Facebook Twitter

საქმე¹ბ-751-3(გან-13) 9 სექტემბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა შპს „…“ დირექტორის ზ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 9 მარტს შპს „...“ დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მესამე ნაწილის ბათილად ცნობას, აგრეთვე ქ. ბათუმის მთავრობის დავალდებულებას, შეასრულოს ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹#437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება.

2006 წლის 20 მარტს ქ. ბათუმის მერიამ შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის დადგენილებისა და შპს “..." წესდების იმ პუნქტების გაუქმება, რომლითაც შპს “..." გამოცხადდა შპს ,,მ...” სამართალმემკვიდრედ.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მესამე ნაწილი, შესაბამისად ბათუმის მერიას დაევალა 1994 წლის 23 აგვისტოს ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „...“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნტი და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილი; ქ. ბათუმის მერიის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა წარმოება მისი დაუშვებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით 1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის #46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. შპს “..." სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის #46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილი და ქ. ბათუმის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სპს „...“ დირქტორმა ზ. კ-მა 2013 წლის 12 ივნისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ქ. ბათუმის მერიამ გაიგო თავისებურად და 2012 წლის 10 აპრილს გამოსცა #97 ბრძანება „ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს #437 გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით ქ. ბათუმის მერიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“, რომელიც შპს „...“ გაასაჩივრა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სადაც ქ. ბათუმის მერიამ აღიარა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 10 აპრილის #97 ბრძანების გამოცემის შემდეგაც ქ. ბათუმის მერიის კაბინეთის 1994 წლის 23 აგვისტოს #437 გადაწყვეტილება ძალაშია. აღნიშნული ორაზროვანი პასუხებში გარკვევის მიზნით შპს „...“ დირექტორმა ზ. კ-მა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის #ბს-914-888(კ-10) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „...“ დირექტორის ზ. კ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...“ დირექტორს ზ. კ-ს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით და შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განმარტოს უკვე აღსრულებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 17 თებერვლის #46 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იყო აღიარებული ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 23 აგვისტოს #437 გადაწყვეტილება. განმცხადებლის მომართვა იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ საკასაციო პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული 2012 წლის 10 აპრილის #97 ბრძანებით დამდგარი შედეგი ორაზროვანია და საჭიროებს განმარტებას, საკასაციო პალატის აზრით სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და არ არსებობს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების გზით მისი გარკვევის შესაძლებლობა. მითუფრო იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მოითხოვს მხარე უკვე აღსრულებულია და მის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიას 2012 წლის 10 აპრილს გამოცემული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...“ დირექტორის ზ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე