Nბს-425-414(გ-13) 09 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ რ. ბ-ე
მოპასუხეები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი - გ. პ-ი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 16 მაისს რ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მესამე პირის - გ. პ-ის მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რ. ბ-ეს უკანონოდ შეძენისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შემდეგი ქონება: 1. საცხოვრებელი ბინა მდებარე: ბათუმი, ... ქ. №37, ბ. 8; 2. საცხოვრებელი სახლი - ბათუმი, ... ქუჩაზე; 3. მიწის ნაკვეთი ქობულეთის რ-ნის, სოფ. ...; 4. ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ სახ. №...; 5. ავტომანქანა გაზ. 31-10 სახ. №.... ქონების ჩამორთმევის საფუძველი გახდა რ. ბ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სარჩელი წარადგინა აჭარის ა/რ პროკურორმა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნულ წარმოებაში რ. ბ-ე ან მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობდნენ. გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრების მიუხედავად არ შეცვლილა.
აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 13 აპრილის დადგენილებით რ. ბ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მოსარჩელემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის №285 განკარგულების, ასევე საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2007 წლის 14 ივნისის №1-1/906 ბრძანების და 2007 წლის 16 ივლისის №1-1/1072 ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით რ. ბ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის სასამართლოში წარდგენისას დაცული უნდა ყოფილიყო როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული და დარგობრივი განსჯადობის წესები და შესაბამისად, სარჩელი უნდა წარდგენოდა იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ადმინისტრაციული საქმე. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლების გათვალისწინებით, რ. ბ-ის სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელი უნდა გადაგზავნოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 ივნისის განჩინების საფუძველზე წარდგენილი სასარჩელო განცხადებით რ. ბ-ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის №285 განკარგულება;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №1-1/906 ბრძანება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №1-1/1072 ბრძანება;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გ. პ-ზე გაცემული №352-პ საკუთრების მოწმობა;
5. აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.
ბათუმის საქალაქო სამამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეებმა - საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მესამე პირმა - გ. პ-მა წარდგენილი შესაგებლებით დააყენეს სარჩელის განსჯადობის საკითხი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2013 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე რ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირი - გ. პ-ი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ანუ, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სასამართლომ ამავე კოდექსს მე-18 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რ. ბ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება. ასეთ შემთხვევაში კი განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებების - მათ მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნის არსიდან გამომდინარე ირკვევა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომლის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია - ქ.თბილისი, აბდუშელიშვილის ქუჩა №1 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) მიერ, რომლის ადგილსამყოფელია - ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №12. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებულ ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის №285 განკარგულების; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №1-1/906 ბრძანების; ,,გ. პ-ისათვის (...) ქ.ბათუმში, ... ქ. №37-ში მდებარე ბინა №8-ზე და მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ფართობზე საკუთრების დადასტურების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის №1-1/1072 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გ. პ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №352-პ მოწმობის ბათილად ცნობა. ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე