Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-386-375(კს-13) 9 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ც-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

2013 წლის 14 თებერვალს ზ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

2013 წლის 22 თებერვალს ზ. ც-ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისში, ..., I მ/რ კორპ. ¹16-ში 56.6 კვ.მ. ფართის 4 ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ექვივალენტის მქონე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის – 126 600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა. აპელანტს დაევალა განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 4950 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედნის სახით).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით განიმარტა მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი.

2013 წლის 5 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა ზ. ც-ემ.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით ზ. ც-ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე. საჩივრის ავტორს დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნა - საკასაციო სასამართლოს მიერ რა საპროცესო მოქმედების განხორციელებას ითხოვდა იგი. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის ავტორი სადავოდ ხდიდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინების კანონიერებას, მას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უნდა წარმოედგინა კერძო საჩივარი.

2013 წლის 15 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ც-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ითხოვდა დასაბუთებას, რამდენად კანონიერად განხორციელდა მისი დავის განხილვა, დაცულ იქნა თუ არა შეჯიბრებითობის პრინციპი.

განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარჩელის განსახილველად დაბრუნება შესაბამის ინსტანციის სასამართლოში, ხოლო მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განცხადებელმა მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობით დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვა მიმდინარეობდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო წესების შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შეესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენდა თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულების, უფლების დაცვის საპროცესო ფორმებსა და ამა თუ იმ სასამართლო აქტის გადასინჯვის წესს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 414-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) გასაჩივრების უფლების მქონე მხარის მიერ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ითხოვს საქალაქო სასამართლოს მიერ ზ. ც-ის სარჩელის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმებას, ასევე უთითებს მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოთა მიერ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორ განსაზღვრაზე, ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო აქტების გასაჩივრების შეუძლებლობის არამართებულობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმება სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა სააპელაციო წესით გასაჩივრებას. ზ. ც-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარებოდა კერძო საჩივრით გასაჩივრებას, რის შესახებაც განიმარტა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით. ასევე აღნიშნულზე მითითებას შეიცავდა საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინება.

აღნიშნულის მიუხედავად, ზ. ც-ეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარი არ წარმოდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოება წარმოადგეს ზ. ც-ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს, რამდენადაც არ არსებობს მისი განხილვის პროცესუალური წინაპირობა.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას მის მიერ საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ პუნქტის, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც საქალაქო სასამართლომ დავა განიხილა არსებითად, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მისთვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ც-ის საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე