საქმე №ბს-53-58-კს-03 10 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო საქმის განუხილველად დატოვების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 24 ივნისს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - შპს „...“, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოსა და ი. ნ-იას მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი, ფეხსაცმელების სარეალიზაციო ჯიხურის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ფოთში, ... ტერიტორიაზე მდებარე, ა. ნ-ას ფეხსაცმელების სარეალიზაციო ჯიხურს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქ. ფოთში, ... ტერიტორიაზე ა. ნ-ას მიერ წარმოებული მშენებლობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 15 აპრილის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა მ. გ-ას გარდაცვალების გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 15 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აწ გარდაცვლილი მ. გ-ას მეუღლემ - ზ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 მაისის განჩინებით ზ. გ-ას კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 24 ივლისის განჩინებით ზ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 15 აპრილის განჩინება მ. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამავე სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის განჩინება; საქმის წარმოება შეჩერდა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2003 წლის 2 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. გ-ამ, რომელმაც წარმოადგინა მ. გ-ას გარდაცვალების, ასევე მათი ქორწინების მოწმობა და მოითხოვა საქმეში მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაბმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ზ. გ-ას შუამდგომლობა მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლეს ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ რ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ. გ-ა გარდაცვლილია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა" პუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აწ გარდაცვლილი მ. გ-ას მეუღლის - ზ. გ-ას შუამდგომლობა საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე და 1500-ე მუხლების შესაბამისად, მ. გ-ას სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის წარმოუდგენლობის გამო, მხოლოდ მ. გ-ას გარდაცვალებისა და ქორწინების მოწმობების საფუძველზე, არ არსებობდა იმ ეტაპისათვის მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში მისი მეუღლის ჩაბმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიერ მ. გ-ას სავარაუდო მემკვიდრეებს არაერთხელ გაეგზავნათ მიმართვები მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, თუმცა მხარეებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ. ამასთან, მხარეებს არა ერთხელ განემარტათ უფლებამონაცვლის დაუდგენლობის თანამდევი სამართლებრივი შედეგები. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებული შეტყობინებების თანახმად, ასევე გარდაცვლილია მ. გ-ას მეუღლე – ზ. გ-ა და მათი შვილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხარის გარდაცვალებისას საქმის წარმოების შეჩერებას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონის 66-ე მუხლის თანახმად, 281-ე მუხლის „ა“ პუნქტში შევიდა ცვლილება და მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების ვადად განისაზღვრა გონივრული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ამავე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა მოსარჩელის - აწ გარდაცვლილი მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენა, მოცემული საქმე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოსარჩელის - აწ გარდაცვლილი მ. გ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო საქმე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე