის პრინციპს. ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილება საერთაშორისო ბიუროში იგზავნება ამ გადაწყვეტილების დამამტკიცებელი ბრძანების გარეშე. მოსარჩელემ გამოითხოვა ბრძანება უარყოფითი გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ, რომელიც თითქმის ერთი თვის დაგვიანებით არის გამოცემული. მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად უნდა ჩაითვალოს არა ისმო-ში გაგზავნილი ინგლისურენოვანი შეტყობინება, მიღებული მოსარჩელის მიერ 04.08.11წ., არამედ 12.08.11წ. ბრძანება, რომელიც ამტკიცებს ექსპერტიზის დასკვნას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქპატენტის კანცელარიაში ჩააბარა საჩივარი 13.09.11წ., თუმცა ამ ფაქტს ვერ ადასტურებს, რადგან საჩივრის ასლზე დასმულია 17.10.11წ. ანუ მომდევნო სამუშაო დღის თარიღი. საქპატენტის სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ვადა და 25.10.11 წ. საჩივარი დაუშვებლად ცნო. მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციულ აქტად უნდა ჩაითვალოს არა საქპატენტის მიერ შედგენილი ნოტიფიკაცია/შეტყობინება, არამედ ქართულ ენაზე შედგენილი 12.08.2011წ. №1863/03 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ექსპერტიზა და განმცხადებელს განემარტა გასაჩივრების უფლება. შესაბამისად მოსარჩელე თვლის, რომ გასაჩივრების სამთვიანი ვადა მას არ დაურღვევია, სადავო აქტით დარღვეულია სააპელაციო პალატის დებულების 6.3 მუხლი, რომლის თანახმად საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან სამი თვის ვადაში, სსკ-ის 60.2 მუხლი, რომლის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. გასაჩივრების ვადა არ არის დარღვეული ისმო-ს შეტყობინების მიღებიდან (04.08.11წ.) ათვლის შემთხვევაშიც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დარღვეულია სზაკ-ის 94-ე, 182-ე მუხლების მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2012წ. გადაწყვეტილებით კომპანია ,, ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის მიერ 13.07.2011წ. მიღებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის შესახებ, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ,,საქპატენტის“ მიერ 12.08.2011 წ. გამოიცა ბრძანება, რომლითაც კომპანია ,, ...“ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნითვის დაცვის მინიჭებაზე ეთქვა უარი. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მითითებულ ექსპერტიზის დასკვნაზე შეტყობინება გაიგზავნა ისმო-ს საერთაშორისო ბიუროში, რომელმაც შეტყობინება მიიღო 25.07.11წ., ხოლო 3 აგვისტოს გადაუგზავნა კომპანია ,, ...“, რომელსაც შეტყობინება ჩაბარდა 04.08.2011წ.
სასამართლომ მიუთითა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესების მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ დასახელებული შეტყობინებით კომპანიას დეტალურად ეცნობა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების წესი და ვადა, დეტალურად განემარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 13.10.2011წ. იწურებოდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება გასაჩივრების ვადის შეტყობინების ჩაბარებიდან ათვლის შესახებ და მიუთითა, რომ ვერც საქპატენტისთვის და ვერც საერთაშორისო ბიუროსთვის წინასწარ ვერ იქნება ცნობილი თუ როდის ჩაბარდება განმცხადებელს გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქპატენტს ვერ შეეძლება შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება შეტყობინების საერთაშორისო ბიუროში გაგზავნისას შეტყობინებაში გასაჩივრების საბოლოო თარიღის მითითების შესახებ. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა აითვლება გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2012წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინებით კომპანია ,, ...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლზე დაყრდნობით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2012 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანია ,, ...“, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციაზე არღვევს მადრიდის ხელშეკრულების თანდართული პროტოკოლის ერთ-ერთ ძირითად დებულებას, რომლის მიხედვითაც თანაბარ სამართლებრივ და უფლებრივ პირობებში მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეთ ეროვნულ განმცხადებლებსა და საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელებს. კასატორის მითითებით ,,საქპატენტის“ მხრიდან უთანასწორო მოპყრობას აქვს ადგილი, რადგან სხვადასხვანაირად ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა, კერძოდ, როდესაც ეროვნულ განმცხადებლებს აქტის გასაჩივრებისთვის ეძლევათ 3 თვე სადავო აქტის ჩაბარებიდან, საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელებს ეს ვადა აეთვლებათ სადავო აქტის გამოცემიდან, რის შედეგადაც გასაჩივრების ვადებს შორის ფიქსირდება რამდენიმე კვირიანი სხვაობა. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის დებულების ნორმათა ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების დღიდან და არა ,,საქპატენტის“ მიერ მისი მიღებიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაშიც არასწორად მოხდა აქტის გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა, რეალურად ის უნდა ათვლილიყო 2011 წლის 4 აგვისტოდან, თუმცა მისი ათვლა დაიწყო 13 ივლისიდან - 21 დღით ადრე. ,,საქპატენტს“ უფლება არ ჰქონდა დაედგინა სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანის უფრო ხანმოკლე ვადა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებისთვის, ვიდრე ეს დადგენილია ეროვნული განმცხადებლებისთვის. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი საერთაშორისო თუ შიდა ნორმატიული აქტი არ ავალდებულებს ,,საქპატენტს“ გადაწყვეტილებაში აღნიშნოს მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის კონკრეტული დღე. მადრიდის შეთანხმების თანდართული ოქმის თანახმად (მუხ. 17, 2 vii პუნქტი), სასურველია და არა აუცილებელი მოხდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გონივრული ვადის მითითება, ხსენებული წესის თანახმად, სასურველია მიეთითოს გონივრული ვადა პასუხების შეტანისა, სააპელაციო საჩივრის შეტანისა, წინასწარი უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, ოპოზიციაზე პასუხის წარდგენისა, იმ უწყების დასახელება, სადაც უნდა იქნეს შეტანილი პასუხი, სააპელაციო განაცხადი და ა.შ.. ,,საქპატენტის“ მითითება იმის თაობაზე, რომ ის ვერ მოახერხებს უფლებამოსილი პირისთვის აქტის ჩაბარების მომენტიდან გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლას, რადგან მისთვის წინასწარ უცნობია, თუ როდის ჩაბარდება პირს აქტი, არ არის გასათვალისწინებელი, რადგან დღევანდელი კომუნიკაციების გათვალისწინებით ეს არგუმენტი უსუსურია, ამასთანავე საერთაშორისო ბიურო აფიქსირებს განმცხადებლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს და ნოტიფიკაციას ამ თარიღის შესახებ აქვეყნებს შესაბამის ვებ-გვერდზე. ,,საქპატენტს“ აქვს უფლებამოსილება თავისუფლად განსაზღვროს გასაჩივრების ვადის დენის დასაწყისი და დასასრული, თუმცა ისე, რომ გასაჩივრების ვადა არ იყოს 3 თვეზე ნაკლები და თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ეროვნული და საერთაშორისო განმცხადებლები.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქპატენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს, საქპატენტის მიერ დაცულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონისა და მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის მოთხოვნები. 13.07.11წ. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ოქმის ზოგადი წესების 17 (1) მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ბიუროს ეცნობა წინასწარი უარი დაცვაზე, რომელიც თავისი არსით არის შეტყობინება. ნიშნის დაცვაზე წინასწარი უარის შესახებ შეტყობინების შესაბამის გრაფაში უწყების მიერ, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის საფუძვლები, გასაჩივრების ვადა და ასევე საჩივრის წარდგენის საბოლოო თარიღი, რომელიც ივსება მე-9 გრაფაში. უწყების მიერ აღნიშნული გრაფის შევსების სავალდებულობას ადგენს ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესების მე-17(2) მუხლი, რომლის მიხედვით შეტყობინებაში წინასწარი უარის შესახებ სხვა ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს: გასაჩივრების გონივრული ვადა და ამ ვადის ამოწურვის თარიღი. მუხლი ადგენს პროცედურებს უწყების მიერ შეტყობინების არასათანადოდ შევსების შემთხვევაში. წესის მე-18 მუხლის 1(d) პუნქტის მიხედვით, თუ შეტყობინება არ პასუხობს 17(2) მუხლის მოთხოვნებს, წინასწარი უარი დაცვაზე არ შეიტანება საერთაშორისო რეესტრში და უწყებას ესაზღვრება ორთვიანი ვადა შესწორებული ფორმის გადმოსაგზავნად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე ორგანოს წარმომადგენელი თვლის, რომ გასაჩივრების საბოლოო თარიღის მითითება სავალდებულოა. ზოგადი წესების 4(2) მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ვადა განსაზღვრული თვეებში მთავრდება შესაბამისი თვის იმავე რიცხვის მქონე დღეს, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს. შეტყობინების ჩაბარებიდან ვადის ათვლის შემთხვევაში არც საქპატენტისთვის და არც საერთაშორისო ბიუროსთვის არ იქნება წინასწარ ცნობილი განმცხადებლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი, ამასთანავე საბოლოო ვადის ამოწურვის თარიღის მითითება სავალდებულოა საერთაშორისო ბიუროსათვის შეტყობინების გაგზავნის დროს. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა, რომელიც აღემატება ადმინისტარციული კოდექსით განსაზღვრული აქტის გასაჩივრების ერთთვიან ვადას, სრულიად გონივრულია და საკმარისია იმისთვის, რომ უცხოელმა განმცხადებელმა აღნიშნულ ვადაში წარადგინონ საჩივარი. საქპატენტის თავმჯდომარის 18.03.11წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების 8.12 მუხლის, 8.9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი არ არის დასაშვები, თუ გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა. ამდენად, გასაჩივრების ვადა ამოიწურა 13.10.11წ., ხოლო საჩივარი 17.10.11წ. იქნა წარდგენილი, რის გამოც საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის 25.10.11წ. გადაწყვეტილება საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 10.10.2013 წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე საქპატენტის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ შეუძლებელია ისმოს-ს მიერ განმცხადებლისთვის გადაწყვეტილების გადაგზავნისას ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოგზავნა საქპატენტში, ამიტომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადების ათვლის ერთ-ერთ მისაღები თარიღია გადაწყვეტილების ,,საერთაშორისო ნიშნების ისმო-ს ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღი. აღნიშნული ჟურნალი ქვეყნდება ისმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველკვირეულად და დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. კომპანიის ,, ...“ სასაქონლო ნიშანზე საქპატენტის 13.07.11წ. გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია ,,საერთაშორისო ნიშნების ისმო-ს ჟურნალში“ გამოქვეყნდა 25.08.11წ., ასეთ შემთხვევაში კომპანიის ,, ...“ მიერ საჩივრის წარდგენის თარიღი - 17.10.11წ. აკმაყოფილებს საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულებით გათვალისწინებულ სამთვიან ვადას. გასაჩივრების ვადის ამ მომენტიდან ათვლაზე კასატორის წარმომადგენლის თანხმობის მიუხედავად საქპატენტის წარმომადგენელმა უარი თქვა განსახილველი დავის მორიგებით დამთავრებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის არსობრივი ექსპერტიზის 13.07.2011წ. დასკვნის საფუძველზე კომპანია ,, ...“ სასაქონლო ნიშანს ,,...“ უარი ეთქვა საერთაშორისო ნიშნის დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი ინგლისურენოვანი შეტყობინება გაეგზავნა ინტელექტუალური საკუთრების (ისმო-ს) საერთაშორისო ბიუროს, რომელმაც შეტყობინება მიიღო 25.07.11წ., ხოლო 03.08.2011წ. ბიურომ შეტყობინება გადაუგზავნა კომპანია ,, ...“, რომელსაც იგი 04.08.2011წ. ჩაბარდა. შეტყობინებაში მიეთითა გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 13.07.2011წ. და აქტის გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დასასრული - 13.10.2011წ. . კომპანია ,, ...“ წარმომადგენელმა 17.10.2011წ. სააპელაციო განცხადებით მიმართა საქპატენტის სააპელაციო პალატას და მოითხოვა ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიღებული 13.07.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიერ წარდგენილი სასაქონლო ნიშნისთვის (,,...“) დაცვის მინიჭება. საქპატენტის სააპელაციო პალატის 25.10.2011წ. №90-03/11 გადაწყვეტილებით კომპანია ,, ...“ სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების 3-თვიანი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სააპელაციო პალატის დებულების 8.9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ არის დასაშვები, თუ გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა. ისმო-ს საერთაშორისო ბიუროში გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, საქპატენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 13.10.11წ. ამოიწურა, აპელანტმა საჩივარი 17.10.11წ. შემოიტანა, რის გამოც კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის მიერ 13.07.11წ. მიღებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ, რომელშიც განმცხადებელს განესაზღვრა საჩივრის წარსადგენად კონკრეტული ვადა (13.10.11წ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საერთაშორისო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს გასაჩივრების წესს, საჩივრის წარდგენის კონკრეტულ ვადას. საქპატენტში სამი თვის ვადაში ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას შეიცავს არა ექსპერტიზის დასკვნა, არამედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 12.08.11წ. №1863/03 ბრძანება. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ გასაჩივრების ლიმიტირებული ვადა (13.10.11წ.) და საჩივრის განმხილველი ორგანო მითითებულია საქპატენტის მიერ ინგლისურენოვანი შეტყობინება-ნოტიფიკაციაში გაგზავნილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში.
ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 16.2 მუხლის საფუძველზე მიიჩნიეს, რომ გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღებიდან და არა სხვა მომენტიდან, მაგ. უფლებამოსილი პირისთვის ორგანოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, რადგან ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაინტერესებული პირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში სავალდებულოა გასაჩივრების ვადის ამოწურვის კონკრეტული თარიღის მითითება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდება, თუ გასაჩვრების ვადის ათვლა მოხდება აქტის მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან, რადგან ,,საქპატენტისა“ და საერთაშორისო ბიუროსთვის წინასწარ ვერ იქნება ცნობილი გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის ჩაბარების თარიღი.
განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გათვალისწინებულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქპატენტთან არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველ ორგანოში - სააპელაციო პალატაში კომპანია ,, ...“ საჩივრის შეტანის ვადა უნდა ათვლილიყო გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან და მიიჩნევს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტები და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ 23.08.99წ. №63 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის 17.1 და 22.1 მუხლები სიტყვასიტყვით არ უნდა განიმარტოს. ხსენებულ მუხლებში მოცემული რეგულაციის დადგენა ნორმის განმარტების სისტემურ მიდგომას, ხსენებული ნორმების კანონმდებლობის სხვა აქტებთან ორგანული კავშირის გათვალისწინებას საჭიროებს. საჩივრის დაუშვებლად ცნობას არ ადასტურებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 16.2 მუხლის მითითება იმაზე, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 16.2 მუხლის დებულების დაკონკრეტება მოცემულ შემთხვევაში მოხდა კანონის სხვა მუხლებში და კანონქვემდებარე აქტში. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 13.5 მუხლი ითვალისწინებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტის მიღებული გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაცნობას, ამავე კანონის 14.3 მუხლი ითვალისწინებს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაგზავნას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქპატენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით. სსიპ საქპატენტის თავმჯდომარის 18.03.11წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების 6.3 მუხლი პირდაპირ უთითებს, რომ სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ ჩაბარებიდან (და არა გადაწყვეტილების გამოტანიდან) 3 თვის ვადაში. საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონიერების დასაბუთებისათვის სააპელაციო სასამართლო განჩინებაში უთითებს საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნას სარჩელის წარდგენის ვადის დაცვის საჭიროებაზე, ამასთანავე სასამართლოს შეფასების მიღმა რჩება დებულების 6.3 მუხლი, რომელზედაც ყურადღებას ამახვილებდა აპელანტი სააპელაციო საჩივარში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტს შორის კოლიზიას, 18.03.11წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ხსენებული ნორმა აკონკრეტებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონისა და დასახელებული ინსტრუქციის მუხლებს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.9 მუხლის თანახმად, გამოცემულია საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად. ამდენად, არ არსებობს კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის კოლიზია, ამ კოლიზიის გადასაჭრელად სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სსკ-ის 6.3 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.7 მუხლის საფუძველზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოყენებაზე უარის თქმის საჭიროება (ინციდენტური კონტროლი), ვინაიდან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაშია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტთან, მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ავსებენ ერთმანეთს. ამდენად, გასაჩივრების ვადა აითვლება არა გადაწყვეტილების მიღებიდან, არამედ გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის, აგრეთვე სასამართლოების მოსაზრებას აქტის გასაჩივრების ვადის გადაწყვეტილების მიღებიდან, კანონით დადგენილი წესით აქტის ოფიციალურ გაცნობამდე ათვლის შესაძლებლობის შესახებ. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად გასაჩივრების ვადა აითვლება სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან. აქტის გაცნობამდე გასაჩივრების დაშვება გამოიწვევდა საჩივრის მიზნის - კონტროლის განხორციელების უარყოფას, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღებამდე კონტროლის განხორციელება არ დაიშვება. ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან. აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად მნიშვნელოვანია აქტის ძალაში შესვლის მომენტის განსაზღვრა. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით არის შესაძლებელი, აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას მისი გასაჩივრების წესის შესახებ. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადების ათვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სზაკ-ის 94.2 მუხლი დამატებით ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, რომლის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის ადრესატისთვის ინდივიდუალური გაცნობა სირთულეებთან ან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სზაკ-ით გათვალისწინებული აქტის ოფიციალური გაცნობის ერთ-ერთი სახეობის (კერძოდ, აქტის გადაცემა (58-ე მუხ.), გამოქვეყნება შესაბამისი ორგანოს ბეჭდვით ორგანოში(56-ე მუხ.), საჯაროდ გამოცხადება (57-ე მუხ.)) გამოყენება. აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს სზაკ-ის 55-58-ე მუხლებს და სპეციალურ კანონმდებლობაში მოცემულ თავისებურებებს. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში განაცხადის მონაცემები გამოქვეყნდება არსობრივი ექსპერტიზის მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (მე-15 მუხ.). ამდენად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გამოქვეყნების საკითხი არ დგება არსობრივი ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. არსობრივი ექსპერტიზის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს აქვს გადაწყვეტილების საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასაჩივრების უფლება, ასეთი უფლების გამოყენების პირობაა გადაწყვეტილების ადრესატისათვის გაცნობა, ვინაიდან საქპატენტის თავმჯდომარის 18.03.11წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ 1.2 მუხლის თანახმად საპელაციო პალატა თავის საქმიანობაში, სხვა ნორმატიულ აქტებტან ერთად, ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით. ამდენად, იმისათვის, რომ პირი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ ჩაითვალოს და მასზე გავრცელდეს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება - მოვალეობები, მათ შორის გასაჩივრების უფლება და გასაჩივრების ვადის დაცვის ვალდებულება, როგორც მინიმუმ, საჭიროა მისი ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 23.08.1999წ. №63 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქცია, რეგისტრაციაზე უარის რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს საერთაშორსო განაცხადში მოცემული საქონლის სიმბოლოს საქართველოში დაცვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაგზავნას საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით (21-ე მუხლის მე-4 პუნქტი), ინსტრუქციის თანახმად განმცხადებელს არ ეგზავნება მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების, სასაქონლო ნიშნის საქართველოში დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან გასაჩივრების ვადის ათვლა დაუშვებელია არამხოლოდ იმის გამო, რომ მხარისათვის აქტის გაცნობამდე უცნობი იყო გადაწყვეტილების შინაარსი, მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივი, არამედ აგრეთვე იმის გამოც, რომ მხარისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მოთხოვნასთან დაკავშირებით თვით გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. ასეთ პირობებში, გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით განსაზღვრული გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა ილუზორულს გახდიდა კანონით განსაზღვრული გასაჩივრების სამთვიანი ვადის არსებობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება“ ადგენს სააპელაციო საჩივრის სავალდებულო რეკვიზიტებსა და მისი დასაშვებობოს წინაპირობებს, ხსენებული დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული აქტის დასახელებას, ნომერს და თარიღს, მითითებას იმაზე, თუ აქტის რა ნაწილია გასაჩივრებული, აგრეთვე რაში მდგომარეობს აქტის უსწორობა, რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. ხსენებული მუხლის შინაარსი დამატებით ადასტურებს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობის გარეშე გადაწყვეტილების გამოცემიდან გასაჩივრების ვადის ათვლის დაუშვებლობას. ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ (ასეთ მომენტად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს აქტის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება, გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი და სხვ.). გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზუმფციას, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ დაინტერესებულ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან -საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატაში გასაჩივრების წინაპირობებია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თავისი ბუნებით ის შუალედური აქტია, რომლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დასტურდება ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს დაცვაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძვლების არსებობას, არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებში დაცული ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ შეიცავს რაიმე დებულებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისთვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე გამოიცა, კერძოდ, საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 12.08.11წ. №1863/03 ბრძანებით, კომპანია ,, ...“ საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს უარი ეთქვა დაცვაზე, ამასთანავე, ბრძანებაში აღინიშნა, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით საქპატენტის სააპელაციო პალატაში სამი თვის ვადაში. დეპარტამენტის უფროსის ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმცხადებლისათვის არ გაგზავნილა, ბრძანება მხოლოდ განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის (07.11.11წ.) შემდეგ 15.11.11წ. გაეგზავნა პატენტრწმუნებულს. საქპატენტის მიერ ისმო-ს საერთაშორისო ბიუროსთვის ინფორმაციული ხასიათის შეტყობინების გაგზავნა არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს სზაკ-ით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან, განმცხადებლისათვის - პატენტწრმუნებულისათვის განცხადებაზე გამოცემული წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის ვალდებულებისაგან, სადაც სზაკ-ის 52.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად მითითებული იქნებოდა ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის 4.2 და 8.2 მუხლების თანახმად, უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მოქმედი საწარმო საქართველოს ტერიოტრიაზე, საქპატენტთან ურთიერთობას წარმართავს მხოლოდ პატენტრწმუნებულის მეშვეობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპანია ,, ...“ წარმოამდგენელს უარყოფითი პასუხი ჩაბარდა 04.08.11წ.. შესაბამისად, არ დასტურდება კანონით დადგენილი სამთვიანი გასაჩივრების ვადის გაცდენა.
სზაკ-ის 180.1 მუხლი გასაჩივრების ვადის ათვლას უკავშირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით და ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე საწინააღმდეგო, მადრიდის შეთანხმება და მისი ოქმი ასეთ დებულებას არ შეიცავენ. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს არ ქმნიდა ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესების“ მე-4 მუხლი. აღნიშნული აქტები არ იძლევა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მფლობელისათვის, ეროვნულ განმცხადებელთან შედარებით, გასაჩივრების უფრო ნაკლები ვადის განსაზღვრის საფუძველს. აღნიშნულის მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში საერთაშორისო ნიშნის მფლობელს, გადაწყვეტილების მიღებიდან გასაჩივრების ვადის ათვლის გამო, ეროვნულ განმცხადებელთან შედარებით, ფაქტიურად მიეცა საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრულ ვადაზე რამდენიმე კვირით შემცირებული ვადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიმე ობიექტური საფუძველი ასეთი დიფერენცირებული მიდგომისთვის არ არსებობს. ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ მადრიდის შეთანხმების მე-4 მუხლის, ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული 27.06.1989წ. ოქმის (რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 13.05.1998წ. №1380-IIს დადგენილებით) მე-4.1 და 5.3 მუხლების თანახმად, ნიშანს ენიჭება იგივე დაცვა, როგორიც მას ექნებოდა ნიშნის უშუალოდ ამ მონაწილე მხარის უწყებაში წარდგენისას. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრების განსხვავებული წესი საერთაშორისო ნიშნის მფლობელისთვის განპირობებულია საერთაშორისო აქტებით დადგენილი განსხვავებული წესით. ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ მადრიდის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ნიშნის დაცვაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე პირობებით, რა პირობებიც არის დადგენილი ნაციონალური რეგისტრაციისათვის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს საერთაშორისო ბიუროს ვალდებულებას საერთაშორისო ნიშნის მფლობელის ადმინისტრაციის მიერ უარის თქმის ერთი ეგზემპლარის გადაგზავნის თაობაზე, ამავე პუნქტში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ დაინტერესებულ პირს ეძლევა ისეთივე უფლება გასაჩივრებისთვის, როგორც განცხადების შეტანის ქვეყანაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს განსხვავებულ მიდგომას, უკეთუ არსებული განსხვავება იძლევა განსხვავებული მიდგომის მართლზომიერების დასაბუთების შესაძლებლობას. განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი პირობების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით (ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია), დაუშვებელია არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ (დისკრიმინაციული დიფერენციაცია) და პირიქით. მოცემულ შემთხვევაში უფლების დაცვის შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეჟიმის დამკვიდრება საერთაშორისო ნიშნის მფლობელისთვის განპირობებული უნდა იყოს არსებითი მიზეზებით. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადებთან მიმართებით, უცხოელი განმცხადებლის უთანასწორო, განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ აქვს გონივრული და ობიექტური საფუძველი. ასეთ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უფლებამოსილი პირისთვის აქტის ჩაბარებიდან გასაჩივრების ვადის ათვლა შეუძლებელს გახდის საბოლოო ვადის ამოწურვის თარიღის მითითებას, რადგან საქპატენტისთვის და საერთაშორისო ბიუროსათვის არ არის წინასწარ ცნობილი განმცხადებლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დრო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვადის ამოწურვის თარიღის მითითება არ ნიშნავს სავალდებულო წესით საბოლოო, კონკრეტული დღის მითითების საჭიროებას. გასაჩივრების წესში, მითითება იმაზე, რომ საერთაშორისო ნიშნის მფლობელს აქვს საჩივრის შეტანის შესაძლებლობა აქტის გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში, სავსებით ცხადად განსაზღვრავს საჩივრის შეტანის ვადას, მისი ამოწურვის მომენტს. გარდა ამისა, ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესების“ 4.5 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ამოწურვის თარიღის მითითება, რომელიც 17.2 მუხლის, 18.1 მუხლის ,,e” ქვეპუნქტის შესაბამისად არის სასურველი და არა სავალდებულო, შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე იმ შემთხვევაში, უკეთუ საერთაშორისო ბიუროში ინფორმაციის გაგზავნამდე უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს (პატენტრწმუნებულს), რომლისთვისაც მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან შესაძლებელი იქნებოდა გასაჩივრების სამთვიანი ვადის ამოწურვის კონკრეტული თარიღის მითითება, მით უფრო, რომ 2006 წლის ივნისში მომზადებული ისმო-ს სტანდარტული შეტყობინების (MM/LD/WG/2/6) ფორმულარი (მე-10 გრაფა) ითვალისწინებს წინასწარი უარის შეტყობინების თარიღის მითითებას, რაც თავისთავად შესაძლებელს ხდის ზღვრული ვადის მითითების შესაძლებლობას (მე-9 გრაფა). შეტყობინებაში შედავების წარდგენის საბოლოო თარიღის მითითება შესაძლებელია შედავების წარდგენის თარიღის დაწყების შემთხვევაში, ხოლო უკანასკნელი შესაძლებელია უარის შესახებ განმცხადებლის შეტყობინების შემთხვევაში. შეტყობინებიდან ვადის ათვლის მართებულობა დასტურდება ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესის“ სხვა დებულებებით, რომელთა მიერ დროის გარკვეული პერიოდით განსაზღვრული მოთხოვნების ვადების (მაგ. წესების 11.4 მუხლის ,,B” ქვეპუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო განაცხადის ხარვეზის გამოსწორების ვადის, 12.7 მუხლის ,,a“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბაჟის და მოსაკრებლის თანხის გადახდის, 13.2 მუხლის ,,a“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების მითითების წესის დარღვევის გამოსწორებისათვის წინადადების წარდგენის ვადის, აგრეთვე 20.2 bis მუხლის ,,B” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის შესახებ ჩანაწერის განხორციელების თაობაზე მიმართვის ხარვეზის გამოსწორების, 26-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილების ან გაუქმების ჩანაწერის შეტანის შესახებ განცხადების ხარვეზის გამოსწორების ვადის და წესებით გათვალისწინებული სხვა (28.3 მუხ., 30.3, 34.3 მუხ. ,,d” ქვეპუნქტი) ვადების) ათვლა სახელდობრ შეტყობინების თარიღს უკავშირდება. დაცვის მინიჭებაზე უარის შეტყობინებაში საჩივრის წარდგენის საბოლოო თარიღის მითითება ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესის“ 16.1 მუხლის ,,B” ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლებელია უკეთუ ცნობილია ინფორმაციის წარდგენის მომენტისათვის შედავების წარდგენისა და დასრულების ვადის თარიღები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლების რეალიზაცია, ხსენებული ოქმის ზოგადი წესების მე-17 მუხლის თანახმად, საჭიროებს გარკვეულ გონივრულ ვადას. გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების მიღებიდან მაშინ, როდესაც შეტყობინება ისმო-დან საერთაშორისო ნიშნის მფლობელს შესაძლოა ჩაბარდეს მოგვიანებით, მათ შორის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამთვიანი ვადის შემდეგ, არ პასუხობს გონივრულობის მოთხოვნებს და ქმნის ვითარებას, როდესაც სუბიექტს არ რჩება გასაჩივრების უფლების რეალიზაციის სათანადო ვადა, ან ეძლევა იმდენად მცირე გასაჩივრების პერიოდი, რომ შეუძლებელია ამ უფლების სრულყოფილი განხორციელება (პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ბიუროს მიერ წინასწარი უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება სასაქონლო ნიშნის მფლობელს გასაჩივრების ვადის შემდეგ გადაეგზავნა (მაგ. საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი ,,...“ ,,...”). დადგენილ ვადაში შეტყობინების მიუღებლობის გამო, მაგ. საქპატენტის 13.12.11წ. №01-03/1451 აქტით, საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მფლობელს აპელაციის შეტანის უფლება მიეცა შეტყობინების ჩაბარების დღიდან 3 თვის განმავლობაში). საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი საქმიანობა ისე უნდა წარმართოს, რომ უზრუნველყოს ეროვნული განმცხადებლისათვის და საერთაშორისო ნიშნის მფლობელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრული სამი თვის ვადაში გასაჩივრების უფლებით რეალური სარგებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მხარისათვის გაცნობის პროცესის ორგანიზაციის, აპარატის საქმიანობის ორგანიზაციის საკითხი მმართველობის სფეროს განეკუთვნება და სცილდება დავის საგანს და სასამართლო საქმიანობის სფეროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტი - საქპატენტის სააპელაციო პალატის 25.10.11წ. №90-03/11 გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, გამოიცა სზაკ-ის 182-ე მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია საჩივრის ავტორისათვის აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიღების შემდეგ (სზაკ-ის 182.2 მუხ.). აღნიშნული დებულებისგან განსხვავებულ რეგულაციას არც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონი და არც საქპატენტის თავმჯდომარის 18.03.11წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება“ არ შეიცავს, უფრო მეტიც, დებულების 1.3 მუხლში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატა თავის საქმიანობაში სზაკ-ით ხელმძღვანელობს. ხსენებულის მიუხედავად სადავო აქტი სზაკ-ის 182.2 მუხლის მოთხოვნის დაუცველად გამოიცა. სადავო აქტი გამოცემულია აგრეთვე ,,საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ მე-5 მუხლის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 03.07.10წ. დადგენილებით დამტკიცებული საფასურის გადახდის დაბრუნებას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში (საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივარს თანდართული ჰქონდა საჩივრის განხილვისათვის საჭირო საფასურის გადახდის წერილის ასლი).
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში გაიმეორა საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია და საერთოდ არ უპასუხა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას. სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების მოტივაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ფორმალური ექსპერტიზის ჩატარების მომწესრიგებელი ნორმების დებულებების აღწერას და ნიშნების მსგავსების გამო რეგისტრაციაზე უარის თქმის დასაბუთებას მაშინ, როდესაც საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე სასაქონლო ნიშანზე საქართველოში დაცვის მინიჭებისათვის საჭიროა მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზის ჩატარება. ამასთანავე დავა ეხება მხოლოდ და მხოლოდ საჩივრის დაუშვებლად ცნობის, გასაჩივრების პროცედურის დაცვის მართლზომიერებას და არა სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის კანონიერებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი. განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახეზეა სსკ-ის 393.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს არა მხოლოდ ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 25.10.11წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ აგრეთვე მოპასუხისათვის კომპანია ,, ...“ საჩივრის განსახილველად მიღების დავალებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის 18.03.11 წ. №02 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ მე-8 მუხლით გასაჩივრების 3-თვიანი ვადის გარდა დადგენილია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობებიც, როგორებიცაა: სააპელაციო საჩივრის შეტანა უფლებამოსილი პირის მიერ (8.6 მუხ.), საჩივრის შეტანა სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმით (8.2 მუხ.), საჩივრის შეტანა განხილვისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან (8.8 მუხ.), გასაჩივრებული აქტის ასლთან (8.4 მუხ.) ერთად, ასევე საჩივრისა და თანდართული მასალების ასლების მონაწილე მხარეთა რაოდენობის შესაბამისად წარდგენა (8.5 მუხ.). ამასთანავე, მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის შინაარსის განმსაზღვრელი ელემენტები. უკეთუ საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მე-2 - მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააპელაციო პალატა მას არ იღებს არსებითად გასახილველად და ადგენს ხარვეზს (8.10 მუხ.). ამდენად, ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვეულად მიჩნევის გამო, საჩივრის დასაშვებობის სხვა პირობები ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ შეუმოწმებია, საჩივრის დასაშვებობის სხვა პირობებზე მსჯელობა სცილდება სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქპატენტის სააპელაციო პალატას უნდა დაევალოს ხელახლა იმსჯელოს კომპანია ,, ...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით.
სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ მიღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საპატენტო ბიუროს კურიერის ლ.ს-ის მიერ. შესაბამისად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. კომპანია ,,...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.12წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. კომპანია ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 25.10.11წ. №90-03/11 გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატას დაევალოს კომპანია ,,...“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა;
4. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს - ,,საქპატენტს“ ლ. ს-ის (პ.ნ....) სასარგებლოდ დაეკისროს 550 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე,
მ.ვაჩაძე