საქმე ბს-120-113(კ-13) 29 ოქტომბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ 2012 წლის 6 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის N000389 დადგენილება და ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის N1701 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ინდ. ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ. ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
კასატორმა - ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 29 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დაეთანხმნენ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ შუამდგომლობის განხილვის შედეგად თვლის, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 29 ოქტომბერს მიმდინარე სხდომაზე ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობაზე, რომელსაც მოპასუხეები ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დაეთანხმნენ. ამდენად, არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…“ სარჩელი მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. გ. კ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 12 თებერვალს ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – სულ 300 ლარი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე