№ბ-1040-6(ა-13) 9 სექტემბერი, 2013 წელი
ცინცქილაძე ბ-1040-6(ა-13) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 იანვრის განჩინებით მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №25-ში მდებარე ბინა 57-ის გაუმჯობესებისათვის 20000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორს უარი ეთქვა მოპასუხე მ. ც-ის სახელზე ... ქ. №86-ში რიცხული სახლის ჩამორთმევის ნაწილში და მას დაეკისრა კომპენსაცია - 30000 ლარი უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით გაუმჯობესებისათვის; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე მ. მ-ის სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში, ... ქ. №25, ბინა 57-ის ჩამორთმევის ნაწილში და მას დაეკისრა კომპენსაცია - 20000 ლარი ბინის უკანონო და დაუსაბუთებელი თანხებით გაუმჯობესებისათვის; აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა; მ. ც-ეს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა კუთვნილი ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ ღირებული 25000 ლარად; მ. მ-ის სახელზე რიცხული, ... ქ. №5/7, ბინა 3-4, ღირებული 105000 ლარად; დასასვენებელი სახლი ... რაიონის კურორტ ბეშუმში, ღირებული 10000 ლარად.
2013 წლის 20 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელმა - ვ. ხ-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის განცხადება განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებლის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული განცხადება საკასაციო სასამართლოს განსჯადია, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ შეიცვალა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების განსჯადობის საკითხზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ შეიცვალა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რამდენადაც აღნიშნული ცვლილება შეეხო გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მ. მ-ეს დაეკისრა 20000 ლარის გადახდა ქ. ბათუმში, ... ქ. №25-ში მდებარე ბინა 57-ზე უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით განხორციელებული გაუმჯობესებისათვის. საკასაციო სასამართლოს განჩინებით აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას განმცხადებელი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ პროკურორის მოადგილის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით შეწყდა მ. ც-ის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება ეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი, ხოლო ამ ნაწილში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია არა საკასაციო სასამართლოს, არამედ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების მოთხოვნის საგანი ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა გადასინჯვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის მოთხოვნა მ. ც-ისა და მ. მ-ისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს არა საკასაციო სასამართლო, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 25 ნოემბრის კანონით განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2007 წლის 4 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილების თანახმად, თანამდებობის პირისათვის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე დავა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის განცხადება განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით დადგენილი წესით განსახილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლის - ვ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე