საქმე¹ბს-412-401(კს-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე)_ სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჯ-ამ 21.01.2010წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ი. ჯ-ასთვის სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა)
დანიშვნის თაობაზე ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09წ. საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.09.09წ. №01/10-19717 გადაწყვეტილების, ასევე მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 09.12.09წ. №402/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ი.ჯ-ასთვის საოჯახო დახმარების აღდგენა (22 ლარი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 25.05.10წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 25.05.10წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09 წ. ოქმი ი. ჯ-ასთვის სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.09.09წ. №01/10-19717 გადაწყვეტილება მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 09.12.09წ. №402/ო ბრძანება მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ი. ჯ-ასთვის 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და ი. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.01.13წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ჯ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა მ. მ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს განემარტა ბათილად ცნობილი ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09წ. ოქმის ბათილობის სამართლებრივ შედეგად განსაზღვრულია მისი ბათილად ცნობის დღე თუ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღე. სააპელაციო სასამართლოს ასევე
მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიურომ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება სადაო აქტების მოქმედების შეწყვეტის და საოჯახო დახმარების აღდგენის თარიღთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.13წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ჯ-ას კანონიერი წარმომადგენლის მ. მ-ის და თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09წ. ოქმი ი. ჯ-ასთვის სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.09.09წ. №01/10-19717 მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 09.12.09წ. №402/ო ბრძანება მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ბათილად ცნობილი ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09წ. ოქმის ძალაში შესვლის დღიდან ი. ჯ-ასთვის 22 ლარიანი საოჯახო დახმარების აღდგენა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.13წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების ამგვარი განმარტება წარმოშობს სააგენტოს დამატებით ვალდებულებებს თანხის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მომენტზე არც სასარჩელო მოთხოვნის დაყენების და არც შემდგომ პერიოდში საუბარი არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ არის ბუნდოვანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეწყვეტის მომენტზე, აღნიშნული ქმნიდა გაურკვევლობას, რის გამოც ი. ჯ-ამ და თბილისის სააღსრულებო ბიურომ მართებულად მოითხოვეს გადაწყვეტილების განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა განცხადებები გადაწყვეტილების განმარტების შესახებ და განემარტა 09.08.12წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ვინაიდან არსებობდა სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საჭიროება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექმნება დამატებითი ვალდებულება. გადაწყვეტილების განმარტებით არ შეცვლილა გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო გულისხმობდა სადავო აქტების ბათილად ცნობას მათი გამოცემის მომენტიდან, ვინაიდან, რაიმე სხვა ვადა სააპელაციო სასამართლოს 09.08.11წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის.
ამდენად, არ არსებობს განმარტების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს 09.08.11წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 20.02.09წ. ოქმის ძალაში შესვლის დღიდან აღუდგა საოჯახო დახმარება, სხვა განმარტების შესაძლებლობა არ არსებობოდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ თანხის გადაანგარიშება უნდა მოახდინოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.12წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე