ბს-1720-1676(კ-10) 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) – ო. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ. მ-ე
მოპასუხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 24 აპრილს ბ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... 1990 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა 0,0685 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილებით მას დამატებით გამოეყო 0,08 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც მას ერიცხება 0,1485 ჰა მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 თებერვლის ამონაწერით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში რიცხული 0,08 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკუთრებაში გადასცა ო. გ-ეს და 2007 წლის 28 დეკემბერს გასცა №3917 საკუთრების უფლების მოწმობა, რის შედეგადაც სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა ო. გ-ის საკუთრებად.
2008 წლის 23 აპრილს ბ. მ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ო. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც პასუხი არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერს გაცემული №3917 საკუთრების უფლების მოწმობისა და ო. გ-ის საკუთრებად 854 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ო. გ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერს ო. გ-ეზე გაიცა №3917 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, ო. გ-ეს, როგორც მიწის თვითნებურად დამკავებელ პირს, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე, 854 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
რაიონულმა სასამართლომ საკომლო წიგნის ჩანაწერის, საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათისა და დათვალიერება-შერჩევის აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. მ-ეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... გამოეყო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ბ. მ-ისათვის გამოყოფილი და ო. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ო. გ-ისათვის მიწის გადაცემის შესახებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... (განთიადი) მდებარე, 854 კვ.მ. მიწის ფართზე ო. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების №3917 მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. №173/4-ში მცხოვრებმა ო. გ-ემ 2007 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებულ 845 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
2007 წლის 28 დეკემბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ო. გ-ის განცხადება და საოქმო გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც გაიცა №3917 საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო 2008 წლის 15 თებერვალს საჯარო რეესტრში მიწა აღირიცხა ო. გ-ის საკუთრებად.
2001 წლის 18 აპრილის მიწის შერჩევის აქტის თანახმად, გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ ბ. მ-ის მრავალშვილიან ოჯახს, საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით, სარეფორმო ფონდში შესული №... ბრიგადის ციტრუსების ნაკვეთიდან გამოეყო 800 კვ.მ. მიწა, რომელსაც წლების მანძილზე ამუშავებდა მისი ოჯახი. აღნიშნული აქტი დამტკიცდა გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით დაინტერესებულ პირს კომისიისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინა ინფორმაცია საკუთრების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად. ამასთან, აღნიშნული კანონი (განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) არ ითვალისწინებდა რაიმე გამონაკლისს ამ თანხის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილი იყო სარგებლობაში ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო და მოწმობა გაეცა მხოლოდ შესაბამისი ოდენობის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში კომისიამ ო. გ-ის განცხადება მიიღო და დააკმაყოფილა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და საფასურის გადახდის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ზემოაღნიშნულ კანონს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქათაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილება ო. გ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების №3917 მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის ხელახლა განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მიწის რეფორმის კომისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ კომისიას განსახილველად გადაეგზავნა ბ. მ-ის განცხადება მიწის გამოყოფის თაობაზე. კომისიამ ბ. მ-ეს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს №.. ბრიგადის ციტრუსების ბაღის ტერიტორიიდან გამოუყო 800 კვ.მ. მიწა. ამავე ფართზე პრეტენზიას აცხადებდა ასევე ქ. ბათუმში მცხოვრები ო. გ-ე, თუმცა კომისიამ უპირატესობა ბ. მ-ეს მიანიჭა, როგორც პირველი კატეგორიის კომლს. ადგილზე გასვლისას შედგა ტერიტორიის დათვალიერება-შერჩევის აქტი და სიტუაციური გეგმა-ნახაზი. კომისიის გადაწყვეტილება დამტკიცდა თემის საკრებულოს სხდომაზე და გადაიგზავნა რაიონის მიწის მართვის სამმართველოში. ამასთანავე, მოწმეთა მიერ დადასტურდა, ბ. მ-ისათვის გამოყოფილი და ო. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწების იდენტურობა. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურდა ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 28 მარტის წერილით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ო. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართი არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთს, იგი განკარგული იყო 2001 წელს გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ და შევსების სახით მიეზომა ბ. მ-ეს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ო. გ-ე ფაქტობრივად ფლობდა სადავო მიწის ფართს, მისი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ხსენებული კანონით განსაზღვრულ პირობებს. აღნიშნული საკითხი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ ო. გ-ე ფაქტობრივად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, უღიარა საკუთრების უფლება, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა დაცული კანონის მითითებული მოთხოვნა და ო. გ-ეს საკუთრების უფლება უღიარა იმ მიწის ფართზე, რაც განკარგული იყო მიწის რეფორმის კომისიის მიერ და არ წარმოადგენდა სახელმწიფო საუთრებას, ანუ კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რამდენადაც შერჩევა-დათვალიერების აქტს არ ახლდა სიტუაციური გეგმა-ნახაზი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა. მოწმეთა ჩვენებებით, მიწის სიტუაციური გეგმა და მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლოა გაიბნა, რაც სასამართლოს უნდა შეეფასებინა, როგორც დოკუმენტების არარსებობა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა-ნახაზი, მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე ბ. მ-ისათვის მიწის გამოყოფის დოკუმენტი. საქმეში არსებული შერჩევა-დათვალიერების აქტით მოხდა არა ბ. მ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, არამედ მიწის ნაკვეთის შერჩევა და დათვალიერება შემდგომი გამოყოფის მიზნით. შესაბამისად, შერჩევის აქტში მითითებული იყო, რომ წინამდებარე აქტი უნდა განხილულიყო გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის სხდომაზე შემდგომ სოფლ … კომლთა კრებაზე დამტკიცების მიზნით წარსადგენად და ძალაში შევიდოდა საერთო კრების მიერ დამტკიცების შემდეგ სათანადოდ შედგენილი მიზომვის აქტისა და სიტუაციური გეგმის წარდგენით. ამდენად, აღნიშნული პირობების დაუცველობის გამო, საკითხის ბ. მ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიუხედავად, მიწის რეალურად გამოყოფა და ბ. მ-ისათვის გადაცემა არ მომხდარა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სადავო მიწის განკარგვა არ მომხდარა დადგენილი წესით და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ო. გ-ისათვის გადაცემის დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა ო. გ-ის სარჩელზე (მოპასუხეების - ბ. მ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება-შერჩევის აქტის სიყალბის აღიარების, მისი ბათილად ცნობის, გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ბ. მ-ისათვის 0,08 ჰა მიწის გამოყოფის ნაწილში, ასევე საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარე დავაზე) სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ აღიარებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, 0,0854 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ო. გ-ის საკუთრების უფლება. 2007 წლის 28 დეკემბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასცა №3917 საკუთრების უფლების მოწმობა, რის საფუძველზეც 2008 წლის 15 თებერვალს მითითებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ო. გ-ის სახელზე.
ბ. მ-ე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ო. გ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილებით გამოყოფილი ჰქონდა მას, როგორ პირველი კატეგორიის კომლს.
საქმეში წარმოდგენილი, ბ. მ-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ დათვალიერება-შერჩევის 2001 წლის 18 აპრილის აქტის თანახმად, ბ. მ-ე 5-სულიან ოჯახთან ერთად 1987 წლიდან ცხოვრობდა სოფელ .... მიწების ზონარგაყრილი წიგნის მიხედვით, ბ. მ-ეს ერიცხებოდა 0,06 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და იგი დამატებით ითხოვდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსებას სოფელ ..., №... ბრიგადაში არსებული, სარეფორმო მიწების ფონდში რიცხული ციტრუსების ფართობის ხარჯზე. ამავე აქტის თანახმად, კომისიამ გაითვალისწინა ბ. მ-ის ოჯახური პირობები და როგორც პირველი კატეგორიის კომლისათვის, მიზანშეწონილად ჩათვალა 0,08 ჰა საკარმიდამო მიწის გამოყოფა. ამასთან, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია მითითებული აქტის გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის სხდომაზე განხილვა, შემდგომ სოფელ ... კომლთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, რის შედეგადაც აქტი შევიდოდა ძალაში.
გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილების თანახმად, 2003 წლის 25 იანვარს სარეფორმო კომისიის სხდომაზე განხილულ და დამტკიცებულ იქნა უმიწო და მცირემიწიან კომლებზე საკარმიდამოდ გამოყოფილი მიწების შერჩევა-დათვალიერების აქტები, რის შედეგადაც გონიოს თემის საკრებულოს გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ბ. მ-ისათვის, როგორც პირველი კატეგორიის მცირემიწიანი კომლისათვის 0,08 ჰა მიწის გამოყოფის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 14 აპრილის საარქივო ცნობის თანახმად, ბ. მ-ეს საკომლო ჩანაწერებით 1990 წლიდან პირად სარგებლობაში ერიცხებოდა 0,0685 ჰა, ხოლო 2003 წლის 28 იანვრის გონიოს თემის საკრებულოს №2 გადაწყვეტილებით მას დამატებით გადაეცა 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ო. გ-ისათვის გადაცემული სადავო მიწის ნაკვეთი, ჯერ კიდევ 2001 წელს გამოყოფილი ჰქონდა ბ. მ-ეს, რის გამოც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მიწა სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენდა და კომისია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი განეკარგა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლოში მოცემული საქმის წარმოება შეჩერებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე სხვა დავის გადაწყვეტამდე, კერძოდ, ბ. მ-ისათვის სადავო მიწის გამოყოფის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საქმის წარმოების განახლების მიზნით, კასატორმა - ო. გ-ემ წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებულ იქნა გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება-შერჩევის აქტის სიყალბე, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი მითითებული აქტი ბ. მ-ისათვის სოფელ ..., ... ბრიგადაში მდებარე ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, ასევე ბათილად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილება ნაწილობრივ, ბ. მ-ისათვის მიწის გამოყოფის ნაწილში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, პრეიუდიციული ძალა გააჩნია ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება-შერჩევის აქტის სიყალბის ფაქტი, რის შესაბამისადაც სასამართლომ ბათილად ცნო ბ. მ-ისათვის მიწის გამოყოფის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ო. გ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტს სწორედ მითითებული აქტებისა და ბ. მ-ძისათვის მიწის გამოყოფის უკანონობა წარმოადგენს, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ბათილადაა ცნობილი აღნიშნული აქტები, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება მათი კანონიერების შეფასება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა განხილვას და სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რამდენადაც სასამართლოს დასკვნა ემყარებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ბ. მ-ეს ეკუთვნოდა და იგი სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით კი ბათილადაა ცნობილი ბ. მ-ისათვის მიწის გამოყოფის შესახებ აქტები, რომლებსაც ემყარებოდა სასამართლოს დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხული მიწის რეფორმის კომისიის წევრების - ზ. კ-ისა და ვ. ზ-ის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ო. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა. ამასთან, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებდა ორივე მხარე, თუმცა უპირატესობა მიენიჭა ბ. მ-ეს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს. გარდა ამისა, მოსარჩელე ბ. მ-ის მითითებით, მან მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ო. გ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მართალია, დღეისათვის ბ. მ-ისათვის მიწის გამოყოფის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილადაა ცნობილი, რის გამოც სახეზე არ არის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ანუ მიწის კერძო საკუთრებაში არსებობის ფაქტი უარყოფილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში პრეტენზიას ორივე მხარე აცხადებდა, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ვინ მფლობელობაში და სარგებლობაში იყო სადავო მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამარლომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ მიწა ო. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ მიუთითებია რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იგი ამგვარ დასკვნამდე. აღნიშნული ფაქტის დასადგენად რაიონულ სასამართლოში დაკითხულ იქნენ ორივე მხარის მიერ დასახელებული მოწმეები, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს.
სადავო მიწაზე ო. გ-ის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, განმსაზღვრელია ფლობის ფაქტი, რაც სადავოა მხარეთა შორის და სასამართლომ რაიმე მტკიცებულებაზე მითითების გარეშე მიიჩნია დადასტურებულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე, ხოლო მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობასა თუ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ო. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 150 ლარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის დარჩენი ოდენობის - 150 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლო ხარჯების განაწილებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე