Facebook Twitter

#ბს-288-280(კს-13) 2 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ნ-ი

წარმომადგენელი - არ ჰყავს

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. გ. ნ-ი (ა. ნ-ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - არ ჰყავს

2.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი: ს. ხ-ა

3.ქ. თბილისის საკრებულო

წარმომადგენელი - ფ. ნ-ე; ნ. ჩ-ე

მესამე პირები - 1. ც. წ-ი

წარმომადგენელი - არ ჰყავს

2. გ. ბ-ი

წარმომადგენელი - არ ჰყავს

3. შპს ,,...“

წარმომადგენელი - ა. მ-შვილი

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 1 აგვისტოს ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ქ. თბილისის საკრებულოსა და ა. ნ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ 1-14; ტ.1/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქმეში მოპასუხედ ჩაება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია /იხ. ს.ფ 113-117; ტ.1/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს ინიციატივით საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ბ-ი /იხ. ს.ფ 180-183; ტ.1/.

2009 წლის 23 აპრილს ნ. ნ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 18 მარტს გაცემული #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის _ ა. ნ-ის 2008 წლის 5 მარტის განცხადების განხილვისა და დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ 275; ტ.1/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ც. წ-ი /იხ. ს.ფ 189-202; ტ.2/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმი ნაწილობრივ - ა. ნ-ის 2008 წლის 5 მარტის განცხადების განხილვისა და დაკმაყოფილების ნაწილში; ასევე, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ა. ნ-ის სახელზე, უძრავი ნივთის - ქ. თბილისში, ... გამზ. №6-ში მდებარე 252 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2008 წლის 18 მარტს გაცემული #293 საკუთრების უფლების მოწმობა /იხ. ს.ფ 227-236; ტ.2/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ქ. თბილისის საკრებულომ და ა. ნ-მა. აპელანტებმა - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ა. ნ-მა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო, ქ. თბილისის საკრებულომ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება /იხ. ს.ფ 265-275; 276-285; 288-302; ტ.2/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ქ. თბილისის საკრებულოსა და ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა 162 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში, ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა 90 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში, ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ 52-65; ტ.3/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ-მა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. ნ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა /იხ. ს.ფ 75-82; 83-91; ტ.3/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრებზე წარმოება მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) _ ა. ნ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე /იხ. ს.ფ; 136-141 ტ.3/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით ა. ნ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე _ გ. ნ-ი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება /იხ. ს.ფ; 185-188 ტ.3/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი 162 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება; ნ. ნ-ისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ი. ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას /იხ. ს.ფ; 206-222 ტ.3/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...” /იხ. ს.ფ; 35-38 ტ.4/

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ნ-ის (ა. ნ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. #6-ში) ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის #13 ოქმის და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის #293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში /იხ. ს.ფ; 77-99 ტ.5/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. /იხ. ს.ფ; 112-120; 176-185 ტ.5/

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 06 დეკემბრის განჩინებით გ. ნ-ისა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. /იხ. ს.ფ; 233-243 ტ.5/

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009ნ წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ა. ნ-ის სახელზე უძრავი ნივთის მდებარე, ქ. თბილისში, ... გამზ. №6-ში) 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 მარტის №13 ოქმისა და თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში; შეწყდა საქმის წარმოება ნ. ნ-ის სარჩელზე ქალაქ თბილისის საკრებულოს, ფიზიკური და კერძიო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეტზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და გ. ნ-ის (ა. ნ-ის უფლებამონაცვლე) მიმართ, ა. ნ-ის სახელზე უძრავი ნივთის (მდებარე, ქ. თბილისში,... გამზ. №6-ში,) 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 21 მარტის №13 ოქმისა და თბილისის საკრებულოს 2008 18 მარტის №293 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. ბ-ისათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა, სწორედ სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის ანაზღაურებული (30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი) და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (200 000 აშშ დოლარი) ოდენობა, საერთო ჯამში - 270 000 აშშ დოლარი, არ წარმოადგენს სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის ანაზღაურებული (30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი) და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (200 000 აშშ დოლარი) ოდენობა, საერთო ჯამში - 270 000 აშშ დოლარს შეადგენს და ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული, სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის - 270 000 აშშ დოლარის შესაბამისია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი აღარ იკვეთებოდა და ნ. ნ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე უნდა შეწყვეტილიყო წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით /იხ. ს.ფ; 78-99 ტ.6/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით, რომ მას არანაირი გარიგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გ. ბ-თან არ დაუდია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ. ნ-მა ნაკვეთის სანაცვლოდ მიიღო გ. ბ-ისაგან თანხა, კერძოდ ანაზღაურებული 70 000 აშშ დოლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 200 000 აშშ დოლარი, რის გამოც ნ. ნ-ის ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ აღარ იკვეთება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი ნება მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ, ან სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ არ ვლინდება საქმეში არსებული გ. ბ-ის ხელწერილის, მასთან დადებული ფულადი ვალდებულების აღიარების შესახებ ხელშეკრულებითა და 2012 წლის 28 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინებით დადგა უსამართლო შედეგი - ნ. ნ-ს სადავო მიწის სანაცვლოდ არ მიუღია ფული, ამის მიუხედავად, მას ჩამოერთვა სადავო მიწის სანაცვლოდ უკანონო განკარგვის სასამართლოში გასაჩივრების უფლება და უარი ეთქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე /იხ. ს.ფ; 123-126 ტ.6/.

მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი მოსაზრება კერძო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 90 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13 ოქმისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერების შეფასება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 9 ივლისს ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.2 პუნქტის თანახმად, გ. ბ-ს ა. ნ-ის ძმისშვილის - ნ. ნ-ის სასარგებლოდ ქ. თბილისში ... №6-ში მდებარე 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 270 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (ან შესაბამისი კომერციული ფართით უზრუნველყოფა) დაევალა.

2008 წლის 3 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ნ. ნ-მა დაადასტურა გ. ბ-ის მიერ მისთვის 30 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, ამავე დღეს ნ. ნ-სა და გ. ბ-ს შორის ნოტარიულად დამოწმებული ფულადი ვალდებულების აღიარების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გ. ბ-მა ნ. ნ-ის მიმართ 240 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა აღიარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ფაქტი და გ. ბ-ს დააკისრა ნ. ნ-ის სასaრგებლოდ დარჩენილი თანხის 200 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, წარმოადგენს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ისათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა, სწორედ სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას, ვინაიდან გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის ასანაზღაურებელი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა ერთობლივად შეადგენს ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული, 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას 270 000 აშშ დოლარს.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 06 დეკემბრის განჩინების მითითებების შესაბამისად ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ბ-ის მიერ ნ. ნ-ისათვის ანაზღაურებული (30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი) და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (200 000 აშშ დოლარი) ოდენობა, საერთო ჯამში - 270 000 აშშ დოლარს შეადგენს და ა. ნ-სა და გ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული, სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის - 270 000 აშშ დოლარის შესაბამისია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით (მატერიალური დასაშვებობა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მატერიალური დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს გამწესრიგებელ სხდომაზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება. საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის დამოუკიდებელი პროცესუალური სტადიის (განმწესრიგებელი სხდომა) დადგენა ემსახურება პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავს საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 90 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13 ოქმისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერების შეფასება. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი:

1. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას;

2. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს;

3. უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას.

ამდენად, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია, გასაჩივრებული აქტით ზიანი ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით.

სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.

ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ “თავისი” უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, თავისთავად, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხის გარკვევისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს უფლებისა და ინტერესის სუბიექტური ფარგლების საკითხი, რაც უკავშირდება მათ შორის ურთიერთმიმართებისა და განსხვავების გამორკვევას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ინტერესი არ არის სუბიექტური უფლების შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების განმაპირობებელი სუბიექტური უფლების წანამძღვარს. ამ თვალსაზრისით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით. ამდენად, ამ საკითხის სწორად გარკვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე და, მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, ნ. ნ-ის სარჩელზე - თბილისში ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 90 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13 ოქმისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში - საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტი იმის თაობაზე, რომ გ. ბ-ის მიერ უკვე ანაზღაურებული და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, სწორედ, 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესიც სადავო აქტების მიმართ აღარ იკვეთება.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის მე-17 და სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების დარღვევის შედეგად არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ნ. ნ-მა ნაკვეთის სანაცვლოდ მიიღო გ. ბ-ისაგან თანხა, კერძოდ: ანაზღაურებული 70 000 აშშ დოლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 200 000 აშშ დოლარი, რადგან ნ. ნ-ს გ. ბ-თან არანაირი გარიგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ დაუდია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში ნ. ნ-ის მიერ არ განხორციელებულა და მას არ წარუდგენია სასამართლოში მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო 90 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ასანაზღაურებელ თანხას არ წარმოადგენს გ. ბ-ის მიერ უკვე ანაზღაურებული და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განხორციელებული იქნა და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე, 243-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე